ზოგიერთი ცნობით, აჭარის ლიდერი მზად არის „შერიგების ხელი გაუწოდოს ყველა პარტიას“, გარდა რამდენიმე რადიკალურად ოპოზიციური ორგანიზაციისა, რომლებიც მას წლების განმავლობაში ებრძვიან.
აბაშიძემ პირდაპირ დაასახელა კიდეც ეს პარტიები - მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი „რესპუბლიკელებს“ უკავიათ.
ასლან აბაშიძის განცხადებაში „მოქალაქეთა კავშირი“ ნახსენებიც კი არ არის, ანუ „აჭარის ლომი“ არც მოქალაქეებთან შერიგებას გამორიცხავს. ბოლოდროინდელი მკვეთრი განცხადებების შემდეგ ეს შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს რომ, ჯერ ერთი, მომავალი საპარლამენტო სკანდალი ფრაქცია აღორძინების „ბრალდებებთან“ დაკავშირებით გაურკვეველი ვადით გადაიდო. მეორეც, ასლან აბაშიძე აშკარად რაღაცამ შეაშფოთა. სიმპტომატურია მისი სიტყვები: ინტელიგენციის მხარდაჭერას ვერ ვგრძნობო. მართლაც, მან ელიტის თანადგომა ვერ მოიპოვა, მის გარეშე კი წარმატების მიღწევა გაუჭირდება, მით უმეტეს, თუ იმ შორსმიმავალ გეგმებს გავითვალისწინებთ, რომელიც ნამდვილად გააჩნია. მან ემოციებიც ვერ მოთოკა და ბათუმში ამასწინანდელი შეხვედრისას ინტელიგენცია გაანაწყენა. შეუძლებელია, ამას სერიოზული შედეგები არ მოჰყვეს ქართული ელიტის ტრადიციული გავლენის გამო.
დაძაბულობამ თბილისსა და ბათუმს შორის თვით აჭარის ხელისუფლებაში გააჩინა ბზარი. განსაკუთრებით დიდ მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა აჭარის სტატუსთან დაკავშირებული სკანდალი. ასლან აბაშიძე მიხვდა, რომ გადააჭარბა და მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომლის მიღმაც „ქართულ პოლიტიკურ სცენაზე“ უკვე ვეღარ ითამაშებდა.
ამიტომ, მაინც დაძაბულობის შერბილება ამჯობინა, თუმცა მომავალ სამშაბათამდე არც ისე დიდი დროა და ყველაფერს საპარლამენტო დისკუსია წარმოაჩენს.
ზურაბ ჟვანია ასე ადვილად „წასაქცევი“ ფიგურა არ აღმოჩნდა. როგორც კი ვითარება დაიძაბა, უმალვე გაირკვა: მას სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. არსებობს „ფარული დინებებიც“. მაგრამ ერთი რამ აშკარაა: „რესპუბლიკელები“ ნამდვილად ლოიალურნი გახდნენ „ჟვანიას გუნდის“ მიმართ, თუმცა მაინც საყვედურობენ: დღეს რასაც ამბობ, ჩვენ გუშინ მივხვდით და მაშინ არ გვიჯერებდითო. თუ ასე გაგრძელდა, ასლან აბაშიძემ შეიძლება მძლავრი ოპოზიცია შეიქმნას, რომელსაც მომავალ საარჩევნო ბატალიებში ასე ადვილად ვერავინ ვეღარ დაშლის და დაამარცხებს.