კოტე მახარაძეს ერთხელ ერთი ისტორია შეემთხვა, რომელიც გახმაურებული არ არის.
ბატონი კოტე რაღაც საქმეზე ჩავიდა ჭიათურაში. მთელი ქალაქი დიდი სიყვარულით შეხვდა.
საღამოს, რა თქმა უნდა, მშვენიერი პურ-მარილი გაიშალა. მასპინძლებმა სთხოვეს, რა იქნება, ხვალ რომ საფეხბურთო რეპორტაჟს წაიყვან, დღევანდელი შარაფი ახსენოო, ძალიან გავიხარებთო.
მეორე დღეს თბილისში დაბრუნდა კოტე მახარაძე და საქართველოსა და უნგრეთის თამაშს გაუძღვა.
უნგრელების გუნდში ერთი ფეხბურთელი თამაშობდა, გვარად შეფერი. ვითომ გვარის გამოთქმა უჭირდა და შიგა და შიგ იძახის: ბურთი აქვს შარაფს, მიიღო შარაფმა, რა კარგი რამეა ეს შარაფი და მოკლედ არ დაიშურა არაფერი.
მიცემული სიტყვა კაცურად შეასრულა და გაახარა ჭიათურლები. ჭიათურაში კი ისევ გაიშალა სუფრა და ერთხელ კიდევ შეისვა კოტე მახარაძის სადღეგრძელო.