დასაქმებულთა რეალური ხელფასი გასაშუალებულ სტატისტიკურ მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამორჩება

დასაქმებულთა რეალური ხელფასი გასაშუალებულ სტატისტიკურ მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამორჩება

საქართველოში საშუალო ხელფასის საგრძნობლად მზარდი მაჩვენებელი, დასაქმებულთა შემოსავლების რეალურ დინამიკას არ ასახავს. ეს ისედაც აშკარად ჩანს და ამას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სხვა მაჩვენებელიც, რომელიც შედარებით დაახლოებულია შრომის ბაზარზე არსებულ სინამდვილესთან.

2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი, წინა წელთან შედარებით, 19 პროცენტით გაიზარდა და 1238 ლარი შეადგინა, თუმცა აქ მნიშვნელოვანი სულ სხვა დეტალი. საქმე ისაა, რომ 2023 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.9 პროცენტით ნაკლებია. ცნობისთვის, 2023 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1766.8 ლარი იყო.

ბოლო წლებში საქსტატი, როგორც წესი, აქვეყნებდა ხელფასების საშუალო თვიურ მონაცემებს. საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმატიკულს და რიგ შემთხვევებში, საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად განსხვავდება. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ნაწილის კი - გაცილებით ნაკლები.

შესაბამისად, ეკონომისტების მოსაზრებით, საშუალო ხელფასს მედიანური ხელფასი უკეთესად ასახავს. მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია.

შესაბამისად, თუ საწარმოში 5 ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 3 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების - 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი - 500 ლარი, საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით კი თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარი გამოდის.

ექსპერტების განცხადებით, მედიანური გაანგარიშება უფრო მოდის საქართველოსთან შესაბამისობაში და როგორც სტატისტიკოსმა გივი მომცელიძემ აღნიშნა, ამ მხრივ უკეთ ჩანს მოსახლეობა რეალურად რა რაოდენობის ანაზღაურებას იღებს.

ადამიანი ხედავს, რომ მისი ანაზღაურება არის 800-900 ლარი და ამ დროს, საქსტატი ამბობს, რომ საშუალო ხელფასი 1766 ლარია (2023 წლის მიხედვით), რა თქმა უნდა, მას გაეცინება, თუმცა სიმწრით. ამიტომაც არის ციფრების მიმართ ასეთი რეაქცია და უნდობლობა. ეს ცოტა გულდასაწყვეტია, რადგან სტატისტიკის, როგორც დარგის მიმართ, ნდობას ამცირებს, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც არ სჯერა მონაცემების, რადგან თუნდაც საკუთარ და საშუალო ხელფასში ხედავენ რა სხვაობაა. ეს ადამიანი არც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას დაიჯერებს, არადა ამ დროს, რეალურად არის ორნიშნა, მაგრამ მოსახლეობის საშუალო ფენამდე ძნელად აღწევს.

მედიანური ხელფასის ხშირად გამოქვეყნება გაზრდიდა სტატისტიკისადმი ნდობას, რადგან მოსახლოება დაინახავდა, რომ ეს უფრო რეალობასთან შესაბამისობაში. საქსტატმა 4-5 წლის წინ თქვა, რომ მედიანურ ხელფასსაც გამოქვეყნებდა და გვქონდა მოლოდინი, რომ ისეთი სიხშირით დაიდებოდა მონაცემები, როგორც საშუალო ხელფასი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება, - განაცხადა მომცელიძემ.

აღსაიშნავია, რომ 2023 წელს, ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი ფიქსირდება შემდეგ დარგებში:

განათლება - 835 ლარი;

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 855 ლარი;

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 875 ლარი;

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 902 ლარი;

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 934 ლარი.

ლევკოთეა ჰოდა, მედიანური და საშუალო არითმეტიკული ხელფასები რომ ერთმანეთს დაუახლოვდება, მაშინ ექნება ადამიანს სამართლიანობის განცდა.
თორემ, რატომ იღებენ ზოგიერთები ათობით ათას თვიურ ხელფასს სხვების დაბალი ხელფასების ფონზე, ჩემთვის აუხსნელია.
2 თვის უკან