პიცის მეფე ტომ მონაგანი

პიცის მეფე ტომ მონაგანი

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ტომ მონაგანი ამერიკული ოცნების განხორციელების ჭეშმარიტი მაგალითი გახლავთ. მას სრულიად არაფერი გააჩნდა, მაგრამ მიზანსწრაფულობის და შრომისმოყვარეობის წყალობით ყოველგვარი პრობლემა დაძლია, მსოფლიოში უმსხვილესი პიცის იმპერია და ფრანჩაიზინგული მაღაზიების ქსელი შექმნა და ამჟამად 1,2 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალის მფლობელი გახლავთ.

შინიდან განდევნილი

ტომ მონაგანი დაიბადა 1939 წლის 25 მარტს მიჩიგანის შტატის ქალაქ ანარბორში. ოთხი წლის შემდეგ მამამისი გარდაიცვალა, დედას კი შვილების რჩენა არ შეეძლო და ბიჭუნა ობოლთა თავშესაფრებსა და სხვადასხვა ოჯახებში იზრდებოდა. ერთ-ერთი მათგანი მკაცრი გერმანული ოჯახი იყო, რომელშიც ტომი ფიზიკურ შრომას მიეჩვია.

ერთ ხანს მიჩიგანის კათოლიკურ ვაჟთა თავშესაფარშიც ცხოვრობდა, რომელსაც შემდეგ ციხეს ადარებდა. ეგ იყო, შეეძლო თავისუფლად ეკითხა და ბიჭიც წიგნებს გულმოდგინედ ეწაფებოდა. სწორედ მაშინ გაეცნო იგი გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებას და მიზნად დაისახა გამორჩეული პიროვნება გამხდარიყო.

თერთმეტი წლის იყო, როცა დედამისმა უმცროსი შვილი შინ დააბრუნა, ტომი კი კვლავ თავშესაფარში დატოვა. ამან მასზე საშინლად იმოქმედა. ბიჭმა თავი მიტოვებულად იგრძნო და დედასთან ურთიერთობა გაუფუჭდა. მაშინ გადაწყვიტა მღვდელი გამხდარიყო და რამდენიმე წლის შემდეგ სასულიერო სემინარიაშიც ჩააბარა, თუმცა, სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ მოტივაციის არქონა მოიმიზეზა და სწავლა მიატოვა.

მონაგანმა დედასთან ურთიერთობა საბოლოოდ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ერთხელ მანქანა უნებართვოდ წაიყვანა და დედამ მას პოლიციაში უჩივლა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან კოლეჯში ჩააბარა, მაგრამ პირველივე სემესტრის შემდეგ ისიც მიატოვა. 1956 წელს კი საზღვაო კორპუსში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც, მისი თქმით, დისციპლინა და წესრიგი შეიყვარა.

ბიზნესი და გადარჩენისათვის ბრძოლა

1960 წელს, ტომმა უმცროსი ძმა დაარწმუნა 900 დოლარი ესესხა და ესპილანტიში პატარა მაღაზია „დომინიკსი“ შეიძინა. საქმე საკმაოდ კარგად წავიდა და 5 წლის შემდეგ მონაგანმა კიდევ სამი მაღაზიის გახსნა შეძლო და თავის ფირმას „დომინო“ უწოდა. ამ პერიოდში მან ორ კონკურენტთთან მწვავე დაპირისპირებას გაუძლო და გაბანკროტება თავიდან აიცილა.

1967 წელს ტომმა თავისი პირველი ფრანჩაიზინგული (ფრანჩაიზინგი - ფირმების ხანგრძლივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ფრანჩაიზორი პარტნიორს თავისი პროდუქციის და მომსახურების გაყიდვის უფლებას აძლევს) მაღაზია გახსნა. თითქოს საქმე ააწყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ხანძარმა მისი ბიზნესი თითქმის მთლიანად გაანადგურა და მონაგენი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ნაკლებად ძლიერი ადამიანი ალბათ გატყდებოდა, მაგრამ არა მონაგემი, რომელმაც 1969 წელს კრედიტი აიღო, ყველაფერი თავიდან დაიწყო და თავისი ქსელი 32 მაღაზიამდე გაზარდა. თუმცა, თავდაპირველად საქმე ვერ ააწყო და 1500 კრედიტორთან 100-მდე სასამართლო პროცესზე გამოცხადება მოუხდა.

საბოლოოდ, მისმა ვალებმა მილიონნახევარ დოლარს მიაღწია და შედეგად, ერთ-ერთმა ბანკმა კომპანია „დომინო“ დაისაკუთრა. მონაგანი მის პრეზიდენტად მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ კვირაში 200 დოლარად დღე-ღამეში 15 საათს მუშაობდა, თუმცა არანარი ძალაუფლება არ გააჩნდა.

1971 წელს ბანკმა ჩათვალა, რომ „დომინოს“ არანაირი მომავალი არ ჰქონდა და მისი გაკოტრების პროცესი წამოიწყო. მაგრამ მონაგანმა სთხოვა, მისთვის კომპანია შეენაჩუნებინათ და ვალებს ოდესმე აუცილებლად გადაიხდიდა. დიდი წვალებით, 1977 წელს, მან ვალები მართლაც გაისტუმრა.

