ბიბლიური ისტორია ორი ცოდვილი ქალაქის შესახებ, რომლებიც ღმერთმა აღგავა პირისაგან მიწისა, ყოველთვის იწვევდა ისტორიკოსებისა და საზოგადოების ცხოველ ინტერესს. გაჩნდა შეკითხვაც – სად მდებარეობდა ისინი, ან, რეალურად, არსებობდა კი?!
ისტორიკოსებმა დაიწყეს ძებნა. ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად დასახელდა ქალაქი ბაბ-ელ-დაჰრა, რომელიც გაშენებული იყო დღევანდელი პალესტინის ტერიტორიაზე.
არქეოლოგებმა ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3100-2300 წლებით დაათარიღეს. ეს სწორედ ის დროა, როცა ბიბლიის მიხედვით, სოდომისა და გომორის ტრაგედია მოხდა.
დადასტურებულია, რომ ქალაქი ბაბ-ელ-დაჰრა ცეცხლმა გაანადგურა. გათხრების შედეგად არქეოლოგებმა დამწვარი ქალაქის ნანგრევებში ძველისძველი ტაძარი აღმოაჩინეს, დაცული დიდი კედლითა და უზარმაზარი სასაფლაოთი. არცთუ დიდი ხნის წინათ კი, ამ ქალაქიდან 11 კილომეტრის დაშორებით, ცეცხლისგან განადგურებული კიდევ ერთი დასახლება აღმოაჩინეს – ქალაქი ნუმერიუ.
სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ სწორედ ეს ორი ქალაქი გახლავთ სოდომი და გომორი.
ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სოდომი და გომორი მდებარეობდა მკვდარი ზღვის რაიონში, სადაც დღესაც ბევრი ნავთია. ზოგიერთი გეოლოგი ამტკიცებს, რომ სწორედ ნავთის სიჭარბე გახდა ხანძრის მიზეზი, ამას თან დაერთო მიწისძვრაც, ამოიფრქვა დიდი რაოდენობით ცხელი გაზები და უზარმაზარმა ხანძარმა ორივე ქალაქი სრულად გაანადგურა.