პური და სანახაობა არ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პარიზის ოლიმპიადით ამაყობენ ფრანგები, რეალურად, ამ ოლიმპიადამ ფრანგები შეურაცხყო და ღიად დატოვა კითხვა, რის წარმოჩენას ცდილობდნენ ფრანგები მსოფლიოს წინაშე - სისხლის შხეფების, მარია ანტუანეტას მოკვეთილი თავის, რევოლუციური პარადიგმების, წვერებიანი დედაკაცის, ცისფრად შეფერილი მამაკაცის, თუ საიდუმლო სერობის პაროდიის?!
ოლიმპიადა და პოლიტიკა ყოველთვის ერთმანეთს უკავშირდებოდა, ოლიმპიადის ისტორიას უსამართლო გამარჯვებებიც ახსოვს, მათ შორის, ეტლებით რბოლისას ეტლიდან გადმოვარდნილი და ფინიშამდე ვერმიღწეული რომის იმპერატორის - ნერონის „გამარჯვება“, როცა დამარცხებული ნერონი მსაჯებმა გამარჯვებულად გამოაცხადეს. წლევანდელ პარიზის ოლიმპიადაზეც არავის გაჰკვირვებია ქართველი სპორტსმენების მიმართ უსამართლო მოპყრობა, მაგრამ ყველაზე მთავარი, რამაც ეს ოლიმპიადა სკანდალურად აქცია, ქრისტიანული ღირებულებების შეურაცხყოფა იყო. ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ის, რომ ამ ოლიმპიადას 2 მილიარდზე მეტი ადამიანი უყურებდა და მათ გრძნობებზე ითამაშეს. შედეგიც გამაოგნებელი აღმოჩნდა, ოლიმპიადის ცერემონიამ თანაბრად აღაშფოთა ქრისტიანებიც, მუსლიმანებიც და ათეისტებიც. აღმოჩნდა, რომ ყველას თავისი ღმერთი ყოლია დასაცავი.
ღირს თუ არა საქართველოს მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში, ამის შესახებ for.ge-ს „ჯორჯიან თაიმსის“ სპორტული ჟურნალისტი დავით ხვადაგიანი ესაუბრა.
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის გასამართლებლად ცალკეული ადამიანები იშველიებენ, რომ ფრანგები ირონიული ხალხია, მათ ახასიათებთ თვითირონიაც, მაგრამ პარიზის ოლიმპიადაზე სად იწყება თვითირონია და სად მთავრდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შეურაცხყოფა, ძნელი სათქმელია. რამდენად უღირდათ ოლიმპიადის ორგანიზატორებს ისეთი ცერემონიალის დადგმა, რომლის ვიდეოს გაქრობაც მოუწევდათ ოფიციალური გვერდიდან და რომლის გამოც გაჩნდა შეფასებები, ეს რომ მუსლიმანებისთვის გაეკეთებინათ, მუსლიმანები უპასუხოდ არ დატოვებდნენ?
- წარმოუდგენელია ის, რაც პარიზის ოლიმპიადაზე მოხდა. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადიდან მოყოლებული, ვუყურებ ოლიმპიურ თამაშებს, მათ გახსნას, დახურვას, თამაშების მსვლელობას და ასეთი არაფერი მახსენდება. ფრანგების თვითირონიულობაზე როცა საუბრობენ, ეს ცოტა უცნაურია. შევხედოთ, რა ტენდენციებია მთელ მსოფლიოში - „არა ძალადობას“, „არა ლგბტ საზოგადოების აუგად მოხსენიებას“, ამ დროს თუნდაც იმავე ფეისბუკში საკმარისია ირონიული კომენტარი გამოაქვეყნო ამ თემებთან დაკავშირებით, მაშინვე დაგბლოკავენ და მთელი ამბავი ატყდება, რომ თქვენი გამონათქვამი ჩვენს სტანდარტებს არ შეესაბამება. უბრალო ირონიაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. საინტერესოა, ფრანგებს ეპატიებათ ასეთი ირონია, მარია ანტუანეტას მოჭრილი თავი რომ ამღერეს?! არ ვიცი, ეს რანაირი ირონიაა და რანაირი დაცინვაა. როგორ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ასეთი დაცინვა დაიწყო, მით უმეტეს, ასე სასტიკად დასჯილი ადამიანის სიკვდილზე. ან კიდევ, რას ნიშნავდა ის ფაქტი, რომ წინ და უკან დადიოდნენ ქალების კაბაში ჩაცმული წვერებიანი კაცები. თუ ეს ირონიაა, მაშინ გამოდის, ფრანგები თვითონვე დასცინიან იმას, რასაც ეწინააღმდეგება დღეს მსოფლიოში გაბატონებული ლგბტ იდეოლოგია და პროგრესული დასავლეთი?! ასე რომ, სუსტი არგუმენტია, თითქოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით ფრანგები თვითირონიას ან ირონიას მიმართავდნენ.
თქვენ ახსენეთ ფეისბუკი, სადაც არავის პატიობენ განსხვავებულ აზროვნებას. წინათ ასეთი საჩითირო საკითხები, მათ შორის, ლგბტ თემები ფეისბუკის ე.წ. დახურულ კლუბში განიხილებოდა, დღეს ამ „ტრენდმა“ დახურული სივრციდან გლობალურ პოლიტიკაში გადაინაცვლა და პარიზის ოლიმპიადასაც შეეხო. რამდენად იგრძნობოდა გლობალისტური ძალების პოლიტიკის გავლენა ამ ოლიმპიადაზე და დექრისტიანიზაცია მათი მხრიდან?
- კი ბატონო, პოლიტიკა იგრძნობა ამ ყველაფერში და ეს თვალსაჩინოა ლგბტ თემის პროპაგანდით. ზუსტად აღნიშნულ ფორუმებში იძენს ეს საკითხი მნიშვნელობას და იგრძნობა, რომ წახალისებულია დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში. ეს არც ტოლერანტობით იფუთება, არც მიმტევებლობით და აგრესიულ ფორმას ღებულობს. რატომღაც აღმატებულ კატეგორიაში არიან ასეთი ადამიანები და ჩვეულებრივი ჰეტეროადამიანებისგან განსხვავებით, თითქოს გამორჩეულ კასტად ყალიბდებიან. თუნდაც რასობრივ საკითხებს შევეხოთ, ფერადკანიანი ადამიანები ევროპულ ქვეყნებში ასევე პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, საკმარისია მათთან რაიმე უთანხმოება მოგივიდეთ, მაშინვე დაგაბრალებენ ნაციზმს იმის მიუხედავად, მტყუანია ლგბტ პირი, თუ მართალი, საკმარისია, პოლიციაში ერთი ზარი და ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში, თუკი შეეწინააღმდეგა, არ დაუთმო ასეთი ტიპის ადამიანებს. ამით ისინი მარტივად სარგებლობენ და ყალიბდება სხვაგვარი აპარტეიდი.
ლგბტ თემის პროპაგანდა რატომ არის გარკვეული ძალებისთვის მნიშვნელოვანი? ეს ხომ არ წარმოადგენს მალთუსის თეორიის გაგრძელებას, რომლის მიხედვითაც, დედამიწა გადაიტვირთა, აღარ ყოფნის შესაბამისი რესურსები, სურსათი მცირდება და საჭიროა მოსახლეობის გაცხრილვა, ანუ თვითკასტრაცია. ცივილიზებულ დასავლეთში, საიდანაც ცდილობენ ლგბტ პროპაგანდა თავს მოგვახვიონ, მოსახლეობა არ მრავლდება, მრავლდებიან მხოლოდ ჩასული მიგრანტები. სხვათა შორის, კორონავირუსის შესახებაც ამბობდნენ, რომ ესეც მალთუსის თეორიის გაგრძელება იყო და უნდა გაეცხილათ ადამიანებისგან დამძიმებული დედამიწა. ხომ არ ფიქრობთ, რომ დედამიწა თვითლიკვიდაციისკენ მიექანება?
- კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებს მაინცდამაინც არ ვემხრობი, მაგრამ ლოგიკურად რომ გავყვეთ იმ ჯაჭვს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, გაფიქრებინებს ადამიანს, რომ რაღაც ისეთი არ ხდება, როგორც, ვთქვათ, ხდებოდა წლების წინ და კაცობრიობა თავისი ნორმალური რიტმით ვითარდებოდა. განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარკვეულ წესებზე შეთანხმდნენ ადამიანები, იყო გარკვეული ტენდენციები, ერთმანეთისადმი მიბაძვა კარგი კუთხით. თუნდაც საბჭოთა დროინდელი ლოზუნგი მახსენდება-„დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას“. უმეტესწილად, ეს პოზიტიური კუთხით იყო წარმოჩენილი და არა იმ კუთხით, გინდათ თუ არა მაინცდამაინც ატომური ბომბი შევქმნათო. ცხადია, ატომური ბომბის შექმნაშიც ვეჯიბრებოდათ ერთმანეთს და აქაც იყო მიბაძვა რუსეთის მხრიდან.
ფაქტია, მთელ მსოფლიოში დღეს კულტურული რასა ნადგურდება...
- ალბათ, კაცობრიობის ცხოვრების წესის, სტილის გადაწყობა ხდება. ვერაფერს გამოვრიცხავ, ფაქტია, ამ მხრივ სარგებლობენ ცალკეული ქვეყნები, განსაკუთრებით, აღმოსავლური ქვეყნები. იმავე ოლიმპიადას რომ მივუბრუნდეთ, არანაირი რასისტული განწყობა არ გამაჩნია, მაგრამ უშუალოდ საფრანგეთის სპორტსმენები რომ ავიღოთ, თქვენ ხედავთ, როგორ არის დაცული „ბალანსი“, ნებისმიერი სპორტის სახეობაში გადაშავებულია საფრანგეთი და თეთრკანიანს წამლად ვერ იპოვი. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, ფრანგემა ჩაიქნიეს ხელი, რომ მათი საქმე არ არის სპორტი და მიანდეს ეს ემიგრანტებს აფრიკიდან, თუ კიდევ სხვა რამ ხდება და ფიზიკური მონაცემებით ყველა სახეობაში თეთრკანიანებს მუქკანიანები სჯობნიან.
სხვათა შორის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აქებს პარიზის ოლიმპიადის რეჟისორს, კარგი გადაწყვეტილება იყო, ამ ოლიმპიადით ყველა ფრანგი ამაყობსო. თქვენ თვლით, რომ მართლაც უკლებლივ ყველა ფრანგი ამაყობს პარიზის ოლიმპიადის გახსნის რეჟისორული გადაწყვეტილებით?
- რა გითხრათ, პატრიოტიზმი, ზოგადად, ფრანგებს ახასიათებთ, უბრალოდ, შეიძლება ამას ხმამაღლა არ გამოხატავენ. თუმცა ის, რაც ოლიმპიადაზე იყო წარმოდგენილი, ის ფრაგმენტები, საამაყო ნამდვილად არ ყოფილა. როგორ შეიძლება, გილიოტინა გეამაყებოდეს ან რაღაც მსგავსი უბედურება. სხვათა შორის, ორგანიზატორებმა არაპირდაპირ, მაგრამ ბოდიში მაინც მოიხადეს, თქვეს, არ გვინდოდა არავის შეურაცხყოფა, უბრალოდ, ეს არ იყო ის, რაც თქვენ იფიქრეთო. თუ ეს არ იყო ის, რაც მათ ჩაიფიქრეს, მაშინ რის გამო მოიხადეს ბოდიში?!
სხვათა შორის, „შარლი ებდოც“ სწორედ ფრანგების ხელწერაა. ზუსტად ფრანგებმა იწვნიეს ტრაგედია, როცა ფრანგულ კარიკატურულ ჟურნალში მუჰამედის გაშარჟება გადაწყვიტეს.
- ზუსტად მაგაზე მქონდა აქცენტი, რაც თქვენ ახსენეთ, რომ სხვა კონფესიის რაიმე ეპიზოდი რომ გამოეტანათ ფრანგებს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, ასე თავისუფლად გაბედავდნენ ამას, გააშარჟებდნენ და გააირონიულებდნენ?! რაღაც ეჭვი მეპარება, რადგან „შარლი ებდოს“ ძალიან მწარე და სამწუხარო მაგალითი ფრანგებს აქვთ თვალწინ და ბევრი წელი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია მოხდა. ამ ოლიმპიადაზე ისე გამოჩნდა, თითქოს ქრისტიანული რელიგია ყველაზე დაბალი ღობეა და ყველაზე მიმტევებელი. ალბათ, ასე იფიქრეს ფრანგებმა, თანაც ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ქრისტიანული რელიგია მათი რელიგიაცაა და არ ვიცი, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.
ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ პოლიტიკა აშკარად იგრძნობოდა პარიზის ოლიმპიურ თამაშებში, მაგრამ ყველაზე მთავარი - სპორტი თუ იგრძნობოდა ამ თამაშებში? იქ იყო ცალმხრივი დამოკიდებულება მსაჯების მხრიდან, ქართველი სპორტსმენების დაჩაგვრა, არა მარტო ქართველების დაჩაგვრა, არამედ იტალიელ სპორტსმენსაც ალჟირელმა ტრანსგენდერმა მოკრივემ 46 წამში მოუგო. რამდენად იგრძნობოდა ამ ყველაფერში ჩაწყობა, დაჩაგვრა, არათანაბარი პირობები და გენდერული უმცირესობის რევანში გენდერულ უმრავლესობაზე?
- გარკვეულწილად, ყველა ოლიმპიადაზე იგრძნობა ხოლმე სიმპათია ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის სპორტსმენებისადმი. ეს გასაგები და ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ტრიბუნებზე უმეტესობა ამ ქვეყნის სპორტსმენების მხარდამჭერი გულშემატკივარია, გინდა, თუ არ გინდა, ეს მაინც მოქმედებს მსაჯებზე და, შეიძლება ითქვას, მსაჯები გარკვეული დოზით სუბიექტურნი არიან იმ სპორტსმენების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ მასპინძელ ქვეყანას. ძირითადად ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა, როდესაც მეტ-ნაკლებად თანაბარი მეტოქე ჰყავდათ და მცირე დახმარება იგრძნობოდა ხოლმე. ასეთი რამ ყოფილა წლების მანილზე და ამაზე ხმას დიდად არავინ იღებდა. თუმცა ამ ოლიმპიადაზე აშკარად ტენდენციური დამოკიდებულებებიც გამოიხატა, განსაკუთრებით, ძიუდოს ვგულშემატკივრობდით ქართველები და გარკვეულ ეპიზოდებში კინაღამ ამაღებინეს ხელი ძიუდოს ყურებაზე, ასე მოგებული ძიუდო მე არ ვიცი, რას ნიშნავს, მით უმეტეს, როდესაც ფრანგებს ეხებოდათ საქმე, ფაქტობრივად, ჭიდაობა რომ არ იყო და მერე ამტყდარი აჟიოტაჟი, რა კარგია, ფრანგმა მოიგო, ყოჩაღ ფრანგებსო. ასეთი რამ ჩემში გულისწყრომას იწვევდა და თან მეცინებოდა, რომ ილეთის გაუკეთებლად ადამიანი იგებდა ორთაბრძოლას და მერე შეიძლება ჩემპიონიც გამხდარიყო, ეს რაღაც არ არის ახლოს სპორტულ პრინციპებთან. რაც შეეხება ალჟირელი მოკრივის თემას, არა მხოლოდ ალჟირელი სპორტსმენია ასეთი ეჭვის ქვეშ, არამედ ტაივანელი გოგონაც, რომელიც 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის და მასზეც იგივე პრეტენზიებია. საინტერესოა, რომ ორივე მათგანი დისკვალიფიცირებული ჰყავდათ გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზუსტად იმის გამო, რომ ვერ ჩააბარეს ტესტი და ტესტოსტერონის მოჭარბებული რაოდენობა ჰქონდათ.
რატომღაც ამტკიცებენ, რომ ალჟირელი მოკრივე ბიოლოგიურად ქალია, რასაც თურმე მისი პასპორტიც ადასტურებს. არადა, მის მოქმედებაში იგრძნობოდა, რომ ის ბიოლოგიურად ქალი იყო?
- როდესაც რომელიმე სპორტსმენის სისხლში ტესტოსტერონი ბობოქრობს, ამაზე დისკვალიფიცირება ნებისმიერ სპორტშია, რადგან ეს დოპინგად ითვლება. არ ვიცი, რატომ დააფარეს ხელი ალჟირელ სპორტსმენს. პოლონელმა გოგონამაც ხელი არ ჩამოართვა ამ ალჟირელს, როცა წააგო. ალჟირელი ტაივანელსაც შეხვდა, შემდეგ-ბულგარელსაც. ბულგარელი მწვრთნელი პლაკატებით გამოვიდა - „ეს ქალთა კრივი არ არის და რაღაც იღონეთო“. არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოხატა ამასთან დაკავშირებით გულისწყრომა. იტირა იტალიელმა გოგონამ და მთელი იტალია ფეხზე დადგა, როცა მოუგო ალჟირელმა მოკრივემ. იმ დროს ხელი არ ჩამოართვა იტალიელმა გოგონამ ალჟირელს და ორიოდე დღის წინ უკვე პოზიცია შეიცვალა იტალიელმა გოგონამ და ამბობს ამ ალჟირელის შესახებ, მას ჩავეხუტებოდიო. აქ უკვე ეჭვები ჩნდება, რაშია საქმე, როდესაც იტალიელი ასეთი ნაწყენი წავიდა რინგიდან, ახლა უცბად გული მოულბა?! არის კიდევ ძალიან ბევრი სხვა გამოხატულებები სპორტის სხვა სახეობებშიც, ამაზე, ალბათ, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ უფრო დაწვრილებით იქნება საუბარი, ანალიტიკოსებიც, ექსპერტებიც და სპორტთან დაახლოებული ადამიანებიც გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. ჯერჯერობით მაინც მიმდინარეობს ოლიმპიადა და ყველა ერიდება რადიკალური განცხადების გაკეთებას. ფაქტი ერთია, ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობა აცხადებს, რომ ყოვლად საშინელი ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს მაშინ, როდესაც პირიქით უნდა იყოს და ოლიმპიადა ადამიანებს სიმპათიებს უნდა აღუძრავდეს.
შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე სამარცხვინო ოლიმპიური თამაშები იყო, სადაც სხვა რომ არაფერი, ქართველი სპორტსმენები დაგვიჩაგრეს?
