თბილისში ბინებს უკვე ფულის დასაბანდებლად ყიდულობენ

თბილისში ბინებს უკვე ფულის დასაბანდებლად ყიდულობენ

დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე სხვადასხვა ტენდენციები გამოიკვეთა. უცხოელების აქტიურობა გამუდმებით იზრდება, მაგრამ ბევრი მათგანი ბინას არა საცხოვრებლად, არამედ კაპიტალის დაბანდებისთვის იყენებს.

„გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, რუსეთის წილის შემცირების პარალელურად გაზრდილია ისრაელის მოქალაქეების მიერ ქონების შეძენის შემთხვევები. „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელ ვაჟა მებაღიშვილი განმარტავს, რომ ისრაელის შემთხვევაში მთავარი მიზეზი არის მიმდინარე ომი და ისრაელიდან მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი.

„აქტიური შემოსვლა აღარ ხდება რუსეთის მოქალაქეების და ამან განაპირობა ბინების ტრანზაქციებში მათი წილის შემცირება. იქამდე მათი წილი ბაზარზე იმდენად დიდი იყო, რომ ახლა უკვე საგრძნობია მოთხოვნის შემცირება. რაც შეეხება ისრაელს, ისრაელის მოქალაქეების მხრიდან საცხოვრებელი ბინების შეძენა განპირობებულია მიმდინარე ომით. ზოგადად, დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობას, ისრაელს ძალიან დაძაბული ვითარება აქვს ამჟამად, მიმდინარეობს ომი და ეს იწვევს ქვეყნიდან მიგრაციას“, - განაცხადა მებაღიშვილმა და იქვე ისაუბრა ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნაზე.

„ჩემი კოლეგებისგანაც მოვისმინე, რომ საკმაოდ დიდია მოთხოვნა, აქტიურად შემოდიან ჩინეთის მოქალაქეები და საკმაოდ ბევრ ბინას ყიდულობენ. როგორც მაქვს ინფორმაცია, სხვადასხვა სამშენებლო კომპლექსში ზოგს 20-25 ბინაც აქვს შეძენილი, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ ბინის შეძენა არ ხდება მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ძალიან ხშირად, ეს არის უბრალოდ ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში. ურბანისტ ირაკლი მურღულიას ინფორმაციით, თბილისში ჯერ კიდევ 13 წლის წინ მილიონ ოთხასი ათასი ადამიანისთვის საჭირო საცხოვრებელი ბინები არსებობდა. მას შემდეგ კი დედაქალაქს უამრავი კორპუსი დაემატა, რომელშიც ხშირად ადამიანები სახლებს ფულის დაბანდების მიზნით ყიდულობენ. „თბილისში ჯერ კიდევ 2009 წელს იყო იმდენი საცხოვრებელი, რომ ევროპული სტანდარტით, ერთ ადამიანზე 35 კვადრატული მეტრი რომ ვიანგარიშოთ, მილიონ ოთხასი ათასი ადამიანისთვის საკმარისი საცხოვრებელი ფონდი არსებობდა. იმის შემდეგ კიდევ რამდენი საცხოვრებელი აშენდა, ხომ წარმოგიდგენიათ და, რა თქმა უნდა, ეს ბინები იყიდება.

ბინის შეძენა არ ხდება მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ძალიან ხშირად, ეს არის უბრალოდ ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში, რომლის ფასი აუცილებლად მოიმატებს. რაც დრო გადის, უძრავი ქონების ფასი უფრო იზრდება და ეს ინვესტიცია წამგებიანი არასდროს არ იქნება. მით უმეტეს, როცა ქვეყანა ვითარდება. უძრავი ქონება რაც უფრო ძვირი ღირს, ის ქვეყანა და ქალაქი უფრო კარგია. ამიტომ არის, რომ კარგ ქალაქებში უძრავი ქონება ყოველთვის ძვირია.

თბილისში საღამოს 10 საათზე რომ გაიაროთ, ნახავთ, რომ ბევრ ბინაში არის შუქი ჩამქრალი, რაც ნიშნავს იმას, რომ არის ბევრი „ცივი საწოლი“ ანუ იქ არავინ ცხოვრობს. ასეთი ბინების რიცხვი დღითი დღე იზრდება და ეს ძალიან ცუდია, რადგან მიუთითებს იმაზე, რომ ეკოლოგიას მეტ ზიანს ვაყენებთ და თანაც ტყუილად, იმისთვის, რომ ვიღაცამ ფული დააბანდოს. რაღაც ოდენობის დიდი ფული, ჩადებული უძრავ ქონებაში, არის გაჩერებული და არაფერს აკეთებს“, - აღნიშნა ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას მურღულიამ.