არჩევნების მოახლოებასთან ერთად ლარის მოთოკვა სულ უფრო რთული ხდება

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ლარის მოთოკვა სულ უფრო რთული ხდება

წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების მოახლოება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენას ყოველთვის ახდენს. გამონაკლისი არც 2024 წელია. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და უკვე შეინიშნება ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია. მის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა უკვე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დახარჯა.

8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის რიგით მეოთხე სავალუტო აუქციონი გამართა და ლარის კურსზე დაწოლის შესამცირებლად გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა. გამოტანილი 60 მილიონი დოლარიდან ბაზარმა მხოლოდ 48.5 მილიონი დოლარი აითვისა.

სებ-ის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც კურსზე წნეხი წარმოშვა. ამას თან დაერთო ქართული კომპანიის მიერ დივიდენდის გეგმური გაცემაც, რაც სებ-ის შეფასებით, მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციაა და მისი განეიტრალებისთვის ბაზარზე ლიკვიდობა არის მნიშვნელოვანი.

ბოლო დღეებში, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმური გაცემის გამო. არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო პერიოდში, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი ტიპის მერყეობები მოკლევადიანია. მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2024 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სულ 4 სავალუტო აუქციონით 217 მილიონი დოლარი გაყიდა.

ეკონომისტი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ უკვე შეინიშნება ეროვნული ვალუტის ნელი ცურვა გაუფასურებისკენ. რასაკვირველია, წინასაარჩევნო პერიოდში ინვესტორები ფრთხილობენ და ქვეყანაში თანხების დაბანდებისგან თავს იკავებენ. ამ პერიოდში შენელებულია მშენებლობების ტემპიც.

ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია უკვე შეინიშნება. სტაბილურად იყო დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა 2.70-ის ნიშნულს. თუ აკვირდებით, ნელ-ნელა მიცოცავს გაუფასურებისკენ.

რაც შეეხება არჩევნებს, თუკი არეულობა იქნება ინვესტორები, რომლებსაც თანხები ჩადებული აქვს მშენებლობის სექტორში, ამ თანხების გატანას მოინდომებენ არასტაბილური მდგომარეობის გამო და იქნება დოლარზე დიდი მოთხოვნა. ახლაც, თუ დააკვირდება ვინმე შეუიარაღებელი თვალითაც, ბევრი მშენებლობა უკვე შენელებულია, რადგან უცხოელი ინვესტორები ელოდებიან არჩევნებს. ინვესტორებს უკვე შეჩერებული აქვთ თანხების ჩამორიცხვა საქართველოში და თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ პოლიტიკური არეულობისა და დესტაბილიზაციის ნიშნები შეიქმნება ლარის კურსი, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევების წინაშე დადგება.

ეროვნულ ბანკს მოუწევს რეზერვების დახარჯვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ფასების მატება პირადი მოხმარების საქონელზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, - განუცხადა კომერსანტს ნიკა შენგელიამ.

ეკონომისტების მოლოდინი, რომ სექტემბრის ბოლოსთვის ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია დაიწყებოდა გამართლდა. ნიკა შენგელია აღნიშნავს, რომ თვის ბოლომდე გაცვლითი კურსი 2.75-ის ფარგლებში დარჩება, თუმცა ვითარება შეიცვლება, თუ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაცია იქნება.

პირველი გაუფასურების ზღვარი 2.85-მდე იქნება. პოლიტიკური დაძაბულობისა და არასტაბილურობის შემთხვევაში, თუ ეროვნულმა ბანკმა ვერ შეძლო ლარის კურსის დაჭერა, მაშინ დავუბრუნდებით კურსის იმ ნიშნულებს, რომელიც გვქონდა დაახლოებით სამი წლის წინ. ნოემბრის 5 რიცხვიდან ლარი კურსი 2.85-იან ზღვარს გადალახავს. კურსის მაქსიმალური ზღვარი დეკემბრის 15-მდე გვექნება. თუ არჩევნები მშვიდად ჩატარდა და არ მოჰყვება მას პოლიტიკური დესტაბილიზაცია, ლარის კურსი 2.73-2.77-ის ფარგლებში იქნება და შედარებით სტაბილურობა იქნება, - აღნიშნა შენგელიამ.

დაახლოებით იგივე სცენარზე საუბრობენთიბისი კაპიტალშიც. მათ მიმოხილვაში აღნიშულია, რომ 2024 წლის ბოლოსათვის ლარის კურსი დაახლოებით, 2.80 ნიშნულზე იქნება, მაგრამ შემდეგ გამყარდება.

ადრინდელ საბაზო სცენარს რაც შეეხება, რომელიც 2024 წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით 2.80 ნიშნულს, ხოლო შემდგომ ლარის გამყარებას ითვალისწინებს, დღევანდელი გადასახედიდანაც, ის უცვლელია. ჩვენი აზრით, საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის დასუსტების შედარებით მაღალი ალბათობა იკვეთება.

სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ აგვისტოში გაზრდილია სებ-ის სავალუტო რეზერვები, რაც, წინასწარი მონაცემებით, ვალუტის შესყიდვას უნდა უკავშირდებოდეს. ჯერჯერობით სექტემბრის ოპერატიული ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანსაქციებზე დაყრდნობით, ეკონომიკის მაღალი ზრდა სექტემბერშიც დაფიქსირდება, - აღნიშნულია კვლევაში.