საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 3 ძირითადი მიმართულებით: საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა და დონორთა კოორდინაცია.
ანგარიშში მოყვანილია ზემოხსენებული 3 მიმართულებით განხორციელებული ძირითადი მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც უშუალოდ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინიცირებითა თუ ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.
საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება გააფორმა შემდეგი 5 ძირითადი მიმართულებით:
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის/პოლიციის სფეროში თანამშრომლობა; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობა; საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობა; მართვის მოწმობების ურთიერთაღიარება; რეადმისია
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის განმავლობაში საქართველომ სულ 23 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება გააფორმა, რომელთაგან თითქმის ნახევარი (12) დადებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
გარდა ამისა, 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ აგრეთვე ინიცირებული და ხელმოწერილი იქნა 3 მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად მოიმატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რიცხვმა
(მაგ. 2006 და 2007 წლებში შსს-ს გაფორმებული აქვს სულ 4 შეთანხმება,
2008 წელს – 0;
2009 წ – 1 შეთანხმება;
2010 წ – 4 შეთანხმება,
2010 და 2011 წლებში – სულ 18 შეთანხმება,
ხოლო მხოლოდ 2013 წელს – 15 შეთანხმება).
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო და ინიცირებული აქვს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი, მათ შორის აღსანიშნავია მონაწილეობა „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის შემუშავებაში. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონი 2013 წლის 4 ოქტომბერს მიიღო.
2013 წლის მარტსა და მაისში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა შს მინისტრის ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში, სადაც ჩატარდა შეხვედრები ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და ნატო-ს მაღალი დონის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ევროკავშირის საშინაო საქმეებში უმაღლეს კომისართან, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის უმაღლეს კომისართან, ბელგიის შს მინისტრთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და გენერალური მდივნის თანაშემწეებთან.
ასევე განხორციელდა შს მინისტრის ორმხრივი ვიზიტები და შეხვედრები მის კოლეგებთან: აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, აშშ-ში, ბელგიაში, ავსტრიაში, თურქეთში, საფრანგეთში, ბელორუსში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში.