„ქართველებო, გადასახლდით საქართველოდან!“

„ქართველებო, გადასახლდით საქართველოდან!“

„გაეროვნება, გაეროვნებაო!“ გაიძახოდენ ბოლშევიკები ხუთი წლის განმავლობაში. რასაკვირველია, გაიძახოდენ მხოლოდ და საქმით კი არაფერს აკეთებდნენ.

ახლა ამასაც ზურგი შეაქციეს და სხვა ხმაზე დაიწყეს ყვირილი: „რუსული უნდა ვისწავლოთ, რუსული, ისე რომ თავისუფლად შეგვეძლოს ამ ენაზე ლაპარაკიო!“ - მოითხოვეს ელიავამ და ორჯონიკიძემ და თავისი აზრი იმით დაასაბუთეს, რომ რუსული ენა ოქტომბრის რევოლუციის ენა არისო.

ამას კარავაევმა დასძინა, რუსული ენა კავკასიელებმა იმიტომაც უნდა ისწავლონ, რომ სხვაგან შეეძლოთ სამსახურიო: „საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს არ შეუძლიათ თავისი ინტელიგენცია გამოკვებონ. ამ ინტელიგენციამ სამუშაო საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში უნდა ეძიოს, რომ თავი გამოიკვებოსო“.

ამიერკავკასიის რესპუბლიკები ნამდვილად განათლებულ პირთა დიდს ნაკლებობას განიცდიან და ბოლშევიკებს რომ ოდნავად გული შესტკივოდეთ ხალხისთვის, პირიქით ურჩევდნენ ინტელიგენციას, ადგილობრივ დარჩით და ადგილობრივ ემსახურეთ ხალხსო. და თუ განათლებულ ადამიანებს გარეთ ერეკებიან, იმიტომ რომ საერთოდ არ უყვართ ინტელიგენცია, რადგან - ამბობენ თვითონ - ვინც განათლებულია, ყველა ჩვენი მტერიაო. მერე არ ენდობიან სრულებით ადგილობრივ მკვიდრთ - არ ენდობიან საქართველოში ქართველებს,  სომხეთში - სომხებს, აზერბაიჯანში - აზერბაიჯანელებს, და უნდათ ეს მკვიდრნი სხვაგან გადაასახლონ და აქ უცხოელები გადმოიყვანონ და იმსახურონ. მაშინ უფრო გულდამშვიდებულნი იქნებიან, ყველგან სრული მორჩილება და მყუდროება დამყარდებაო.

მაგრამ არ გეგონოთ, მარტო ინტელიგენციას ურჩევდენ გადასახლებას. არა. ფილიპე მახარაძეს გეგმა შეუდგენია, რომ მთელ ქართველ ხალხს დაეხმაროს, გაუადვილოს სხვა ქვეყნებში გადასახლება. ჩვენში მიწის სივიწროვეაო, განუცხადა ბელადმა ქართველ კომუნისტების კრებას და უნდა გამოვნახოთ გადასასახლებელი მიწები საქართველოს გარეშეო.

დიახ! საქართველოს კარები ყველას გაუღეს, უცხოელები უხვად შემოდიან და სახლდებიან და ამავე დროს ქართველებისთვის მიწას საქართველოს გარეთ ეძებენ! „ქართველებო გადასახლდით საქართველოდან!“ ასეთია სადღეისო ლოზუნგი ბოლშევიკებისა.

ასე იყო ძველ დროსაც. ასე გვეუბნებოდნენ მაშინაც: ქართველებო, იმსახურეთ შიდა რუსეთში, იქ კარგს ჯამაგირს მიიღებთო. ქართველებო, გადასახლდით ციმბირში, იქ მრავალ მიწას დაგირიგებთო!

ბოლშევიკები განაგრძობენ შავრაზმელ რუსების პოლიტიკას...

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას