ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Linkin Park-მა ახალი სოლისტი, ემილი არმსტრონგი წარადგინა, რომელიც ჯგუფს მათ ახალი ალბომის ჩაწერისას და მსოფლიო ტურში შეუერთდება.
ცნობისთვის, ჯგუფის ყოფილმა სოლისტმა, ჩესტერ ბენინგტონმა 2017 წელს თავი მოიკლა.
ჯგუფმა ახალი შემადგენლობა მომავალი ალბომის, From Zero-ს გამოსვლამდე და ახალი მსოფლიო ტურის დაწყებამდე გამოაცხადა. არმსტრონგთან ერთად, ჯგუფს ახალი დრამერიც, კოლინ ბრიტინიც შეუერთდება.
არმსტრონგი ლოს-ანჯელესში გაიზარდა და სახელი ალტერნატიული როკ-ჯგუფით Dead Sara გაითქვა, რომელიც გიტარისტ სიუქსი მედლისთან ერთად 2005 წელს შექმნა.
Billboard-თან ინტერვიუში არმსტრონგმა გაიხსენა, რა გავლენა მოახდინა მასზე Linkin Park-ის 2000 წლის ალბომმა Hybrid Theory.
"მე ვიყავი ჯგუფში, როდესაც ეს ალბომი გამოვიდა, One Step Closer ჩემთვის მხოლოდ სიმღერა არ ყოფილა, ეს ალბომი იყო ყველაფერი — მე მას ტრილიონჯერ მოვუსმინე" — იხსენებს მომღერალი.
Linkin Park არ არის ერთადერთი ჯგუფი, რომელთანაც სიახლეა — ლეგენდარულმა ჯგუფებმა Alice in Chains და Sublime-მაც ახალი სოლისტები აიყვანეს.
მსოფლიო ტურის განმავლობაში Linkin Park ეწვევა ლოს ანჯელესს, ნიუ-იორკს, ჰამბურგს, სეულსა და ლონდონს ამ თვეში, ხოლო ბოგოტას ნოემბერში.
ბენინგტონის გარდაცვალების შემდეგ, ეს ჯგუფის მიერ ჩატარებული პირველი ტური იქნება.
ჯგუფმა ახალი ალბომის გამოშვებამდე ფანებს სინგლი, The Emptiness Machine წარუდგინა, რომელიც ასევე ჯგუფის პირველი ახალი სიმღერაა ბენინგტონის გარდაცვალების შემდეგ.
ჯგუფმა სიმღერა ერთსაათიანი კონცერტის ფარგლებში შეასრულა, რომელიც ხუთშაბათს ჯგუფის სოციალურ პლატფორმებზე გადაიცემოდა და რომლის მსვლელობისასაც ახალი სოლისტი გულშემატკივრებს ოფიციალურად წარუდგინეს.