„რატომ უნდა გავუშვათ ჩვენი ბიჭები ავღანეთში?!“

„რატომ უნდა გავუშვათ ჩვენი ბიჭები ავღანეთში?!“

რატომ მიიღო საქართველომ ეს გადაწყვეტილება, რატომ ეწინააღმდეგება ქართული სამშვიდობო ძალების ავღანეთში გაგზავნას და რატომ არ განთავსდება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა თურქეთში? ამ საკითხებთან კავშირებით "რეზონანსი" სამხედრო ექსპერტს, კახა კაციტაძეს ესაუბრა.

ნაწილობრივ ოფიციალურად დადასტურდა მოლაპარაკებები გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში გადმოყვანის თაობაზე. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული პატიმრების საქართველოში გადმოყვანა იმოქმედებს თუ არა საქართველოს უსაფრთხოებაზე?

 

- ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ვიტკივებთ აუტკივარ თავს. ბარემ კიდევ ერთი დიდი ციხე ავაშენოთ და მარტო გუანტანამოდან კი არა, მსოფლიოში ვინც კი მკვლელია, ყველა გადმოვიყვანოთ საქართველოში. თქვენ იცით, რომ მე მომხრე ვიყავი ავღანეთში ჯარის გაგზავნაზე. მაგრამ მას მერე, რაც ავღანეთმა გაეროში ჩვენს რეზოლუციას არ მისცა ხმა, და რასაც ჩვენი სატელევიზიო მედია და ხელისუფლება უსინდისოდ მალავს, უკვე მეც მიჩნდება კითხვა, რატომ ვაგზავნით ჩვენს ბიჭებს ავღანეთში, თუ ავღანეთი მხარს არ უჭერს ჩვენი დევნილების დაბრუნებას. აზრზე არ ვარ, ვიღაც მუსულმანი პატიმრები აქ რატომ ჩამოგვყავს და რატომ უნდა განლაგდნენ ისინი ჩვენს ციხეებში?

დენიელ ფრიდი ამბობს, რომ ჩვენ არასოდეს არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოსო...

 

- დენიელ ფრიდი არის მომლაპარაკებელი და ის ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს მაშინ იყო, როცა სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო. ახლა დენიელ ფრიდი ოფიციალური პირი არაა, ის, უბრალოდ დადის და საქონელს ასაღებს. დანარჩენი ამ ხელისუფლებას ჰკითხეთ. ვეთანხმები ბატონ სოსო ცისკარიშვილს - ამ ხელისუფლების ქმედებებში ზოგიერთი რამ საანალიზოა და ზოგიერთი - სადიაგნოსტიკოა. დიაგნოზებს მე ვერ დავსვამ. რასაც თქვენ მეკითხებით, ეს სადიაგნოსტიკოა სფეროა.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა განლაგდება კავკასიასთან ახლოს, საუბარია, რომ ეს არის თურქეთი. როგორ ფიქრობთ, დათანხმდება თურქეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მის ქვეყანაში განლაგებას?

 

- რატომ მარტო თურქეთი? არსებობს ბულგარეთი და რუმინეთი. იმისთვის, რომ ჩამოაგდო ბალესტიკური რაკეტა, უნდა შეხვდე მხოლოდ შემხვედრი კუთხით. არ არსებობს რაკეტა, რომელსაც უკანა ტერიტორიიდან მიაყოლებ და მერე ჩამოაგდებ. ირანმა თუ გაუშვა რაკეტა, დედამიწის ბრუნვის სისწრაფე, მიმართულება და მიზიდულობის წერტილები ისეთია, რომ საქართველოსა და ნებისმიერ ადგილას განლაგებული ანტირაკეტა, უბრალოდ, ვერ დაეწევა. საქართველოს ისე ჩქარა გადაუვლის, რომ ვერც კი მოვალთ აზრზე. საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება რუმინეთთან და ბულგარეთთან განლაგებულმა რაკეტამ ჩამოაგდოს. ეს ჩამომგდები რაკეტა შეიძლება განათავსონ თურქეთში იმ შემთხვევაში, თუ ის დამიზნებული იქნება იტალიასა და ესპანეთზე.

რაც შეეხება იმას, რომ ავღანეთმა მხარი არ დაუჭირა გაეროში საქართველოს რეზოლუციას, ამის ფონზე რამდენად გამართლებულია ქართული სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა ავღანეთში?

 

- სხვათა შორის, ერაყმაც არ დაგვიჭირა მხარი. ყოველთვის მომხრე ვიყავი, როცა საქართველო მონაწილეობდა ასეთ ოპერაციებში. მაგრამ ახლა ეს არის ხმამაღლა საყვირალი. ავღანეთმა საქართველოს რეზოლუციას, სადაც საუბარია დევნილების დაბრუნებაზე, არ მისცა ხმა. ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება და იმიტომ მალავს ამ ფაქტს. კეჭისყრის შედეგები დიდ გამარჯვებად რომ ჩათვალეს, იცით, რომ ისრაელმა და თურქეთმაც არ მოგვცეს ხმა?

ისრაელმა საქართველოსთან სამხედრო კონტრაქტიც გაწყვიტა...

 

- დიახ. მაგრამ, ყველაზე შემზარავი არის ავღანეთის პოზიცია, სადაც ჩვენი 600 ბიჭი უნდა წავიდეს და შეაკვდეს ამ ოპერაციას. მაგრამ, როცა ავღანეთის მთავრობამ გაეროში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას არ მისცა ხმა, რატომ უნდა გაუშვან ჩვენი ბიჭები ავღანეთში?