„არ შევლენ და ნუ შევლენ პარლამენტში, მაგრამ მათი ბატონები რომ ეტყვიან, პარლამენტში შედითო, ცხადია, შევლენ“

„არ შევლენ და ნუ შევლენ პარლამენტში, მაგრამ მათი ბატონები რომ ეტყვიან, პარლამენტში შედითო, ცხადია, შევლენ“

შთამბეჭდავი გამარჯვება, ევროპული ტიპის სამაგალითო არჩევნები, - ასე შეფასდა 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში, სადაც მმართველი გუნდის წარმატება დაფიქსირდა.

ამ არჩევნებზე გამოვლინდა ქართული ხასიათის თავისებურებაც - ყველა მხარე თავს გამარჯვებულად აცხადებს, ოპოზიცია კი ბოიკოტისთვის ემზადება.

რა შემატა ოპოზიციამ საქართველოს? არაფერი, გარდა ქუჩაში მოწყობილი არეულობისა. ამის მიუხედავად, კვლავაც ქუჩა-ქუჩა დაეხეტებიან და ქუჩის პროცესებით საქართველოს მოსახლეობაც გადაღალეს და საკუთარი თავიც. პატიმრობაში მყოფი მათი ლიდერი - სააკაშვილი კი მათ დაუყოვნებლივ ქუჩაში ერეკება და პარლამენტში შესვლას უკრძალავს.

ეგზისტენციალურ არჩევნებში ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი მწამებელთა პარტიას და ხმათა 54,234%-ით გამარჯვება ქართულ ოცნებას მიაკუთვნა, რომელმაც უკვე მეოთხედ აიღო სახელისუფლებო მანდატი. საქართველოს პრემიერს გამარჯვება მიულოცეს აზერბაიჯანის, სომხეთის, უნგრეთის ლიდერებმა.

უხედავად იმისა, რომ ვერც ერთმა სადამკვირვებლო მისიამ ამ არჩევნებში სერიოზული დარღვევები ვერ შენიშნა, ოპოზიციას ეცოტავება ის, რომ კოალიციამ ცვლილებებისთვის (გვარამია, ხოშტარია, მელია, გირჩი ჯაფარიძე) ხმათა 10, 822% აიღო, ნაცმოძრაობამ - 10,105%, ძლიერმა საქართველო-ლელომ- 8,758%, გახარია საქართველოსთვის- 7, 753%.

რაც შეეხება გირჩს, მან ხმათა 3, 004% აიღო, პატრიოტთა ალიანსნა- 2, 45%, ლეიბორისტებმა- 0, 728%.

ოპოზიცია არჩევნების შედეგების არაღიარების რეჟიმშია. მათ სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს ხალხი ბრბოა და ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ანუ ოპოზიცია საკუთარი პირით აღიარებს, რომ ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა ოცნებას. მთლიანობაში, არჩევნებში 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და 3100 უბანზე აქტივობამ 58, 94% შეადგინა.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებს პრეზიდენტი ზურაბიშვილიც და საზოგადოება პროტესტისთვის 28 ოქტომბერს მიიპატიჟა. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, ეს იგივეა, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, - გაგვაფრთხილა პრეზიდენტმა.

ცნობილია, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ აპირებს შესვლას, მაგრამ მმართველ გუნდს ეს არ ადარდებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის შესვლას პარლამენტში არანაირი ფასი არ აქვს და საინტერესო არ არის მათი საპარლამენტო მუშაობა.

კოალიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ხელისუფლებას მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება, - ამბობს ნიკა გვარამია.

თინა ბოკუჩავა კი აანონსებს, რომ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დაიწყებს მოლაპარაკებას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ.

ამდენ არჩევნებში მარცხის მიუხედავად, ნაცები არ აპირებენ ქართული პოლიტიკისთვის თავის დანებებას.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნაცებს სინდის-ნამუსი რომ გააჩნდეთ, ისინი რომ ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს ემსახურებოდნენ, პოლიტიკური არენიდან დღეს კი არა, ადრეც უნდა გამქრალიყვნენ, მას შემდეგ, რაც 2012 წელს მათ გამოუქვეყნეს და დაუმტკიცეს 27 ათას 400 ფაილი, სადაც ადამიანთა წამებები და უბედურებებია ჩაწერილი. მაგრამ ესენი ამას არც ერთ შემთხვევაში არ გააკეთებენ. ესენი ახლა ელოდებიან, გარედან მათი მმართველი მამები და ბიძიები რას ეტყვიან. ლოგიკურად, ისედაც ვერ გაჩერდებიან, რომ არ გავიდნენ ქუჩაში, რადგან ძალიან ბევრი ფული აქვთ უცხოელებისგან აღებული.

