საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ობიექტებზე დასრულებული ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების მონახულებას განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანია დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე იმყოფებოდა.
ადლიის ბაზაზე 2013 წლის გეგმით გათვალისწინებული ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს. ყაზარმაში მთლიანად შეიცვალა ელექტროგაყვანილობის სისტემა, დამონტაჟდა ვენტილაცია და ახლით შეიცვალა გათბობის სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გაკეთდა კაფელ-მეტლახი, შეიცვალა მილგაყვანილობა, ჩატარდა სამღებრო და შესაბამისი თანმხლები სარემონტო სამუშაოები; სასწავლო კლასები ახალი ინვენტარით აღიჭურვა; მოწესრიგდა ბაზის ტერიტორიის გარე განათება და შემოიღობა სამხედრო ნაწილის მთლიანი პერიმეტრი. მიმდინარეობს სამხედრო ნაწილის გაზიფიცირების სამუშაოებიც.
“ადლიის ბაზაზე ხედავთ, რომ პრაქტიკულად მთლიანად ახლიდან გარემონტდა და გაკეთდა ყაზარმა. დასრულების სტადიაშია საქვაბე, რომელიც მთლიანად მოემსახურება ამ ბაზას. განახლდა ასევე ის შენობა, რომელიც დღეს ინგლისური ენის კლასებს მასპინძლობს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ოფიცრებმა და სამხედროებმა დაიწყეს ინგლისურის სწავლა. ეს აუცილებელი ენაა ნატოსთან თავსებადობის კუთხითაც. მთავარია თავსებადობაა იმ კუთხით, რომ ჩვენი ჯარისკაცები იმყოფებიან უკეთეს პირობებში. ეს არის ძირითადი, რაც ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს და გავაგრძელებთ წელს. ყველა ბაზაზე შევქმნით მაქსიმალურად ისეთ პირობებს, რომელიც შეძლებს ჩვენს ჯარისკაცებს მისცეს თავისი ფუნქციის - ქვეყნის დაცვის განხორციელების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ღირსეულ პირობებში ბევრად უფრო ეფექტური იქნება ქართველი ჯარისკაცი” - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
2013 წელს თავდაცვის სამინისტრომ 100-ზე მეტი მასშტაბური და მცირე სამშენებლო პროექტი განახორციელა. სამუშაოების ძირითად ტიპოლოგიას ყაზარმების, შტაბის, სასადილოების, ლაზარეთის, საცხოვრებელი და სამსახურეობრივი კორპუსების და საკონტროლო-გამშვები პუნქტების სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც ქართველი სამხედროების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და მათი ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ემსახურება.