ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. მათ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი, შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.
აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გარკვეული მოსაზრებები და ვარაუდები უკვე გამოითქვა, თუ რისთვის ჩამოვიდნენ ამერიკელი დიპლომატები და რა შედეგს გამოიღებს მათი ვიზიტი. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ამით „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი ეძლევა, რომ ანტიდასავლური რიტორიკა შეცვალოს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. ამასთან ჯინ შაჰინის როლზეც საუბრობენ, რომელიც მან 2012 წლის არჩევნების დროს შეასრულა, რის შედეგადაც, „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ არჩევნების შემდეგ, მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“, მიუხედავად იმისა, რომ „მას ძალაუფლება არ ეთმობოდა“.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ დასავლეთის მოთხოვნები, საქართველოსთან მიმართებით, ნათელია და მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ისინი შეასრულოს. მან ასევე ისაუბრა შაჰინის წვლილზე 2012 წლის არჩევნებში და აღნიშნა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი აქვს „შეცდომები გამოასწოროს“.
„რადგან ჩამოსვლა გადაწყვიტეს, ალბათ, თვლიან, რომ შანსი ჯერ კიდევ არსებობს და ეცდებიან ეს შანსი ბოლომდე გამოიყენონ. შესაძლოა აუცილებლად ჩათვალეს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის და არა მარტო მათთვის, გაეცხადებინათ ის თუ რას ითხოვენ პარტნიორები ჩვენგან - თუ ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, რა შეიძლება მოჰყვეს ამას ამერიკის მხრიდან.
ვიცით, რა მოთხოვნებიც არის: ეს ეხება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული პროცესის განვითარებას და ზოგადად, თუ ჩვენ გვინდა იმ სივრცეში ყოფნა, რასაც ჰქვია დასავლური დემოკრატია, მაშინ უნდა დავიცვათ ის პირობები, რაც ყველასთვის არსებობს იქ. ეს არის ბოლო შანსი „ქართული ოცნებისთვის“, რომ მან გამოასწოროს საკუთარი შეცდომები, რასაც აქამდე უშვებდა. დარწმუნებული ვარ, თუ უშუალოდ არა, გარკვეულწილად, მათ ექნებათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთანაც, არა მხოლოდ პრემიერთან, რადგან შაჰინს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება მშვიდობიანად გადაიბარა. გვახსოვს მაშინ რა ვითარება იყო - „ნაცმოძრაობა“ სულაც არ აპირებდა ასე მშვიდად ძალაუფლების დათმობას. როგორც ჩანს, ივანიშვილს შეახსენებენ ამ ფაქტს და შესაძლოა, იყოს საუბარი გარკვეულ გარანტიებზე იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს სწორად და სამართლიანად ჩაატარებს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე იმედოვნებს, რომ შაჰინი საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებას სწორად შეაფასებს. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არც „ქართული ოცნება“ უნდა იყოს და არც „ნაციონალური მოძრაობა“, არასწორია მაშინ, როდესაც მესამე, ალტერნატიული ძალის არსებობა ბუნდოვანია.
„ვფიქრობ, იმისთვის ჩამოდის, რომ წინასაარჩევნო სიტუაცია ნახოს. ასევე, ჩამოდის იმიტომ, რომ მის მიერვე გამოთქმული საყვედურები გამჭვირვალობის თაობაზე, გადაამოწმოს. ალბათ, მიაღწია ამერიკამდე იმ ვერსიამ, რასაც ხაზი ესმევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ამერიკა ამზადებს გადატრიალებას არჩევნების შედეგით. აქ არის ერთი მნიშვენელოვანი მომენტი: თუ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, მოდის „ნაციონალური მოძრაობა“. პროპაგანდის მეორე ფორმაა, რომ არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინ მესამე ვინ არის?! - ეს ფორმულა გაუგებარია. სავარაუდოა, რომ შაჰინს ამ ვერსიებში გარკვევა უნდა.
ეს ის შაჰინია, რომელმაც 2012 წელს სააკაშვილს ათქმევინა უარი ძალის გამოყენებაზე არჩევნების შემდეგ. იმედია შაჰინი დაინახავს რეალურ მდგომარეობას, არ გაიმეორებს კრიტიკას და ეცდება, უფრო ნორმალურ კალაპოტში მოაქციოს ეს ყველაფერი. ხელისუფლების შეცლის დემოკრატიული მექანიზმი არჩევნებია. ვფიქრობ, რომ შაჰინი ეცდება ეს მექანიზმი გახადოს ქმედითი ისევე, როგორც 2012 წელს გახადა. მაშინ სააკაშვილს ხელისუფლებას რომ გაემარჯვა, მის ხმებს დაიცავდა, მაგრამ ხალხმა აირჩია ივანიშვილი და დაიცვა ივანიშვილის ხმები - ანუ, შაჰინმა მაშინ დაიცვა ხალხის ხმები. როდესაც გამადიდებელი შუშით გიყურებენ, თვითმკლელობაა გაყალბებაზე წასვლა - ამ შემთხვევაში რევოლუციისთვის საფუძველი მართლა იქნება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) X-ზე დაწერა, რომ მადლიერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი - ამბიციისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს.
„სასიამოვნო იყო საქართველოში ვიზიტის პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით დაწყება. მადლიერი ვარ მისი ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი - ამბიციისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“, - წერს შაჰინი.
შაჰინთან და ტერნერთან შეხვედრა შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმაც: „მივესალმე საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს.
განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება. მათი ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
ფანდარასტი
ხოოოდა........................ზამთარში .........ზამთარში
ეგ ძაბირაძის პასუხად და კითხვაზე, თუ რას წაიღებენ ამერიკელები აქედან, ეს მე ვიცი და ალბათ სხვაც ხვდება!
არც ბავშვის წინასწარ ცემაა, დიდი სიბრძნე, აქაოდა, კოკას მაინც გატეხავო. არადა, სწორედ ამის მომსწრენი ვართ დღეს.