მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ახალი შეფასებით, აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველო მშპ-ს პროგნოზის მიხედვით რეგიონის ლიდერია, ხოლო პირველი 8 თვის მონაცემების მიხედვით კი ევროპაში საუკეთესო.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ დონეს და განპირობებული იქნება შინამეურნეობების კერძო სამომხმარებლო და სახელმწიფო ხარჯებით, ასევე ინვესტიციებით.
ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეექსპორტი ცენტრალურ აზიაში (ძირითადად, მეორადი ავტომობილების სახით) მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში, თუმცა სავაჭრო დეფიციტი, სავარაუდოდ, ორნიშნა დონეზე შენარჩუნდება. პროგნოზის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში ზრდა 5-პროცენტამდე შენელდება და თავის პოტენციურ დონეს დაუბრუნდება.
„ძირითადი რისკები მოიცავს გაურკვევლობას, რაც უკავშირდება არჩევნების შემდგომ პერიოდს და საქართველოს მიერ გადამწყვეტი პროგრესის მიღწევას ევროკავშირის წევრობის გზაზე“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
მსოფლიო ბანკის წინა პროგნოზით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5,2 პროცენტის დონეზე იყო განსაზღვრული.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ახალი შეფასების მიხედვით თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალია.
„2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსავლები 2,5-ჯერ მეტად იზრდება ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ 2024 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტს შეადგენს.
„ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც წლის ბოლომდე, ისე მომავალ წლებშიც შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რათა შევამციროთ სხვაობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის. აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. მათ შორის, ხორციელდება არაერთი სტრუქტურული რეფორმა. ასევე იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინფრასტრუქტურის და ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით. უპრეცედენტოდ მიმზიდველია საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, რასაც ხელს უწყობს ეფექტიანი მარეგულირებელი გარემო და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც მიმართულია როგორც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისკენ. ასევე გამოვყოფდი პოლიტიკას, რომელიც მთავრობას აქვს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მიღწეულ შედეგებზე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ტემპის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
„პირველი რვა თვის მონაცემებით წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზუსტად 10%. ჩვენ წინა 3 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა 9.7%, რაც არის ევროპაში, რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი,
ჩვენ წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამა, რომლის მიხედვითაც 4 წლის თავზე ჩვენი ეკონომიკა მიაღწევს 130 მლრდ ლარს, ჩვენი ბიუჯეტი გადააჭარბებს 40 მლრდ ლარს, 4%-მდე შემცირდება უმუშევრობა, 4%-მდე შემცირდება სიღარიბე. ამისთვის გვჭირდება იმ ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რომელიც გვაქვს აღებული ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. რა თქმა უნდა, კარგია, რომ პროგნოზები უმჯობესდება, თუმცა გვინდა, რომ ამ პროგნოზებსაც დამატებით გადავაჭარბოთ. ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.