გლეხისთვის სათესლე მასალის გაძვირების „უმტკივნეულო“ მეთოდი

გლეხისთვის სათესლე მასალის გაძვირების „უმტკივნეულო“ მეთოდი

[თეონა ხარაბაძე]

პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის განვითარების ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს და აცხადებს, რომ მისი განვითარებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მართალია, აქამდე ეს საკითხი მხოლოდ ექსპერტების და ოპოზიციის სალაპარაკო თემა იყო, მაგრამ ამჟამად, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებაში არავინ იცის, პრეზიდენტის ნათქვამში რა იგულისხმება და როგორ უნდა მოხდეს ამ დარგის განვითარება.

სოფლის მეურნეობა ხელისუფლებას, რატომღაც, ამ ბოლო პერიოდში ახსენდება და სათანადო განცხადებები უხვად კეთდება. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი პრეზიდენტის ბოლო ორი გამოსვლა იყო. ორიოდე კვირის წინათ სააკაშვილმა ტელეეთერით, ხოლო რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მთავარი აქცენტი სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ განცხადებას შორის საკმაო დრო იყო იმისთვის, რომ პრეზიდენტს საზოგადოებისთვის ჩამოყალიბებული ხედვა წარედგინა, მსგავსი არაფერი თქმულა. სააკაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ 150 მილიონი სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩაიდება. ამ თანხას საიდან მოიტანენ და კონკრეტულად რისთვის დაიხარჯება, არავინ იცის.

ვიდრე მთავრობა ახალ ინიციატივებს მოიფიქრებს და მერე ამას საზოგადოებას გააგებინებს, არსებული მიდგომები იმდენად არაადეკვატურია, რომ ექსპერტების თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება საერთოდ წარმოუდგენელია.

საქმე ის არის, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო შეღავათი გააჩნია სათესლე მასალის იმპორტს, მაგრამ იგივე სათესლე მასალის მიწოდება ჩვეულებრივად დაიბეგრება. ეს იმას ნიშნავს, რომ სათესლე მასალა ადგილობრივი გლეხისთვის 18%-ით ძვირდება.

მარტივად რომ ვთქვათ, იმპორტირებული მასალა არ იბეგრება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი გლეხს მიეწოდება, მაწინ დღგ-ს გადასახადი 18% დაემატება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი თესლის საბოლოო ღირებულება, დაახლოებით, 1,5-ით გაიზრდება.

გარდა ამისა, ასევე იბეგრება სათესლე მასალის ადგილზე წარმოება, რაც, ექსპერტთა თქმით, გლეხებისთვის ძალიან მძიმე ტვირთად იქცევა.

სწორედ ამიტომ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მთავრობა შეგნებულად აკეთებს ყველაფერს, რათა ადგილობრივ გლეხს არსებობის საშუალება მოუსპოს.

„ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ თვითონ არიან შემომტანები და რაში აწყობთ, რომ ადგილობრივ წარმოებას რაიმე შეღავათი მისცენ? ასეთი მიდგომებით გლეხებს ყველანაირ მოტივაციას უსპობენ, რომ სათესლე მასალა აწარმოონ. ასე რომ მოხდეს, მერე მაგათი შემოტანილი ვის რაში ენდომება? ამიტომაც საკუთარ თავს შეღავათებს უწესებენ და არიან გაბატონებულ მდგომარეობაში“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

ამასთან, იგი აქცენტს აკეთებს, რომ ერთის მხრივ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხდება ხელის შეშლა და მეორეს მხრივ, პრობლემა იქმნება სამართლიანობის თვალსაზრისით.

„წარმოიდგინეთ, რამხელა უსამართლობაა, რომ შემოაქვთ შეღავათით და იმასაც კი არ აკეთებენ, რომ გლეხებისთვის მოწოდებაც იყოს შეღავათიანი. ერთი წუთით თავი დავანებოთ იმას, რომ ეს ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელის შემშლელია. ვინმემ გამაგებინოს იაფად შემოტანილი პროდუქციის მიწოდება რატომ არ უნდა ხდებოდეს ისევ იმავე პირობებით? შემოაქვთ შეღავათებით და ამით ხომ უპირატეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ ამასაც არ სჯერდებიან და მოგებას ახლა საცოდავი გლეხებისგანაც იღებენ. ამიტომაც ვკითხულობ, ამ პირობებში სოფლის მეურნეობა როგორ უნდა განვითარდეს?“ - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.