მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვამ მეზობლებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თურმე ნუ იტყვით და ყველა კბილებს ილესავს და შესაფერის მომენტს ელოდება. „გაზპრომს“ რომ თავი დავანებოთ, მაგისტრალური გაზსადენის ხელში ჩასაგდებად სომხები, ყაზახები, აზერბაიჯანელები და ალბათ სხვებიც გეგმებს გეგმებზე აწყობდნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენის აქციების ნაწილის გაყიდვის შესახებ, აჟიოტაჟი გამოიწვია სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.
სომხური მედიის ცნობით, გაზსადენის შეძენას ცდილობდა დახურული სააქციო საზოგადოება „არმროსგაზპრომი“, რომელიც რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა. ამ ინფორმაციის მიხედვით, „არმროსგაზპრომმა“ გაზსადენის შეძენის შესაძლებლობა ქართველ კოლეგებთან განიხილა, თუმცა მათ განემარტათ, რომ გაზსადენის აქციების მხოლოდ ნაწილი გაიყიდება.
სომხური მხარის შეშფოთებას იწვევდა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გაზსადენის შეძენა აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას „სოკარს“ სურდა. „სოკარი“ სირია-იორდანიის ტრანსარაბული გაზსადენის შეძენას გეგმავს და არ არის გამორიცხული, ის ქართული გაზსადენითაც დაინტერესებულიყო. თუმცა, „სოკარს“ ამ თემაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
სააგენტო „მედიანიუსის“ ცნობით, გაზსადენის ქართული მონაკვეთით ყაზახებიც დაინტერესდნენ. ადგილობრივი წყაროების ცნობით, აქციების პაკეტი, შესაძლოა, „ყაზმუნაიგაზმა“ შეიძინოს, რომელიც ბათუმში ნავთობტერმინალს ფლობს. მეორე ვერსიით კი, გაზსადენით ყაზახურ-რუსული კომპანია „ყაზროსგაზი“ დაინტერესდა, რომელიც საქართველოსთვის ყაზახური გაზის მიწოდების პროექტზე მუშაობს.
მაგისტრალური გაზსადენის შეძენის თაობაზე ინფორმაციას უკვე ეხმაურებინა „გაზპრომშიც“. იქ ადასტურებენ, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენისადმი ინტერესი არ დაუკარგავს. იმ შემთხვევაში თუ საქართველო გაზსადენს საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანს, რუსული ენერგოგიგანტის ექსპერტები მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას დაიწყებენ.
„საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, შევიძენთ თუ არა გაზსადენის 10-15%-ს, ჯერ ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება უნდა გავაკეთოთ“, - აცხადებენ რუსულ კომპანიაში.
რუსული გამოცემა „ვრემია ნოვოსტეი“ კი წერს, რომ არ არის გამორიცხული, მოსკოვმა რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე კონტროლი მიიღოს.
საქართველოს ხელისუფლებამ მაგისტრალური გაზსადენის ნაწილობრივი გასხვისება გადაწყვიტა, რის გამოც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილება უნდა შევიდეს და გაზსადენი არასაპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან ამოიღონ.
საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობაში თანხმდებიან, რომ მაგისტრალური გაზსადენის მინიმუმ 51% სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს. თუმცა, ობიექტის აქციების 10-15%-ს ლონდონის ბირჟაზე განათავსებენ.
საპარლამენტო უმცირესობა გაზსადენის რუსული მხარის მიერ შესაძლოა ყიდვას ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში რიგგარეშე სესიაზე აპროტესტებდა. მათი მტკიცებით, გაზსადენის ნებისმიერი ფორმით პრივატიზება კაპიტულაციაა.
ვიცე-სპიკერი უმცირესობიდან ლევან ვეფხვაძე აცხადებდა, რომ თუ მილსადენის თუნდაც ნაწილი პრივატიზებაზე გამოვა, იქ ინვესტირება მხოლოდ რუსული ფულით განხორციელდება. შედეგად, ბევრი საერთაშორისო პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.