ბოუის ორივე თვალი ცისფერი აქვს. თუმცა, მარჯვენა თვალი სკოლაში ჩხუბის დროს დაუზიანდა და თვალის გუგა სულ გაფართოებული აქვს. ამის გამო ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ბოუის სხვადასხვა ფერის თვალები აქვს.
დევიდ ბოუის ნამდვილი სახელი და გვარი დევიდ რობერტ ჯონსია. ფსევდონიმი ბოუი მან იმიტომ მოიფიქრა, რომ ჯგუფ „ზი მონქისის” სოლისტში, დეივი ჯონსში არ შეშლოდათ.
70-იან წლებში დევიდ ბოუი აცხადებდა, რომ ბისექსუალია და ქალები და მამაკაცები მას ერთნაირად იზიდავენ. მოგვიანებით, თავისი ბისექსუალობა ბოუიმ უარყო და განმარტა, რომ ბისექსუალის იმიჯი მას შემოქმედებისთვის სჭირდებოდა. არსებობს ვერსია, რომ 70-იან წლებში ბოუის სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მიკ ჯაგერთან.
დევიდ ბოუი თითქმის ყველა გავრცელებულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, მათ შორის პროფესიონალურად საქსოფონსა და ელექტროგიტარაზე.
დევიდ ბოუი პირველი შემსრულებელია, რომლის სიმღერის პრეზენტაციაც ინტერნეტში შედგა.
2004 წელს დევიდ ბოუიმ თავი დაანება სიგარეტის მოწევას, მანამდე კი დღეში 50 ღერს ეწეოდა.
დევიდ ბოუის ავიაფობია აქვს, მას თვითმფრინავებით მგზავრობის ეშინია.
დევიდ ბოუის თქმით, 5 წლის ასაკში მას „საშინელება” შეემთხვა ჩაის სმის დროს და მას შემდეგ ცხელი ჩაი აღარ დაულევია.
2004 წელს ოსლოში კონცერტის დროს, დევიდ ბოუის ერთ-ერთმა მსმენელმა საწუწნი კანფეტი ესროლა, რომელიც მუსიკოსს თვალში მოხვდა და მიეკრო. ბოუიმ სიმღერა არ შეწყვიტა და მხოლოდ პაუზის დროს მოიშორა კანფეტი.
დევიდ ბოუი დაკავებული იყო იგგი პოპთან ერთად მარიხუანის მოხმარების გამო, თუმცა დაპატიმრებას გადაურჩა.
1976 წელს მოსკოვში ჩასულ დევიდ ბოუის აეროპორტში საბჭოელმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში აკრძალული ნაცისტური ლიტერატურა აღმოუჩინეს და ჩამოართვეს.
1973 წელს დევიდ ბოუიმ საბჭოთა კავშირში იმოგზაურა. იაპონიიდან ის ნახოდკაში ჩავიდა და ტრანს-ციმბირის მაგისტრალით გაემგზავრა ევროპაში. ბოუის 18 დღე დასჭირდა, რომ მატარებლით, მოსკოვამდე ჩასულიყო, სადაც სამი დღე დარჩა. ამ ხნის განმავლობაში წითელ მოედანზე მიმდინარე საპირველმაისო აღლუმს დაესწრო და უნივერმაღ „გუმში” შეიარა. მატარებლით მგზავრობისას ბოუის თავისი კუპე არ დაუტოვებია. მხოლოდ ერთხელ ჩავიდა მატარებლიდან, სვერდლოვსკის სადგურზე, სადაც მას „კაგებეს” თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.
მარტინ სკორსეზეს სკანდალურ ფილმში „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება,” დევიდ ბოუიმ პილატეს როლი შეასრულა. იმავე წელს მას ჯოკერის როლის შესრულება შესთავაზეს ფილმში „ბეტმენი”, თუმცა ბოუიმ უარი განაცხადა და როლი საბოლოოდ, ჯეკ ნიკოლსონს შეხვდა.
კარიერის დასაწყისში ბოუი გატაცებული იყო ოკულტიზმით და ნიცშეს შემოქმედებით. მისი თქმით, ადოლფ ჰიტლერი პირველი როკ-ვარსკვლავი იყო და მას შეეძლო, სარგებელი მოეტანა ბრიტანელებისთვის. მოგვიანებით, დევიდ ბოუიმ გააკეთა განცხადება, რომ ცდებოდა, როცა ადოლფ ჰიტლერზე კარგს ამბობდა.
2009 წელს გერმანელმა მეცნიერმა პეტერ იეგერმა მალაიზიის ჯუნგლებში ობობის ახალი ჯიში აღმოაჩინა და მას „ჰეტეროპოდა დევიდბოუი” უწოდა.