დანიის საელჩო, მიშას „დემოკრატიის“ პატივსაცემად, რეგიონებში „დემოკარტიის ფესტივალებს“ ატარებს 

დანიის საელჩო, მიშას „დემოკრატიის“ პატივსაცემად, რეგიონებში „დემოკარტიის ფესტივალებს“ ატარებს 

არასამთავრობო ორგანიზაციის, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) ორგანიზებით რეგიონებში „დემოკრატიის ფესტივალი“ იმართა, რომელშიც მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება დანიური მხარის მიერ არის დაფინანსებული. საქართველოს კანონმდებლობა, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, კრძალავს პოლიტიკური პარტიების უცხოურ დაფინანსებას. თუმცა EECMD-ის დამფუძნებელი და რამდენიმე თანამშრომელი პირდაპირ არიან პოლიტიკაში ჩაბმული, კერძოდ, პარტია „ლელოსთან“ არსებული გაერთიანების ქვეშ.

უფრო მეტიც, ორგანიზატორების მიერ ფესტივალში მონაწილეობისთვის შერჩეული პოლიტიკური პარტიები აღნიშნულ ფესტივალს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, პოლიტიკური აგიტაციის გზით ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას, არიგებენ საკუთარი პოლიტიკური პარტიების ბროშურებს, დგამენ სააგიტაციო ბანერებს. „დემოკრატიის ფესტივალზე“ წარმოდგენილია მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ბილბორდი, ასევე ფესტივალის მონაწილეებს აცვიათ თეთრი მაისურები, სადაც სააკაშვილის პორტრეტია გამოსახული.

სააკაშვილი მსჯავრდებულია რამდენიმე მძიმე დანაშაულში. დამნაშავის პოლიტიკური დღის წესრიგის ამგვარი წახალისება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოადგენს დანაშაულზე დაფუძნებული მმართველობის გამართლებას და რომანტიზებას. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ფესტივალის ფორმატის სამართლებრივი მხარე პრობლემურია. მისი აქტივობები თავისი არსით წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აგიტაციის მხარდაჭერას უცხოური დაფინანსების გზით და ეს შეიძლება მივიჩნიოთ საარჩევნო პროცესში უცხოურ ჩარევად, რაც არსად არ იქნებოდა მისაღები, მათ შორის, არც დანიაში.

„ამ მასშტაბის დარღვევები ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შესაბამისი აქტორის მხრიდან შესაბამის განმარტებას საჭიროებს. ხალხი იმსახურებს პასუხს. ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის წესებსა და პროცედურებს. თუმცა, საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულებისა და მედიის მხრიდან არსებული კითხვების მიუხედავად, დანიის საელჩო დუმს. საქართველო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ზოგიერთმა მათგანმა წესების დარღვევაც დაიწყო, მათ შორის, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებით. როგორც ჩანს, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები საარჩევნო დარღვევების გზას დაადგნენ იმის იმედად, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები ამ ფაქტზე თვალს დახუჭავენ“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დედაქალაქის მერის განცხადებით, დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, პირდაპირ უცხოეთიდან ხდება ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. როგორც კახა კალაძე აცხადებს, „დემოკრატიის ფესტივალი“ უბრალოდ, შეფუთულია დემოკრატიის ფესტივალად, სახელი დაარქვეს, რეალურად, ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც დანიის მთავრობისგან ფინანსდება.

„სამწუხაროა ეს ყველაფერი. პირდაპირ, ღიად უცხოეთიდან, სახელმწიფოებიდან ხდება ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. წარმოუდგენელია, ასეთი რამ ევროპულ ქვეყნებში რომ მოხდეს, პირველი, რაც გაკეთდებოდა, იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება თანხების შემოსვლა, დაფინანსება, გაძევებული იქნებოდა. შესაბამისად, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება აღნიშნული თანხების გადმორიცხვა და პირდაპირ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. რა დემოკრატიაზეა საუბარი, ღიად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებსა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დანიის საელჩოს მიერ დაფინანსებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალში“ შეგნებულად არ მონაწილეობს „გახარია საქართველოსთვის“, რადგან მიაჩნიათ, რომ მათი მხრიდან ამ პროცესში მონაწილეობა არასწორია. მიხეილ დაუშვილის თქმით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს.

„სამწუხაროდ, გარკვეულ კითხვებს ბადებს, ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ პროცესის ორგანიზება, მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობის“ მონაწილეობა, თუმცა ვერანაირად ვერ დავდებ ბრალს თვითონ დანიის სახელმწიფოს. ეს არის მხოლოდ მათი დაფინანსება, როგორ განიკარგება თანხა, ამას კონკრეტული ორგანიზაცია წყვეტს.

დანიის სახელმწიფოს მხრიდან ეს ჩარევად არ მიმაჩნია. კითხვა ჩნდება, ეს არის რიგითი საქმიანობა კონკრეტული ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც თანხას განკარგავს თუ წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა? ჩვენს გეგმავს მივყვებით და სადღაც „ნაცმოძრაობა“ რომ შეიკრიბა, იქ რატომ უნდა ვმონაწილეობდეთ?“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

სააკაშვილის პორტრეტიანი მაისურის ჩაცმის სურვილი არ აქვთ „გირჩის“ წევრებს. იაგო ხვიჩიას შეფასებით, ოპოზიციონერ კოლეგებს თბილისში საქმის კეთება როცა ეზარებათ და დასვენება მოუნდებათ, მიდიან რეგიონებში და არავის არ იცის, რას აკეთებენ, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ საქმეზე არიან წასული. ხვიჩიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები რეგიონებში სიარულის ნაცვლად, სამომავლო გეგმებზე უნდა მუშაობდნენ.

„სამწუხაროდ, რეგიონებში სიარულმა შემდეგი სახე მიიღო - ჩვენს კოლეგებს თბილისში საქმის კეთება როცა ეზარებათ და დასვენება მოუნდებათ, იტყვიან, წავედით რეგიონებშიო. კაცმა არ იცის, რეგიონებში რას აკეთებენ, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ საქმეზე არიან წასული. ჩემი აზრით, ახლა საქმის კეთება თუ გინდა, დედაქალაქიდან გასვლა არ შეიძლება, რადგან ჯერ გეგმა არ გაქვს ჩამოყალიბებული – რას აკეთებ, ვისთან ერთად აკეთებ, რას აპირებ, როგორ წარმოგიდგენია „ქართული ოცნების“ შემდეგ ხელისუფლება, რომ მართლა გადმოგაბაროს ქართველმა ხალხმა.

ამ კითხვებზე რომ პასუხი არ გაქვს და რეგიონებში მიჰქუსლავ ვითომ საქმის გასაკეთებლად, ჩემი აზრით, ეს არის არგუმენტი შატალოსთვის. სად წახვედი, გაკვეთილებს ვაცდენდიო ხომ არ ეტყვი - რეგიონებში ვიყავი, ხალხს ველაპარაკებოდიო ეტყვი. ვინ შეგიმოწმებს, რეგიონებში დასასვენებლად მიდიხარ, ე.წ. ზაგრის მისაღებად თუ ხალხთან სალაპარაკოდ. ამის მტკიცება შეუძლებელია. სამწუხაროდ, სწორედ ასე იქცევიან ჩვენი კოლეგები“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„დემოკრატიის ფესტივალის“ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მიესალმება „ნაციონალური მოძრაობა“ და მიაჩნიათ, რომ ასეთი ფესტივალის გამართვა აუცილებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პარტიის ლიდერი ციხეშია. დავით კირკიტაძის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ბანერები ყველგან იქნება წარდგენილი, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“.

„მისასალმებელია დემოკრატიაში მათ მიერ გაღებული წვლილი და მათ მიერ ჩადებული ინვესტიცია. ამიტომ, მივესალმები და ვისურვებდი უფრო დიდი და ფართო მასშტაბები ჰქონდეს მსგავს ღონისძიებებს. სადაც ჩვენ ვართ, ყველგან იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ბანერი. იქ, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

დანიის საელჩო ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს კითხვას, რა მიზანს ემსახურება საელჩოს მიერ დაფინანსებული „დემოკრატიის ფესტივალი“ და მსჯავრდებულ სააკაშვილის გათავისუფლების ბანერების გამოფენა. ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე არ არის დარწმუნებული იმაში, რომ დონორებმა არ იცოდნენ რაში იხარჯება მათი ფული. მისი თქმით, იციან და მიზანმიმართულადაც ახალისებენ ამ პროვოკაციულ კამპანიებს.

„აი, ზუსტად ისე იციან, როგორც 2003-2012 წლებში იცოდნენ სისტემური ძალადობა, უუფლებობა, ბიზნესის რეკეტი, მედიაზე ძალადობა და ავტორიტარული რეჟიმი. დიახ, მაშინ ჩუმად იყვნენ, რადგან სააკაშვილი თუ ნაძირალა იყო, მათი ნაძირალა იყო და ეპატიებოდა ყველაფერი უპირობო მორჩილების სანაცვლოდ. ახლა, ისეთივე უპირობოდ მორჩილ ხელისუფლებას ითხოვენ დონორები, იმიტომ რომ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომში არ ერთვება, სანქციებს არ აწესებს და ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს. ამიტომაც დონორები ბრაზობენ და თუნდაც, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სასამართლოთი მსჯავრდადებულ მოძალადეს პოლიტიკურ პატიმრად გვიცხადებენ, კვლევებს აყალბებენ, პოლიტიკურ პროცესებში ღიად ერევიან და ყველაფერს კადრულობენ საქართველოში არეულობის მოსაწყობად. აქედან გამომდინარე, ქართველმა ხალხმა, 26 ოქტომბერს, დონორ-ბენეფიციარიანად პოლიტიკური წესი უნდა აუგოს და სამუდამოდ აუკრძალოს უცხო ქვეყნის აქტორებს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ქადაგიძე.

 

მერაბ.g მეტი მიშასა და ხაზარაძისნაირი დანიაში!
3 თვის უკან
trampi დანია უბრალოდ ამერიკის დავალებას ასრულებს
ეგაა მთელი მაგათი დემოკრატია
3 თვის უკან