„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონულ ღონისძიებებში მონაწილეობს. ის ხან რაჭაში იმყოფება, ხან ოზურგეთში და, სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის მიუხედავად, უშუალოდ ხვდება ამომრჩეველს.
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას რეგიონებში გაცილებით მეტი წონა აქვს, ამიტომაც მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, საარჩევნო კამპანია ივანიშვილის უშუალო მონაწილეობით ეწარმოებინა.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტია, შესაბამისად, იგი პროვოკაციული გეგმების მთავარი ადრესატი შეიძლება იყოს, ამიტომ მისი გადაადგილებისას მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო.
რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავაც „ქართული ოცნების“ უპირობო ლიდერად რჩება, როგორც ეს იყო 2012 წლის ოქტომბერში?
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ლიდერი, რომელმაც საქართველოს ჩამოაცილა ის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყო, ფაქტობრივად, საქართველო აღარ იარსებებდა. ეს არის კაცი, რომელსაც საქართველო სტკივა. ის არის ადამიანი, რომლისაც სჯერა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. ამიტომ დღეს ისეთივე სიტუაციაა, როგორიც იყო 2012 წლის ოქტომბრისთვის.
„თუ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აიღო, დამერწმუნეთ, ეს ქვეყანა მუდამ იქნება იმ რყევების ქვეშ, რომელ რყევებშიც 2012 წლიდან მოყოლებული, დღევანდელ დღემდე ვიმყოფებით, რადგან ყოველ წელს გადატრიალებების შიშია ჩვენი მეხუთე კოლონის მეთაურობით. ამ მეხუთე კოლონას მხარს უჭერენ გარე ძალები, რომლებიც იმდენად გათავხედდნენ, კონფერენციებს შუა თბილისში ატარებენ. ამ დღეებში იყო მათი კონფერენცია და პირდაპირ გვემუქრებოდნენ გადატრიალებით, პირდაპირ ლაპარაკობდნენ ამის შესახებ კრამერები, ფოტიგები და მათი მსგავსი პოლიტიკური ორფეხები. მათი მესიჯი იყო, თუ ჩვენს ჭკუაზე არ წამოხვალთ, ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდებით. ასეთი მუქარების ფონზე ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი გარანტი, რომლის სიტყვისაც სჯერა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ბიძინა ივანიშვილის ყოფნა ამ შეხვედრებზე და რეგიონებში მისი ჩასვლა აუცილებლობას წარმოადგენს. როგორც თევზისთვის აუცილებელია წყალი, ისე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა მთელ საქართველოში აუცილებელია. ივანიშვილი ვაჟკაცი კაცია, მას ისევე არ ეშინია, როგორც ჩვენს წინაპრებს, როცა სამშობლოს სამსხვერპლოზე მიჰქონდათ თავიანთი სიცოცხლე. წარმოიდგინეთ ანალოგიური სიტუაცია, დიდგორის ბრძოლაში მონაწილეობა რომ არ მიეღო დავით აღმაშენებელს, როგორ დამთავრდებოდა ეს ბრძოლა?! დღესაც ჩვენ დიდგორის ბრძოლისთვის ვემზადებით, ამიტომ ნიჩბისის ხეობა ჩახერგილი გვაქვს და ბიძინა ივანიშვილი მოწინავეთა რიგებშია. უფრო სწორად, ივანიშვილი ამ პროცესების მესაჭეა. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდება“, - გვითხრა ედიშერ გვენეტაძემ.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის კატეგორიული ნებაა, არჩევნების წინ შეხვდეს საქართველოს მოსახლეობას.
„არ გამოვრიცხავ, მმართველ გუნდში არაერთ ადამიანს უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთ რისკში არ უნდა წავიდეს, მაგრამ ივანიშვილი მაინც სტუმრობს რეგიონებს და ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილებაა. იგივე ხდებოდა შევარდნაძის დროს, რამდენჯერ ყოფილა საუბარი, არ ღირს წასვლა, მაგრამ არავის უსმენდა ბატონი ედუარდი, რადგან ჰქონდა საოცარი თვითრწმენა, რომ მისთვის რისკი არ არსებობდა. ამას არავინ არ უკარგავს შევარდნაძეს. ის, რომ ივანიშვილის ფაქტორი დიდია, მით უმეტეს, რეგიონებში, ესეც რეალობაა. მით უმეტეს, ივანიშვილი გამოდის ძალიან ძლიერი სიტყვით და, ცხადია, მისი სტუმრობა რეგიონებში ძალიან კარგად მუშაობს. მუშაობს ახლა, როცა მეორე მხარეს მობილიზებულია სააკაშვილის დასავლეთის ლობისტური დიდი რესურსი და საერთაშორისო დანაშაულთან გვაქვს საქმე. ამას წინათ მეკითხებოდნენ ჟურნალისტები, „კი მაგრამ ახლა, როცა „ბიბისის“ გამოძიება დასრულდა და კეზერაშვილი მხილებულია „ქოლცენტრების“ საქმეში, რომ ქოლცენტრების მეშვეობით მან და მისმა თანამზრახველებმა ევროპელი პენსიონერები გააკოტრეს, ახლა მაინც არ წავა ციხეში“? მე მათ ვეუბნებოდი, „თქვენ, ალბათ, არ იცით, დიდ ფულს რამხელა წონა აქვს დასავლეთში დღეს“. წავიდა ციხეში კეზერაშვილი? ციხეში კი არა, ჰელსინკის ჯგუფიდან წამოვიდა ბრალდება, რომ თურმე „ოცნება“ აკეთებს ფულს ქოლცენტრებიდან“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
მანვე განმარტა, თუ რატომ სჯერათ ბიძინა ივანიშვილის რეგიონის მოსახლეობას. ანალიტიკოსის შეფასებით, რეგიონებში მოხდა დიდი აღორძინება, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის კუთხით. შარშანდელი წელი დავასრულეთ ისე, რომ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საშუალოზე მაღალი გახდა. მაშინ, როცა სააკაშვილის დროს საშუალოზე ნახევარი იყო. ხალხმა ეს იგრძნო, დარჩა მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელმაც კეთილდღეობა საკუთარ თავზე ვერ იგრძნო, მაგრამ იმ დარჩენილში ძალიან ბევრმა თავის თავს უნდა მოსთხოვოს, რატომ ვერ იგრძნო უკეთესობა. რას ვუშველით იმ ადამიანს, რომელსაც თოფი რომ ესროლო, მაინც არ იმუშავებს. ორ კაპიკს თუ იშოვიან, გაიქცევიან კაზინოში, ან ფულს მოახმარენ არაჯანსაღი ცხოვრების წესს. ასეთები ყველგან არიან.
„ახლახანს გერმანიაში გახლდით და გავოგნდი, ამდენი მათხოვარი და ბომჟი გერმანიის ქალაქებში არ მენახა, ეს ადამიანები ძირითადად ჩასულები იყვნენ, მაგრამ ადგილობრივებიც არიან, მათ შორის, სუფთა გერმანული ენით მოსაუბრე ლოთები. გერმანიაში ადრეც არაერთხელ ვარ ნამყოფი და ასეთი რამ არ მენახა. ასეთ დროს რატომღაც ამბობენ ხოლმე, ყველაფერი ხელისუფლების ბრალიაო. გვავიწყდება, რა შეიძლება მოსთხოვო ხელისუფლებას და რა არა, ცხადია, უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რადგან ბევრი გასაკეთებელი საქმეა საქართველოში, მაგრამ არის ის, რასაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მოუვლის - ადამიანმა თვითონაც უნდა გაანძრიოს ხელი“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.