გახსოვთ, როგორი კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს, მუსიკას ის ისმენს, ვინც უკვეთავს. მაგათ ეს ფულები, როგორც ერთ ქართულ ფილმშია ნათქვამი, შეხვილიფილებული აქვთ, აქედან გამომდინარე, მათი პატრონები, რომლებმაც ეს ფული დაახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოში სიტუაცია რადიკალურად შეეცვალათ და ქვეყანა ომში ჩაერთოთ, მათ პასუხს მოსთხოვენ. იმიტომ არიან ახლა სახეზე გაშავებულები. არჩევნების ღამეს ვუყურებდი, ფორმულას არც ერთი ჟურნალისტი ადამიანს არ ჰგავდა. იქვე მიშა მშვილდაძე დაკოდილი მოზვერივით ეგდო, საერთოდ ვერ ინძრეოდა. საქმე იმაშია, რომ ახლა უკვე აშკარად ითქვა ეუთო/ოდირის მიერ, რომ არჩევნები იყო ხარვეზებით, მაგრამ ძირითადად ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, მომავალში გააუმჯობესოს პირობები. ამით ყველაფერია ნათქვამი. ახლა დასავლეთიდან დაქირავებულ ორგანიზაციებს რამდენ ფულს ჩაურიცხავს მიშას დედა, რომელსაც ნაძარცვი ქონება აქვს, რამდენ ფულს ჩაურიცხავს ქართული ჯარის ნაძარცვიდან კეზერაშვილი, რას იბჟუტურებენ კვესიტაძე და ვიღაცები, ეს მეასეხარისხოვანია, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

მისივე განმარტებით, ოპოზიციონრები არ შევლენ და ნუ შევლენ პარლამენტში, მაგრამ მათი ბატონები რომ ეტყვიან, პარლამენტში შედითო, ცხადია, შევლენ.

ახლა დაიწყებენ წკმუტუნს, ესენი მაგონებენ მარტის თვეში აბზუნებულ ტურებს, რომლებიც ერთმანეთზე წაკიდებულნი არიან და გზიდან გზაზე გადახტებიან. ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დარბოდნენ ბოკერიას მეთაურობით ბოქლომებითა და ჯაჭვებით 2020 წელს. ახლაც ირბინონ და კარგ კურდღელს დაიჭერენ, - მიიჩნევს ედიშერ გვენეტაძე.

მისივე თქმით, ქუჩაშიც შეუძლიათ ირბინონ, მაგრამ რესურსიც არ გააჩნიათ. ვინ მისცემს მათ ამიერიდან ფულს?! მით უმეტეს, ოცნებამ მათთვის ჩაკეტა ფულის შემოსვლის გზები, ბუიაშვილიც გაჩხრიკა და დალუქა, რომლიც უკანონო ფულის შემოდინებას ახორციელებდ საქართველოში გადატრიალების მოსახდენად. ედიშრ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ერთი უდიდესი დანაკლისი აქვს ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციას, რის გამოც ისინი ვერ გავლენ ქუჩაში - სად ჰყავთ თაკო ჩარკვიანი და საიდან იშოვიან ლეიბებს, რომ გაშალონ რუსთაველზე?!

სულ ვლაპარაკობდი, რომ ქართული ოცნება 60%-ს აიღებდა ამ არჩევნებზე, ახლახანს შედეგებს რომ დავაკვირდი, 55%-მდე აიღებენ-თქო, ეს იყო ლოგიკური შედეგი. წარმოიდგინეთ, ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც პარტიულ სიაში ჰყავს ოდიოზური ფიგურები, როგორიცაა, მაგალითად, ჭიჭიკო ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი, გია ბარამიძე, გუბაზ სანიკიძე, ასეთ პირობებში როგორ გაიმარჯვებდა.

რაც შეეხება კოალიცია ცვლილებებისთვის 10%-ს, ედიშერ გვენეტაძე არ მალავს, რომ ძალიან ეწყინა, რადგან არ შეიძლება იმ პარტიას მისცე ხმა, რომელ პარტიაშიც არის ნიკა გვარამია, რომელმაც ქართველი კაცის ღმერთთან გაიგივებულ სითხეზე თქვა, ჩავაფსამო. ამავე დროს, ეს კაცი არის საქართველოს ეკლესიის მტერი. ამავე პარტიაშია გირჩი ზურაბა, რომელმაც გარყვნილი ქმედება ამაღლებულად გამოაცხადა.

ანალიტიკოსის თქმით, ეს ადამიანები ქართულ ოცნებას რუსულს ეძახიან და ვერ ასახელებენ, რომელი რუსული საქმე გააკეთა ოცნებამ. ამ დროს პარტიის ლიდერად ჰყავთ ელენე ხოშტარია, რომელიც დღემდე კრემლიდან იღებს რუბლებს.

რაც შეეხება ლელოს, ედიშერ გვენეტაძეს ახსენდება, რას ამბობს რუსთაველი ვაჭრების შესახებ - თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ, მისი თქმით, ხაზარაძე ესაა მევახშე კაცი, რომელიც ბინებიდან ხალხს ასახლებდა. ამიტომ ხაზარაძემ მადლობა უნდა თქვას, რა ხმებიც აიღო, ეს დაუჯდებოდა ძალიან დიდი თანხა. ხაზარაძე წუწურაქი კაცია, წალენჯიხაში სექტემბრის ბოლოს ჩაიტანა საცურაო აუზი, რომელიც ასაწყობია, ალბათ, ახლა აშლილი აქვს და წამოიღო უკან ეს აუზი. წალენჯიხაში წააგო ოპოზიციამ.

გახარიას შესახებ კი ანალიტიკოსი ამბობს, რომ გახარია არ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი, ის არის სახელმწიფოს მოღალატე და კიდევ კარგად მიიღო მან ის პროცენტები, რომელიც მიიღო. გახარია იმ დროს გადადგა და საქართველოს სახელმწიფო რყევების წინაშე დააყენა, როდესაც ეს იყო ქვეყნის ღალატი.

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში მე დავინახე, რომ ივანიშვილი შეძრწუნებულია გახარიას გაუგონარი ღალატით. არასდროს არ მახსოვს, ბიძინა ივანიშვილს ვინმესთვის გარეწარი ეწოდებინოს და გარეწარი უწოდა გახარიას. ამიტომ ყველაფერი ისე დალაგდა ამ არჩევნებზე, როგორც უნდა დალაგებულიყო, უბრალოდ, არ მინდოდა, საქართველოში მესაჯდომეთა მომხრე ყოფილიყო 200 000 ადამიანი. ეს კატასტროფაა საქართველოსთვის, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვის გაუგებარია, რას ითხოვს ჩვენი ოპოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა, დაისაჯოს გამყალბებელი და მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა? კი ბატონო, მაგრამ ჯერ უნდა დაიდოს არგუმენტები, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა, ასეთ არგუმენტებს კი ოპოზიცია არ დებს.

ის ფაქტი, რომ ნაცებმა და განახლებულმა ნაცებმა (გვარამიამ და მისმა ამფსონებმა), ასევე, მევახშემაც და თვალთხარიამაც გადალახეს ბარიერი, რამაზ საყვარელიძეს არ უკვირს.

მოახერხებდნენ ბარიერის გადალახვას, რადგან ოცნებას ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და სავსებით ობიექტური უკმაყოფილება არსებობს მის მიმართ. აგერ, ჩემს უბანში შემხვდა გადასარევი პიროვნება, ჩემი მეზობელი და აქტიურად შემომიტია, ვკითხულობ თქვენს ანალიტიკურ სტატიებს და ქართულ ოცნებას როგორ უჭერთ მხარს, ყველაფერი მოსპეს, გაანადგურესო. დავიწყე განმარტება, რომ იქ ჩინეთი ჩანს და აქ ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი, მაგრამ ეს სიღრმეები არ აინტერესებთ, უბრალოდ, ხელისუფლებას პასუხს სთხოვენ იმის გამო, რომ რაც სააშკარაოზეა, ის არის ამ ადამიანებისთვის მოუგვარებელი და ამიტომ გაბრაზებულნი არიან ხელისუფლებაზე. ამ ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, ქართული ოცნება დიდი უპირატესობით ლიდერობს, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას.

 

 

ლევკოთეა მე მაინც არ ვცვლი ,,პირველ ჩვენებას", რომ გახარია ბიძინას პროექტია.
1 თვის უკან