ქართველი ანალიტიკოსების აზრით, „ვივამედი“ პრესტიჟული კლინიკაა და იქ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის შენახვა და მოვლა სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველდღიურად ძალიან ძვირი უჯდება, მით უმეტეს ახლა, როცა ის ოროთახიანი ლუქს პალატიდან სამოთახიან ლუქსში განამწესეს. ამდენად, ანალიტიკოსები for.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ დროა, პირუთვნელმა მედიკოსებმა საბოლოო დასკვნა დადონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც ფსიქიატრიულ დასკვნასაც გულისხმობს და ეს ადამიანი გადაიყვანონ იქ, სადაც ეკუთვნის.
ის ფაქტი, რომ „ვივამედის“ ხელმძღვანელობამ სააკაშვილისთვის პირობები გააუმჯობესა, საზოგადოების ნაწილსაც არ მოსწონს. მათი აზრიც იგივეა, რომ სამოთახიან ლუქსში გაცილებით მეტი თანხები დაიხარჯება ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის, ვიდრე ოროთახიან ლუქსში იხარჯებოდა, ეს კი ნიშნავს, რომ პრეზიდენტყოფილის კომფორტისთვის ისევე ნიავდება სახელმწიფოს ფული, როგორც ეს მისი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა.
თანაც, აქ მეორე პრობლემაცაა. უამრავი პატიმრის მდგომარეობა შერყეულია, მაგრამ არავინ ფიქრობს, ციხიდან მათ გადაყვანას პრესტიჟულ კლინიკაში, მხოლოდ სააკაშვილისთვისაა განსაკუთრებული პირობები.
„ხალხის ძალა“ უკვე წლებია, სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს და აცხადებს, რომ მიშას ოროთახიან ლუქსში კი არ მიესაჯა სასჯელის მოხდა, არამედ ციხეში.
როგორი იქნება „ვივამედის“ პაციენტის პერსპექტივა და რას მოასწავებს ოროთახიანი ლუქსიდან სამოთახიან ლუქსში მისი გადაყვანა? ეს ხომ არ არის იმის პრელუდია, რომ კომფორტის დრო შეიძლება დასრულდეს და სააკაშვილი ისევ ციხეში აღმოჩნდეს?!
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით, იმ ნაწილისთვის, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ნაცრეჟიმის მსხვერპლი იყო, ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც ესმის, რომ სააკაშვილი არის ოროთახიან თუ სამოთახიან ლუქს პალატაში, აქვს ტელევიზორი, აქვს წვდომა სოციალურ ქსელებთან და მისი ოჯახი მაინც უკმაყოფილოა.
„როგორც არამედიკოსი, ვერაფერს ვერ ვიტყვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ვიცით, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან სხვა პატიმრები საქართველოში, მაგრამ ისინი არ სარგებლობენ ლუქს პალატებით. რაც შეეხება გიული ალასანიას მორიგ ჭორს და ოჯახის საახლობლოდან წამოსულ სისულელეებს, ჩვენ აქამდეც მოგვისმენია, თითქოს სააკაშვილს წამლავდნენ, თითქოს გამხდარი იყო, თითქოს ასხივებდნენ. ეს არ დადასტურდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ამ დეზინფორმაციის ავტორებმა არ შეიმჩნიეს, თუ რაოდენ სასაცილო, ჯამბაზურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუმცა უტიფარი ადამიანებისგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, უტიფარ ადამიანთან მიმართებით სინდისსა და ნამუსზე აპელირება არ შეიძლება“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსის აზრით, სააკაშვილის მდგომარეობას თუ გადავხედავთ, განსაკუთრებით, მის ბოლო ტელე გამოსვლებს სასამართლო სხდომაზე, არანაირი გახმობისა და წამების ნიშნები არ აქვს ისევე, როგორც მანამდეც არ ჰქონია ასეთი ნიშნები. ამიტომ, დიდი ალბათობით, ალბათ, დაიდება მიუკერძოებელი, არაფსევდოსპეციალისტების დასკვნა მის რეალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„მე უფრო შორს წავიდოდი და ვიზიარებ ჩემი არაერთი თანამემამულის მოსაზრებას, რომ სააკაშვილი, წესით, ფსიქიატრებმაც უნდა შეამოწმონ და განსაზღვრონ მისი ადეკვატურობის მდგომარეობა, რადგან სააკაშვილის მრავალწლიანი საჯარო გამოსვლებიდან არ ჩანს, რომ ეს ადამიანი ფსიქიკურად ჯანმრთელადაა. ალბათ, მოვიდა ის დრო, ფსიქიატრების კონსილიუმმაც სიღრმისეული კვლევა ჩაუტაროს ამ ეტაპზე პაციენტ, პატიმარ სააკაშვილს“, - აცხადებს გია აბაშიძე.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კი არ გაუარესდა, არამედ გაუმჯობესდა. ოროთახიან ლუქსში იყო, ახლა სამოთახიან ლუქსშია გადაყვანილი. ალბათ, უკვე მილიონებს გადააჭარბა ბიუჯეტიდან სააკაშვილისთვის გამოყოფილმა და დახარჯულმა თანხებმა, რადგან „ვივამედი“ საუკეთესო კლინიკაა, 10-12 ექიმი თავს დასტრიალებს და ადამიანი, რომელიც ყველაზე დამნაშავეა, რაც კი ჰყოლია დამოუკიდებელ საქართველოს, ასეთ საუკეთესო პირობებშია.
„არც კიტოვანს, არც ჯაბა იოსელიანს, არავის ისეთი ზიანი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რაც მიაყენა სააკაშვილმა. რაც დაუდგინეს ბრალი, ეს წვეთი ზღვაშია იმისა, რაც მან ჩაიდინა. ყველა დანაშაული უნდა დაუმტკიცდეს, მას უნდა ჰქონდეს უვადო პატიმრობა. ყოველთვის კორექტურად გამოდის ჩვენი იუსტიციის მინისტრი და მან თქვა, ციხეში სააკაშვილის გადაყვანა ექიმების გადასაწყვეტია. როგორც კი ექიმები გვეტყვიან, რომ შეიძლება მისი გადაყვანა, გადავიყვანთ ციხეში. აქვე გავიხსენოთ ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლომ ბარე ორჯერ გაიზიარა, რომ სააკაშვილთან მიმართებით არანაირი დარღვევა არ მომხდარა“, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge- სთან საუბრისას.