ჩინეთი ძალიან აქტიურობს და შეიძლება ამან რეგიონალურ ავტობიზნესში სხვა რეალობა დაამკვიდროს

ჩინეთი ძალიან აქტიურობს და შეიძლება ამან რეგიონალურ ავტობიზნესში სხვა რეალობა დაამკვიდროს

ავტომობილების ბაზარზე ვითარება იცვლება, რაც რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული. ჩინეთის აქტიურობამ შესაძლოა, რეგიონში სხვა რეალობა გამოკვეთოს. მანამდე კი შუა აზიის მიმართულებით რეექსპორტი გააქტიურდა.

ავტომობილების რეექსპორტზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ყაზახეთსა და ყირგიზეთზე მოდის, რაც გლობალური პროცესით არის გამოწვეული. ტენდენცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდში გაჩნდა და დღესაც გრძელდება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან რეკორდული ღირებულების, 1.2 მილიარდი დოლარის 57 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ავტომობილების რეექსპორტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 1.3%-ით აღემატება.

საქსტატისმონაცემების მიხედვით, 2023 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების - 538 მილიონი დოლარის ავტომობილები ექსპორტზე ყირგიზეთში გავიდა რეექსპორტზე, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა 36 000 დოლარიშეადგინა.

განსხვავებული ტენდენციაა რეგიონის ქვეყნებში, სადაც კლებაა. 40%-ით შემცირდა ავტოექსპორტი აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთის მიმართულებით 69%-იანი ვარდნაა.

სამაგიეროდ, საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლები ყოველ წლიურად იზრდება. 10 წლის წინ თუ ამ ბაზარზე თითქმის 4 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, 2023-ში ამ მაჩვენებელმა 591 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2024 წლის 5 თვეში კი აღნიშნულ ქვეყანაში საქართველოდან რეექსპორტით 237 მლნ დოლარზე მეტ ავტომობილები გავიდა.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებლის ალექსი ნონიაძის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ორ კვარტალთან შედარებით, ავტომობილების რეალიზაციის კუთხით ზრდაა, თუმცა მოლოდინი გაცილებით მეტი იყო და ვერ გამართლდა.

2023 წელს ავტომობილების ბაზარი გაჯერებული იყო, ძალიან ბევრი შემოვიდა, რაც თანდათან გაიწოვა ბაზარმა. დღესდღეობით პირველ ორ კვარტალთან შედარებით, მატება გვაქვს, მაგრამ წლიურ ჭრილში კლებაა. კონკრეტულად რამდენით, ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა ტენდენცია მთლად სახარბიელო არ არის. ყაზახეთი, ყირგიზეთი და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები კვლავ აქტიურია, თუმცა აზერბაიჯანმა და სომხეთმა მეორე პლანზე გადაინაცვლეს. მოთხოვნა დიდი იყო, მაგრამ წელს ტენდენცია შეიცვალა, რაც რეექსპორტზეც აისახა, - განაცხადა ნონიაძემ.

ერთ-ერთი საფრთხე, რაზეც იგი ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს ავტომობილების რეგიონულ ჰაბის სტატუსს უკავშირდება. საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ახალ რისკებზე საუბრობს. არსებობს რისკი, რომ ჩინეთის სახელმწიფომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მოლაპარაკებები დაიწყოს და აქცენტი ამ ქვეყნებში ჩინური წარმოების ავტომობილებზე გაკეთდეს.

ბოლო რამდენიმე თვეა, ჩინეთი ავტომობილების რეალიზაციის ახალ ბაზრებს ეძებს. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკული ბაზარი მათთვის ჩაკეტილია, ევროპულ ბაზარზე ჩინური ავტომობილები გაძვირებულია, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებს ევროპულ მწარმოებლებთან. შესაბამისად, ახლა ცდილობს, შევიდეს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, კავკასიის რეგიონში და გავიდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, სადაც უნდა გაიყიდოს ეს ავტომობილები. ასეთ ფონზე საინტერესოა, რამდენად შეინარჩუნებს საქართველო ავტოჰაბის ფუნქციას, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

სხვათა შორის, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა - აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ 22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. აღნიშნული მატებით, ჩინეთმა საქართველოს 1.2-მილიარდიან ავტოიმპორტის სექტორში მეხუთე ადგილი დაიკავა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პეიროდში ჩინეთს საქართველოს ავტოიმპორტის რეიტინგში მეთერთმეტე ადგილი ეკავა.

საქსტატის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში სულ 1,365 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, რომელთა საშუალო ფასმაც 16 ათასი დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის თანახმად, ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილებიდან 448 ელექტრომობილი იყო, რომელთა ღირებულებამაც 12 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით, ჩინეთი საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის მეორე ადილზეა აშშ-ის შემდეგ, საიდანაც 2024 წლის პირველ ნახევარში 876 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა.

ამასთან მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ ჩინეთთან ავტოვაჭრობის კავშირების დაახლოების მიზნით ქუთაისში ავტობაზრობის შექმნაც განიხილება, რის შესახებაც საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა მაისში განაცხადა.

ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობა მოეწყოს. შეიძლება, ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. ჩინური კომპანიების კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს, - განაცხადა ელჩმა.