სოციალ დემოკრატების მასიური ჭერა საქართველოში

სოციალ დემოკრატების მასიური ჭერა საქართველოში

ბოლშევიკები უკვე საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ საქართველოში მათ არავითარი ნიადაგი არ აქვთ. მთელი ხალხი, განურჩევლად მდგომარეობისა და მიმართულების, ამ მოღალატეებს ზიზღით უცქერის და აშკარათ გმობს.

ამას ხედავენ ზნეობრივათ და პოლიტიკურათ გაკოტრებული ჩვენი კომუნისტები და გამოსავალს შურის ძიებაში ეძებენ. მიუხედავათ იმისა, რომ მენშევიკურმა პარტიამ თავიდანვე განაცხადა, რომ ის უარყოფს შეთქმულებას, რჩება მასიურ პარტიათ და აწარმოებს პრინციპიალურ პოლიტიკურ ბრძოლას თავის შეხედულებების დასაცავათ და მიუხედავათ გამოცხადებული „ამნისტიისა“, ბოლშევიკებმა პირველი დღიდანვე მიყვეს ხელი სოც. - დემ. ჭერას.

მრავალი სოც. - დემ. აგერ რამდენიმე თვეა ციხეში სხედან. მარა ჩვენი კომუნისტები ამითაც არ დაკმაყოფილდნენ. ეს ერთი ხანია მათი ცეკა მოთხოვნილებას მოთხოვნილებაზე უყენებდა რევკომს, რომ „ლიბერალური“ რეჟიმისათვის თავი დაენებებია და რეპრესიები გაეძლიერებია.

და აი, ჩამოვიდა სტალინი თფილისში, ფ. მახარაძე გადააყენეს როგორც „რბილი“ მართველი და მის ადგილას დანიშნეს ნახევრათ გიჟი ბ. მდივანი.

ამის შემდეგ დაიწყო გაძლიერებული ძებნა და ჭერა მენშევიკებისა. თფილისში დაატუსაღეს მრავალი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: სილ. ჯიბლაძე, ის. რამიშვილი, ალ. ლომთათიძე, ალ. დგებუაძე, ნოე ცინცაძე, ან. ჭიაბრიშვილი, ალ. ფარნიევი, კ. გოგუა, გ. მახარაძე და სხვები. გურიაში - სიო ჭანტურიშვილი, კალე ქავთარაძე და სხვ. ეძებდნენ დ. შარაშიძეს, რომელიც უკვე საზღვარგარეთ იმყოფება. თფილისში დატუსაღებულნი - ყველა მეტეხში მოათავსეს. ნახვის ნებას არ იძლევიან. პირობები საშინელია. ციხეში დატუსაღებულთ საჭმელს ვერ აძლევენ, თუ არ აძლევენ.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბოლშევიკებმა დაკარგეს იმედი საქართველოზე და ებრძვიან რითაც და როგორათაც შეუძლიათ ამ „თეთრ გვარდიელების ბუდეს“. ასე „ეგუებიან“ ისინი საქართველოს განსაკუთრებულ პირობებს!

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას