საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში ლეგალურად მუშაობა გამარტივდება. ამ საკითხზე გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან მსჯელობა მიმდინარეობდა.
მოლაპარაკება კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირის ინიციატივა "პარტნიორობა მობილურობისათვის" ფარგლებში საფრანგეთთან თანამშრომლობის განვითარების პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. საფრანგეთს ანალოგიური ხელშეკრულებების გაფორმებული აქვს აღმოსავლეთ ევროპისა და მსოფლიოს რიგ სახელმწიფოებთან. მათ შორის სერბეთთან, მაკედონიასთან, ავსტრალიასთან და სხვა.
წინასწარი ინფორმაციით, საფრანგეთის შრომით ბაზარზე ლეგალურად მუშაობის უფლება წელიწადში სხვადასხვა პროფესიის 500-მდე ქართველს მიეცემა, თუმცა შესაბამის პროფესიათა კატეგორია ჯერ დაზუსტების პროცესშია.
გარდა ამისა, სპეციალური პროგრამა ამოქმედდება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც განათლებას საფრანგეთში იღებენ. წინასწარი ინფორმაციით, დასაქმება წელიწადში 10 უმაღლესდამთავრებულს შეეძლება.
საქართველოსა და საფრანგეთის სამთავრობო დელეგაციები შესაბამისი ხელშეკრულების კონკრეტულ დეტალებზე ორი დღის განმავლობაში შეთანხმდებიან. საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში ლეგალურად მუშაობა სავარაუდოდ, 2011 წლის სექტმებრის ბოლოსთვის გამარტივდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ევროპული მოძრაობის" თავმჯდომარე, პოლიტოლოგი ვასილ ჭყოიძე "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის საქმიანობაში მსგასი მოდელები ჩვეულია.
"რაც შეეხება ამ ხელშეკრულებას, ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მანამ, სანამ ევროკავშირის დონეზე იქნება მიღწეული მობილურობის აქტის ყველა პრინციპის ამოქმედება. ანუ, ორმხრივ დონეზე დღეისათვის ჩვენ საფრანგეთიდან ასეთი შეთავაზება მივიღეთ. გარდა ამისა, ევროკავშირთან დაგეგმილი ე.წ. მობილურობის აქტის ძალაში შესვლის შემდეგ, ქართველ კვალიფიციურ სპეციალისტებს და ასევე რიგით ქართველებსაც საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში," - აღნიშნავს ჭყოიძე.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ჭყოიძის თქმით, საფრანგეთში ლეგალური სამუშაოები ქართველი კვალიფიციური სპეციალისტებისათვის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი იქნება. ეს ადამიანებს წაახალისებს და განსაკუთრების ახალგაზრდა სპეციალისტებს, მეცნიერებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მათ აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამის დაწესებულებებთან.
მისივე თქმით, სამუშაო ადგილების კვოტები პირველი ეტაპისთვის მცირე იქნება. თუმცა, დროთა განმავლობაში, როგორც ის აღნიშნავს, თუ თანამშრომლობა წარმატებით განვითარდება, კვოტებიც შეიძლება გაიზარდოს.
"ეს პირველი ნაბიჯებია. ასეთი ხელშეკრულებებით მინიჭებული შეღავათები ხელს უწყობს მობილურობის აქტის სრულ ამოქმედებას და საქართველოს და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის საბოლოო გაუქმებას, რომელიც ალბათ საშუალოვადიან პერსპექტივაში მიიღწევა. ამის შემდეგ, რა თმა უნდა ასეთი კვოტები დაკარგავენ თავის აქტუალობას და ალბათ მოგვეცება საშუალება კვოტებისა და ცალკეული ხელშეკრულებების გარეშეც ვისარგებლოთ ასეთი უპირატესობით.
"შესაძლოა, ჩვენი სპეციალისტები თავისუფლად გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე და თვითონ შეარჩიონ თავისი სამუშაო ადგილები ყველანაირი კვოტებისა და შემრჩევის გარეშე. მაგრამ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ეს დიდი შეღავათია ჩვენთვის და მისასალმებელია, რომ ფრანგულმა მხარემ ასეთი კეთილი ნება გამოიჩინა," - ამბობს ჭყოიძე.