"შტურმის" მწვრთნელი: "თავდაჯერება კიტეიშვილის გოლის წყალობით დავიბრუნეთ"

გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა „ტიროლთან“ გამარჯვების (4:2) შემდეგ ისაუბრა.

მან გამოარჩია ოთარ კიტეიშვილის გოლი, რომელმაც 45-ე წუთზე გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 1:2 გახადა. სწორედ აქედან დაიწყო გრაცელთა ქამბექი და 0:2-დან 4:2 მოიგეს, ხოლო კიტეიშვილმა თავი გოლის გარდა, საგოლე პასითაც გამოიჩინა.

„რთული თამაში იყო, რაშიც დამნაშავე ჩვენ თვითონ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად დავიწყეთ, პირველ ტაიმში ნელა ვმოქმედებდით. მეტოქე ძალიან თავდაჯერებული იყო, ორი გოლის გაშვების მერე კი, ჩვენ ენერგია გამოგვეცალა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს კიტეიშვილის გოლის წყალობით თავდაჯერება დავიბრუნეთ, ხოლო მეორე ნახევარში უფრო აგრესიულად ვთამაშობდით“, - აღნიშნა ილცერმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში 5 ტურის შემდეგ 12 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 14 სექტემბერს, ვენის „აუსტრიას“ ესტუმრება.