დიდი წარმატება

აქედან მობოლებული, მონაგემის საქმე თანდათანობით კარგად წავიდა. მან გადაწყვიტა არა მარტო მაღაზიათა ქსელის გაფართოვებაზე და ფრანჩაიზინგული სისტემის დახვეწაზე ეფიქრა, არამედ პიცის დამტარებელთა ფირმა შეექმნა. ეს იმ პერიოდში რევოლუციური მიგნება ნამდვილად აღარ იყო, მაგრამ ამ საქმიანობას

ცოტა ფირმა თუ ეწეოდა, რადგან არარენტაბელურად ითვლებოდა. მონაგანმა კი გადაწყვიტა, ყველასათვის დაემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ.

ასე გაჩნდა „დომინო პიცა“ რომელიც სიმარტივესა და ეფექტურობაზე იყო დამყარებული. მან აქცენტი არა სენდვიჩზე, ან რაიმე სხვა პროდუქტზე, არამედ უმაღლესი ხარისხის, მინიმალურ დროში მომზადებულ პიცაზე გააკეთა.

მონაგანის ტაქტიკამ სრულად გაამართლა, მისი ბიზნესი მალე გაფართოვდა, მთელს აშშ-ს მოედო და მალე მსოფლიოში პიცის დამტარებელთა უმსხვილეს ფირმად იქცა. 80-იანი წლების დასაწყისში მას 500, დასასრულს კი 5000 მაღაზია ჰქონდა. 1989 წლის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ამერიკაში დამზადებული პიცის ნახევარი „დომინო პიცაზე“ მოდიოდა. მონაგემის ფირმას ამგვარი შედეგი, მას კი „პიცის მეფის“ სახელი საუკეთესო პიცის 30 წუთში გარანტირებულად მიწოდებამ მოუტანა.

ამ დიდი გამარჯვების შემდეგ მონაგანმა თითქოს მოტივაცია დაკარგა და ერთ ხანს «დომინო პიცას» გაყიდვას და დარჩენილი ცხოვრების ფილანტროპიისა და სიზარმაცისათვის მიძღვნას აპირებდა. მაგრამ კარგა ხნის ორჭოფობის შემდეგ გადაიფიქრა და 1991 წელს განაცხადა, რომ „პიცის ომს“ აგრძელებდა. იგი საქმეს კვლავ ჩვეული ენერგიის შეუდგა და თავისი ფირმა საერთაშორისო ბაზარზე

გაიყვანა. 1993 წლისათვის „დომინოს“ უკვე 6000 მაღაზია ჰქონდა და მისმა წლიურმა შემოსავალმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მას შემდეგ მონაგანის ბიზნესი სულ უფრო და უფრო ვითარდება, დიდძალი შემოსავალი მოაქვს და ტომი „პიცის მეფის“ წოდებას კვლავინდებურად ამართლებს. ამ დროისათვის „დომინოს“, რომლის 97 პროცენტი კვლავ მონაგემის საკუთრებაა, ყოველდღიურად მთელს მსოფლიოში 3 მილიონამდე პიცას უკვეთავენ.

ენერგია და ინტუიცია

ტომ მონაგანის წარმატების საფუძველი შეუდარებელ შრომისმოყვარეობასთან, ტემპერამენტთან და ენერგიასთან ერთად საოცარი ინტუიცია გახლდათ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მისი „აზროვნება ხარისხიანია და არა რაოდენობრივი“ და რომ იგი „ჯერ გადახტება და შემდეგ გაიხედავს“. ამას დაუმატეთ მიზანსწრაფულობა და რისკიანობა და მონაგენის ერთგვარ პორტრეტს მიიღებთ.

გარდა ამისა, იგი ჭეშმარიტი მოთამაშე იყო. მისთვის ბიზნესი არა უბრალოდ გამდიდრების წყარო, არამედ ნამდვილი შერკინება გახლდათ, რომელშიც აუცილებლად უნდა გაემარჯვა. მონაგემი ყოველთვის ამბობდა, რომ ამგვარი დაპირისპირებები „დომინოსათვის“ მომგებიანი იყო. „როცა ფირმა მოტივაციას კარგავს, დინამიური ვეღარ იქნება“, - ამბობდა იგი.

ქორწინების წინ 27 წლის ტომი მომავალ მეუღლეს დაპირდა, მალე მილიონერი გავხდებიო. ასეც მოხდა. დღეს 71 წლის მილიარდერი თავის ოჯახს, რომ იტყვიან, ხელისგულზე ატარებს. მას აშშ-ში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ექვსი სახლი და აგარაკი და ტროპიკებში საკუთარი კუნძული აქვს. ამას სამი თვითმფრინაში და ხუთი იახტაც დაუმატეთ.

საერთოდ, მონაგანს ძვირფასი ნივთებისადმი დიდი სიყვარული გამოარჩევს. მას 250 ავტომობილისაგან შემდგარი დიდებული კოლექცია აქვს, რომელთაგან ყველაზე ძვირფასი, 1931 წელს გამოშვებული „ბუგატი როიალი“ 8,5 მილიონ დოლარად შეიძინა. ხოლო ფრენკ ლოიდ რაიტის არტეფაქტებში 30 მილიონი დოლარი გადაიხადა.

1989 წელს მონაგანმა დიდი ხნის სურვილი აისრულა და ბეისბოლის კლუბი „დეტროიტ ტაიგერსი“ შეიძინა, რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობდა. მასში მან დიდძალი ინვესტიცია განახორციელა და ამერიკული ლიგის ერთ-ერთ ლიდერად აქცია. ასეა, „პიცის მეფისათვის“ შეუძლებელი არ არსებობს.