სავაჭრო ქსელებსა და დისტრიბუტორებს შორის მორიგი დაპირისპირების ნიშნებია. საქმე ამჯერად თანხების დაგვიანებასა და ანგარიშსწორების საკითხებს ეხება. დისტრიბუტორების განცხადებით, ქსელური მარკეტები მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურებას აგვიანებენ. მაღაზიები მომარაგებას იღებენ და საფასურის გადახდას განგებ აყოვნებენ, რაც მიმწოდებელს აზარალებს.
დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტ ლაშა რიჟამაძეს მიაჩნია, რომ რითეილ სექტორსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს, იმისთვის, რომ მსგავსი გამოწვევები სადისტრიბუციო ბიზნესს აღარ ჰქონდეს.
„როდესაც სავაჭრო ქსელის მხრიდან თანხის ჩარიცხვა გვიანდება, ეს იწვევს საბრუნავი საშუალებების დეფიციტს ყველა კომპანიისთვის, ადგილობრივი მწარმოებელი იქნება თუ სადისტრიბუციო კომპანია. შესაბამისად, კომპანია იძულებული ხდება შემდგომ რომ ისარგებლოს საბანკო პროდუქტით. ეს კი რეალურად აძვირებს პროდუქტის ღირებულებას, რაც საბოლოოდ მომხმარებელს დახლზე ხვდება. თუ ეს ურთიერთობა იქნება კანონით გაწერილი და დაწესდება კონკრეტული სანქციები შემსყიდველებისათვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა მიმწოდებელი კომპანიის მდგომარეობას და მათ შორის იმ ფასს, რომელიც აღმოჩნდება თაროზე“, - განაცხადა რიჟამაძემ.
მისივე თქმით, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ძირითად პრობლემას ქსელური მარკეტების ე.წ ფრანჩაიზები წარმოადგენენ, რომელთა ნაწილი იხურება, პროდუქციის ფულზე კი, პასუხისმგებელი არავინ არის.
სადისტრიბუციო კომპანიებისთვის არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც მაღაზიის დახურვის შემთხვევაში, ვალის ამოღებას შეძლებენ, შესაბამისად, თუ რომელიმე ქსელი დაიკეტა, დისტრიბუტორებისთვის გადასახდელ ათობით მილიონ ლარს გაიყოლებს.
„ზარალი ინდივიდუალურია, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც წლის ჭრილში, რამდენიმე ათეული მაღაზია დაიკეტა და კომპანიებისთვის მინიმუმ 10 000 ლარის, ვიღაცისთვის კი 100 000 ლარის ზარალიც იყო. მთლიან ჯაჭვში, როდესაც ბევრი მიმწოდებელი ჰყავს მაღაზიას, ეს თანხა საკმაოდ სოლიდური გამოდის.
არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პატარა მაღაზია თუ დიდი ობიექტი, ამ ურთიერთობებში არ არსებობს რაიმე მექანიზმი და გარანტიები. ასეულობით მილიონი ლარის პროდუქციაა ახლაც განთავსებული ქსელებში, რომლის უზრუნველყოფის საშუალება არ არსებობს. რომელიმე ქსელი რომ დაიხუროს, გაიყოლებს ათეულობით მილიონ ლარს. წარსულს თუ გადავხედავთ, იყო შემთხვევები, როდესაც ათეულობით მილიონი ლარი გაიყოლეს ამა თუ იმ ქსელურმა ობიექტებმა, რომლებიც გავიდნენ ბაზრიდან“, - განაცხადა რიჟამაძემ.
სულ სხვაგვარად საუბრობს რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი, რომელიც ამბობს, რომ დისტრიბუტორებსა და ქსელურ მარკეტებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულების საფუძველზე მკაცრად არის გაწერილი, ხოლო თუ რამე ირღვევა მხარეებს საკითხი სამართლებრივად შეუძლიათ გადაწყვიტონ. მისი თქმით, ჩარიცხვების დაგვიანება ქსელური სუპერმარკეტების მხრიდან არ შეინიშნება.
„დღეს ქსელურ სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის არსებულ ხელშეკრულებებში, ძალიან დეტალურად არის გადახდასთან დაკავშირებული ყველა პირობა და ამ მიმართულებით დღეს განსაკუთრებული პრობლემები არ შეინიშნება. რაც შეეხება ფრენჩაიზის მქონე კომპანიას სადისტრიბუციო კომპანიებთან რა გადახდის პირობა აქვთ, ეს ასევე ამ მოლაპარაკების საგანია. გადახდის პირობაც, რომელზეც სადისტრიბუციო კომპანია და ფრენჩაიზერი თანხმდებიან, ეს ყველაფერი გაწერილი არის სამართლებრივად. ბაზარზე არსებული ინფორმაციით ქსელურ სუპერმარკეტებთან მიმართებით სადისტრიბუციო კომპანიებს პრობლემები არ აქვთ, რადგან ყველა სუპერმარკეტი მიჰყვება გადახდის პირობებს“, - განაცხადა ხაბაშვილმა და დასძინა, რომ ორ ბიზნეს სუბიექტს შორის ურთიერთობების დარეგულირება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„საბედნიეროდ, საქართველოში სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების ბაზა არის ძალიან ღრმა და ის დაფუძნებულია ყველაზე სერიოზულ საერთაშორისო ევროპულ სამოქალაქო კანონმდებლობებზე. ის ურთიერთობა, რომელიც არის დისტრიბუტორზე და რითეილს შორის არის წმინდა წყლის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა და ამას ადმინისტრაციული რეგულირება არ სჭირდება. ალოგიკურიც არის ის, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების ადმინისტრაციული სახის დარეგულირება მოხდეს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ.