უკრაინელები აპირებენ ქართული მეღვინეები დაასანქცირონ

უკრაინელები აპირებენ ქართული მეღვინეები დაასანქცირონ

ომში ჩაბმული უკრაინელები ქართველი მეღვინეების დასანქცირებას ითხოვენ. მეგობარი ქვეყანა ყველნაირად ცდილობს საქართველოს როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად ზიანი მიაყენოს. მიზეზი თურმე ისაა, რომ საქართველოს თავისი პროდუქცია ექსპორტზე რუსეთში გააქვს. გაცილებით მეტი ალკოჰოლური სასმელი შედის ცივ ჩრდილოეთში ევროპის ქვეყნებიდან, მაგრამ ამის თაობაზე კიევში ხმას არ იღებენ.

უკრაინელი მეღვინეები ქვეყნის მთავრობისგან, საქართველოდან და სომხეთიდან ალკოჰოლის მწარმოებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკვე ინტენსიურად ითხოვენ, რადგან ისინი რუსეთში პროდუქციის მიწოდებას განაგრძობენ. ამის თაობაზე პირდაპირ და დაუფარავადუკრვინპრომის“ გენერალურმა დირექტორმა ვოლოდიმირ კუჩერენკომ განაცხადა. „უკრვინპრომი“ კი უკრაინული მევენახეობა-მეღვინეობის კორპორაციაა, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს ღვინის მწარმოებლებს აერთიანებს.

უკვე ერთი წელია, უკრვინპრომი სახელმწიფოსგან სანქციების დაწესებას ითხოვს საქართველოდან და სომხეთიდან ღვინისა და კონიაკის არაერთი მწარმოებლის მიმართ, რომელთა პროდუქცია რუსულ ბაზარს კვლავ მიეწოდება. დაპირების მიუხედავად, ამ საქონლის გაყიდვა უკრაინაშიც გრძელდება, - განაცხადა კუჩერენკომ.

მისი თქმით, ღვინის წამყვანი ქვეყნებიდან ალკოჰოლური პროდუქციის რუსეთში შედინება გრძელდება. კერძოდ, ვოლოდიმირ კუჩერენკო რუსი მომხმარებლებისთვის ღვინის ძირითად მიმწოდებლებად იტალიასა და საქართველოს ასახელებს. ამასთან, ევროპიდან ღვინის პროდუქციის უმეტესი ნაწილი ტრანზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნების, კერძოდ, ლიეტუვისა და ლატვიის გავლით ტრანსპორტირდება. კერძოდ, 2023 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში ღვინის პროდუქციის ტრანზიტული გადაზიდვების ოდენობამ ლიეტუვის გავლით 211.4 მლნ დოლარი, ხოლო ლატვიიდან 153.8 მლნ დოლარი შეადგინა.

2024 წლის იანვარ-ივლისში ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - საექსპორტო შემოსავალმა 174.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 23%-ით მეტია. მთლიანად ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 60,388 ტონას შეადგენდა.

მიღებული შემოსავლის მიხედვით, მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთის ფედერაცია ნარჩუნდება, რომელზეც ექსპორტის 70% მოდის. რუსეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 121.4 მლნ დოლარს შეაგენდა, მოცულობა კი 44,655 ტონა იყო.

მთავარ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში 1-ელი მაისიდან, იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის ღვინოზე აქციზი 3-ჯერ გაიზარდა. შედეგად, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ 3 თვეში ექსპორტი თანხობრივად 53.2%-ით შემცირდა, ოდენობაში კი, 56.3%-ით. უფრო კონკრეტულად, გასული წლის მაისში, ივნისსა და ივლისში, საქართველომ ჩრდილოეთში 46.8 მლნ აშშ დოლარის 17,456 ტონა ღვინო გაყიდა, 2024 წლის იგივე პერიოდში კი, 21.8 მლნ აშშ დოლარის 7,610 ტონა ღვინო.

2024 წლის იანვარ-ივლისის სტატისტიკის მიხედვით, ყურძნის ნატურალური ღვინოების TOP-10 საექსპორტო ბაზარი ასეთია:

 რუსეთი - 121.4 მლნ დოლარის 44,655 ტონა;

 პოლონეთი - 9.05 მლნ დოლარის 3,683 ტონა;

 უკრაინა - 6.8 მლნ დოლარის 2,442 ტონა;

 ყაზახეთი - 6.4 მლნ დოლარის 1,940 ტონა;

 ჩინეთი - 4.8 მლნ დოლარის 1,380 ტონა;

 ბელარუსი - 4.2 მლნ დოლარის 1,525 ტონა;

 აშშ - 4.2 მლნ დოლარის 710 ტონა;

 გერმანია - 3.5 მლნ დოლარის 799 ტონა;

 ლატვია - 2.3 მლნ დოლარის 606 ტონა;

 ლიეტუვა - 1.3 მლნ დოლარის 375 ტონა.