მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი წინა-ღამე ახალის წლისა მალე გათენდეს-მეთქი. მე მახსოვს ეს წინა-ღამე, ეს წინა-ღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, საცა ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი.
იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდით, ხვალე გვახსოვდა, ხვალეს ვნატრობდით. გარეთ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ-ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა.
შინ ოთახებში დავფუსფუსებდით: იქ იყო, რაც იყო. აქ ალვახაზსა ჰზელდნენ, იქ ნუშს და ნიგოზს არჩევდნენ გოზინაყისათვის, აქეთ უცეცხლო თაფლი თითს გვიქნევდა, მოდით პირი ჩაიტკბანურეთო, იქით დედა-ჩვენი ბუხარში თაფლს ადნობდა და თაფლი თითქო გვეუბნებოდა: დაიცადეთ ხვალამდე, დღეს მე თქვენთვის ვდნებიო. ჩვენ თვალებ-დაჭყეტილები ამაებ-შორის დავძვრებოდით და ბედნიერები ვიყავით, თუ როგორმე მოვასწრობდით და თითს ამოვავლებდით თაფლს. სიცილს, ხარხარს და დედის უგულოდ ტყუილად ჯავრობას ბოლო არა ჰქონდა.
ჩვენც ვიცოდით, რომ არც დედა, არც მამა გულით არ გვიჯავრდებოდნენ და ხელებს ვაფაცურებდით, აცა რამ მოვიცხოთო სალოკავად. ყველაზედ უფროსი ჩვენში თორმეტს წელს არ იყო გადაცილებული.
მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი რამ კარგი წაგვართვა და თან წაიყოლა. დაგვეხოცა დედ-მამა, მომიკვდა ორი ძმა, გარდამეცვალა ერთი დაცა. დავრჩით ამ ქვენიერობაზედ მარტო ორნი და-ძმანი. ეხლა ერთსაცა და მეორესაც თმაში ჭაღარა გვირევია, და როცა ახალი წელიწადი მოდის, მინდა თუ არა, ცრემლიანის თვალით უკან მიმახედებს ხოლმე.
ვხედავ ჩემს თავს ჩვენს პატარა სოფელში, ჩემს პატარა ფუნჩულა და-ძმებ შორის, ვხედავ, როგორ დაგვხარიან შვილებს დედა, მამა, როგორ შევხარით ბავშურის სიხარულითა დედას, მამას. მესმის ტრედივით უგუნური ტიტინი ჩემის პატარა დის, პატარა ძმისა, მომესმის ჭკუადამჯდარი, სიყვარულიანი ლაპარაკი დედი-ჩემისა, მამი-ჩემისა.
დღეს ყოველივე ეს მარტო ტკბილი სიზმარია. დღეს იქ, იმ პატარა სოფელში, საცა ამოდენა სახსოვარი აუგია ჩემს გულს, მარტო ხუთი სამარეღაა და ამ სამარეებში მარხია ყოველივე ის, რისთვისაც ეხლა გული მეწვის, გული მედაგება. იქ მარხია დედა, მამა, ორი ძმა და ერთი და, და ამასთან ერთად ჩემი ყმაწვილობაცა, ესე იგი, იგი ბედნიერება, რომელიც წავიდა და თავის დღეში არ მომიბრუნდება.
წავიდა ის ბედნიერი დრო და აღარ მოვა. წავიდა და გული ჰკვნესის რაღაც სხვანაირ ტკივილისა, რაღაც სხვანაირ მწუხარებისაგან, რომელსაც ზოგჯერ ადამიანი სიხარულზედაც არ გასცვლის ხოლმე. ტკბილია კვნესა ამ ტკივილისა, ტკბილია ცრემლი ამ მწუხარებისა. აქ კვნესა ნიავსავით აგრილებს გულის-წვასა და ცრემლი ჰნამავს გადამჭკნარ გულსა გამოსაცოცხლებლად. ვიღამაცა სთქვა: დატკბობა საამური ტკივილიაო, და სწორედ ამისთანა ტკივილია ეს ტკივილიცა.
ილია ჭავჭავაძე