იტალიის სერია A-ს მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში „იუვენტუსმა“ „რომას“ უმასპინძლა.
გუნდებმა სეზონი განსხვავებულად დაიწყეს: „იუვემ“ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა, „რომამ“ - ერთადერთი. ამიტომ, საინტერესო იყო რა მოხდება ამჯერად, თანაც ტურინელებს ახალწვეულები შეუერთდნენ, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჯერ ისინი გუნდთან შეუთამაშებელი არიან.
მატჩი ზუსტად იმ ანგარიშით დასრულდა, რომლითაც თამაშიდან გამომდინარე უნდა დასრულებულიყო - 0:0. საგოლე მომენტები თითქმის არ შექმნილა, ორი ეპიზოდის გამორჩევა შეიძლება, როცა პირველი ტაიმის მიწურულს დუშან ვლაჰოვიჩს მეკარემ აჯობა, ხოლო მატჩის მიწურულს ანხელინოს დარტყმა ასცდა ტურინელთა კარს მცირედით. საბოლოოდ, ლოგიკური და სამართლიანი უგოლო ფრე.
სამი ტურის შემდეგ „იუვენტუსს“ 7 ქულა აქვს და სერია A-ს „ინტერთან“, „ტორინოსა“ და „უდინეზესთან“ ერთად ლიდერობს, ხოლო „რომა“ 2 ქულით მე-16 ადგილზეა. მომდევნო ტურში ტურინელები „ემპოლის“ ესტუმრებიან, რომაელები - „ჯენოას“.