ევროს გაქრობა სულ უფრო რეალური ხდება

ევროს გაქრობა სულ უფრო რეალური ხდება

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

12 წლის წინ, როცა ევროს ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, ეკონომისტები მაშინვე აღნიშნავდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს გაერთიანება დაიშლებოდა. მას შემდეგაც იგივე არაერთხელ თქმულა, მაგრამ ბოლო დროს ამგვარი პროგნოზები სულ უფრო ხშირად ჟღერდება და, რაც მთავარია, არგუმენტები და მათი დამაჯერებლობა მატულობს.

საინტერესოა, რომ პესიმისტურად განწყობილი არც ერთი ანალიტიკოსი არ ამტკიცებს, რომ ევროს ზონის დაშლა გარდაუვალია. მათი აზრით, ბლოკის ყველა წევრის, პირველ რიგში კი ევროპის ცენტრალური ბანკის სწრაფი და ზუსტი მოქმედების შემთხვევაში ევროს რეაბილიტირება შესაძლებელია. მაგრამ, საქმე ისაა, რომ მათი ნაკლებად თუ ვინმეს სჯერა და გაერთიანების ბევრი წევრის, განსაკუთრებით კი გერმანიისა და საბერძნეთის უგერგილობის პირობებში, იმედები ერთობ მყიფეა.

როგორც ცნობილია, ევროზონის კრახზე საუბარი საბერძნეთის დეფოლტის შემდეგ დაიწყო. ამას მოჰყვა ინფორმაცია გაერთიანების სხვა სუსტი ეკონომიკების – პორტუგალიის, ირლანდიის და ესპანეთის ცუდ დღეში ყოფნაზე. თანაც, თუ საბერძნეთის შემთხვევაში საუბარი იყო, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად 150 მილიარდი ევრო სჭირდება, შემდეგი სამეული უფრო რთული გადასარჩენი იქნება. მაგალითად, წინასწარი მონაცემებით, ესპანეთს 400 მილიარდი დასჭირდება. ძნელი სათქმელია, დააფინანსებს თუ არა ამოდენა დახმარებას ევროპის ცენტრალური ბანკი, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ამგვარი ნაბიჯი საოცარ ინფლაციას განაპირობებს.

ბევრი ეკონომისტი თვლის, რომ საუკეთესო გამოსავალი სუსტი ეკონომიკის ქვეყნების ევროს ზონიდან დროებით გასვლაა. საკუთარ ვალუტაზე გადასვლის შემდეგ ისინი პრობლემებს მოაგვარებენ და ევროს ზონაში დაბრუნდებიან. ამგვარად, ევროს შენარჩუნებაზე ეჭვიანი საუბარი აზრად არავის აღარ მოუვა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროს ზონის შექმნისას ამგვარი მექანიზმის შემუშავება თავში არავის მოსვლია და იგივე საბერძნეთს ალეანსიდან გასვლა მხოლოდ საკუთარი თავის ბანკროტად გამოცხადების შემდეგ შეუძლია. ამას, ცხადია, არავინ მოისურვებს. თანაც, თუ გაერთიანებას რამდენიმე ქვეყანა დატოვებს, მაშინ ევროს ზონის არსებობის საკითხი ისედაც დადგება.

თუ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს კრისტინ ლაგარდს დავუჯერებთ, სუსტი ეკონომიკების გარდა ევროს დიდ საფრთხეს უქმნის სხვა ვალუტების, პირველ რიგში კი ამერიკული დოლარის და ჩინური იუანის კურსების განზრახ დადაბლება. მინისტრმა საერთაშორისო სავალურო სისტემის იმგვარად რეფორმირება მოითხოვა, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს.

საერთოდ, საფრანგეთის, რომელიც წელს დიდი ოცეულის თავმჯდომარეა, წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მსოფლიო ეკონომიკა ზედმეტადაა დამოკიდებული ამერიკულ დოლარზე და ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს, რითაც ზოგადი სიტუაცია გაჯანსაღდება. ფრანგების ამგვარი პოზიცია საკმაოდ საინტერესოა, თუ გავიხსენებთ, რომ თავის დროზე დოლარის წინააღმდეგ პირველებმა ჩინელებმა გაილაშქრეს და ზენაციონალური ვალუტის შექმნა მოითხოვეს.

ახლახან ძალზე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ლეგენდარულმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა. მისი თქმით, ევროპა ორ ნაწილად იხლიჩება, ერთნი ბიუჯეტის პროფიციტით წინ მიიწევენ, მეორენი კი ვალებში იძირებიან. სოროსის აზრით, ამგვარ ვითარებაში არათუ პრობლემების დაძლევაა შესაძლებელი, არამედ, ეკონომიკური არასტაბილურობა გამწვავდება და, შესაძლოა, პოლიტიკური ვითარებაც დაიძაბოს.

სოროსის თქმით, ევროს ზონის სტრუქტურული პრობლემები და ეკონომიკური დისბალანსი სწორედ ის ბერკეტებია, რამაც შეიძლება ევროს ზონის რქვევა გამოიწვიოს. მეტიც, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, სოროსის აზრით, შესაძლოა, ევროკავშირის პოლიტიკური ერთიანობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.