მრეცხავებს დალაქები და ბინის გამქირავებლებიც მიაყოლეს

მრეცხავებს დალაქები და ბინის გამქირავებლებიც მიაყოლეს

[თეონა ხარაბაძე]

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მანქანების მრეცხავები მიკრობიზნესმენებად აღარ ჩაითვლებიან და შესაბამისად, ვეღარ ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რაც მიკრობიზნესისთვის არის დაწესებული. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან საკმაოდ მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. მაგრამ, ამ კრიტიკის მიუხედავად, შეღავათმოხსნილი სფეროების არეალი სულ უფრო ფართოვდება. რაც მთავარია, თავად იმ პირებმა, ვისაც ეს ეხება, არაფერი იციან და ეს რა შედეგს მოიტანს, ადვილი წარმოსადგენია. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ხელისუფლება მცირე გადაცდომისთვისაც კი მეწარმეებს არა მარტო აჯარიმებს, არამედ აპატიმრებს.

ახალ საგადასახადო კოდექსში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ მიკრო ბიზნესს გარკვეული საგადასახადო შეღავათები გააჩნია, ხოლო ის საქმიანობები, რომლებიც შეიძლება მიკრობიზნესად ჩაითვალოს, მთავრობის დაგენილებით უნდა განისაზღვროს. აქამდე კი ამას კანონი განსაზღვრავდა და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ასე თუ ისე, ცნობილი იყო.

დეკემბრის ბოლოს ფინანსთა მინისტრა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც არც მანქანების მრეცხავებს ექნებათ მიკრობიზნესის სტატუსი და არც კიდევ რამდენიმე სფეროს წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს. მიკრო ბიზნესი საშემოსავლო გადასახადისგან არის გათავისუფლებული.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად კი, ამ კატეგორიას აღარ მიეკუთვნება არა მარტო მანქანების მრეცხავები, არამედ ის პირებიც, ვინც მანქანების შეკეთებაზე მუშაობენ. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ  გარანტირებული საგადასახადო შეღავათი აღარც დალაქებს აღარ ექნებათ.

საგადასახადო კოდექსის ძველი რედაქციით, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული იყო ფიზიკური პირის მიერ თმის დაბანა, შესწორება და კრეჭა, დაწყობა, შეღებვა, შეფერადება, დახვევა, გასწორება და ანალოგიური სამუშაოები მამაკაცებისა და ქალებისთვის, აგრეთვე გაპარსვა და წვერის შესწორება.

ახალ საგადასახადო კოდექსში კი, აღარ არის ჩამოთვლილი ის საქმიანობები, რომლებიც შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, საშემოსავლო გადასახადისგან არიან გათავისუფლებულნი. ეს საქმიანობები წელს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, თუმცა მასში დალაქები ვეღარ მოხვდნენ.

გარდა ამისა, ოთახების გამქირავებლებსაც, შემოსავლების დათვლა მოუწევთ. საცხოვრებელი ადგილების მოკლე ვადით გადაცემა სოფლის  სახლებში (შალებში), კოტეჯებში და ბინებში, საგადასახადო კოდექსის ძველი რედაქციით, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. თუმცა, ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, სოფლის სახლებში, კოტეჯებსა თუ ბინებში საცხოვერებელი ფართის დროებით გადაცემა იმ საქმიანობათა ჩამონათვალში ვერ მოხვდა, რომელთაც შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება გარანტირებული აქვთ.

საპარლამენტო ოპოზიცია კი უკვე იმაზე საუბრობს, რომ „მთავრობამ აღარ იცის, ბიუჯეტში თანხები საიდან მოიზიდოს და უკვე ასეთ მეთოდებს მიმართავს.“

მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა. მისი განმარტებით, ამ კატეგორიის ადამიანები უნდა დარეგისტრირდნენ მიკრობიზნესის წარმომადგენლებად და შეღავათები ჩვეულებრივად გავრცელდება. 

მაგრამ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ შემთხვევაში უკვე შეღავათის არსი იკარგება.

„მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აღნიშნავს, რომ „მთელი ეს პროცესი აღნიშნული კატეგორიის ადამიანებს, რომელიც დაქირავებულის შრომას არ იყენებენ, სერიოზულ ბარიერებს შეუქმნის. შეღავათი ის იყო, რომ მათ არანაირი აღრიცხვა და ბუღალტერიის წარმოება არ სჭირდებოდათ, რაც ამ კატეგორიის მეწარმეებისთვის ნამდვილად პრობლემაა. ახლა კი იმის დასამტკიცებლად, რომ მათი შემოსავალი მართლა არ სცილდება 30 ათასს ლარს, სწორედ ბუღალტერია უნდა აწარმოონ“. 

გარადა ამისა, მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მიკრობიზნესი თავისუფლდება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადისგან და არაფერია ნათქვამი ქონების გადასახადზე. ცალკე თემაა 30 000-ლარიანი ბრუნვის მქონე საწარმოს მასშტაბები. შეგახსენებთ, რომ 30 000 ლარში იგულისხმება რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი.

სწორედ ამიტომ, ტყემალაძე მიიჩნევს, რომ „მთლიანად სისტემაა არასწორი მიმართულებით წასული და, ცხადია, ამას მთავრობის ვერანაირი დადგენილება ვერ უშველის. მით უმეტეს, რომ გარკვეული უზუსტობები თუ ხარვეზები აქაც შეიმჩნევა“.