ცნობილი როკ–ვარსკვლავი – ოზი ოსბორნი იძულებული გახდა, ნევადას შტატში დაგეგმილი კონცერტი გადაედო. მიზეზად ავადმყოფობა სახელდება. CNN–თან საუბარში შოუს ორგანიზატორი კომპანიის Live Nation–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოსბორნმა თავი შეუძლოდ მოულოდნელად იგრძნო.
უცნობია, როგორ გრძნობს თავს მომღერალი ამჟამად. ასევე არაფერია ცნობილი, კონკრეტულად რამ შეაწუხა იგი. ოსბორნის შოუ გაზაფხულისთვის გადაიტანეს და 2011 წლის 23 აპრილს დანიშნეს. გადაიდება თუ არა ოსბორნის სხვა კონცერტები, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
მომღერლის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ოზის მომდევნო კონცერტი 1 თებერვალს, ლოს ანჟელესშია დანიშნული. ამ თვის განმავლობაში მომღერლის გეგმებში სულ 12 კონცერტია.
ოზი ოსბორნის ბოლო სტუდიური ალბომი 2010 წლის ივლისში გამოვიდა. ალბომმა სახელწოდებით “Scream“–ი Billboard 200–ის ჰიტ–პარადში მეოთხე ადგილი დაიკავა, ამერიკულ როკ და ჰარდ–როკის ალბომებს შორის კი პირველ პოზიციებზე გავიდა. Scream–ის გამოსვლასთან დაკავშირებული მსოფლიო შოუ კალიფორნიაში 20 ივნისს დაიწყო, ტურის დასრულების თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.