- ჯერჯერობით ზუსტად ამ კუთხით შეიძლება განხილვა, მაგრამ, მოდით, დასრულდეს ოლიმპიადა. რაც შეეხება ქართველ სპორტსმენებს, იყო შეცდომები ჩვენი სპორტსმენების მხრიდანაც, იყო უსამართლო შეფასებაც, მაგრამ სანდრო ბაზაძის შემთხვევაში, ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე ასე უმსგავსოდ და თავხედურად წააგებინო სპორტსმენს, მე არ ვიცი, სად წერია ასეთი რამ. თანაც, თუკი წინაზე მსაჯმა გადაწყვიტა და მაშინ აშკარად მოგებული მედალი ჩამოართვა სანდროს, ამჯერად ქალებმა გადაწყვიტეს მისი ბედი. არ მინდა, ეს სექსისტურ განცხადებად გამომივიდეს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ სანდროს ჩხვლეტაა და ის ქალები ჯიუტად ამტკიცებენ, არა, გინდა თუ არა, წააგეო და მეტოქეს ანიჭებენ უპირატესობას. გურამ თუშიშვილის თემაც გავიხსენოთ, ტედი რინერმა მის მიმართ უღირსი ქმედება ჩაიდინა, გურამმაც უკვე ვერ მოთოკა ემოციები, შეეპასუხა და ამის გამო დაისაჯა, რადგან არასპორტულ საქციელად ჩაუთვალეს. ის რატომ არ განიხილეს, რამაც განაპირობა ე.წ. არასპორტული საქციელი?! მანამდე არ იყო ტედი რინერის არასპორტული ქცევა?! აქაც, ალბათ, იმან იმოქმედა, რომ მაინც ტედი რინერია, ძიუდოს ლეგენდა, ფრანგია, საჩემპიონოდაა შემართული და მას არ დასჯიდნენ.
საერთოდ, ღირს თუ არა ასეთ ოლიმპიადებში ქართველების მონაწილეობა, სადაც ცდილობენ, გამარჯვებაც მოგპარონ და ე.წ. განვითარებული სამყაროს დეგრადირების მონაწილედაც გაქციონ? მით უმეტეს, ქართველები ქრისტიანული ერი ვართ და რას ნიშნავს „საიდუმლო სერობის“ შეურაცხყოფა, ან ოლიმპიადაზე ტრანსგენდერების მონაწილეობა?
- ოლიმპიადის პრინციპი ყოველთვის იყო კეთილშობილური, სპორტში მთავარია მეგობრობა, ურთიერთობა. წინასწარ არავინ არ გვიჩვენებს, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე რა იქნება წარმოდგენილი და წინასწარ არავინ გვეტყვის, მსაჯები უსამართლოდ მოგვექცევიან თუ არა, ეს უკვე ოლიმპიადის მიმდინარეობისას გაირკვევა. მეორე მომენტია, რომ სპორტსმენი ემზადება 4 წლის მანძილზე, თავს იკლავს იმისთვის, ოლიმპიადაზე გავიდეს და უცბად ვინმემ რომ გადაუწყვიტოს, არ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაზეო, ძალიან ძნელი საკითხია. რაც შეეხება „საიდულოს სერობას“, პირველადი შეხედვით, მეც ასე მომეჩვენა, რომ გადაკვრით იყო ამ თემაზე ნათქვამი, ამაზე მეტყველებდა ადამიანების განლაგება, შარავანდედი თავზე, შემდეგ სხვა მოტივი შემოვარდა უკვე მიზანსცენის დასრულებისას. რაც მთავარია, იქ მყოფთაგან უმრავლესობას სწორედ ლგბტ საზოგადოებას მიკუთვნებული ადამიანები წარმოადგენდნენ.
რომელი ოლიმპიადა გახსენდებათ კარგი რეჟისორული გადაწყვეტილებით?
- ბავშვი ვიყავი, როდესაც მოსკოვის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიას ვუყურე. ახლა ამაყობენ, რომ პარიზის ოლიმპიადა ძალიან მასშტაბური იყო, კი ბატონო, მასშტაბური იყო, მთელი ოთხი საათი თუ მეტი მიმდინარეობდა და წარმოდგენაც ორიგინალური იყო, მაგრამ შინაარსთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები და უკმაყოფილება. როგორც ამბობენ, მანამდე არც ერთ ოლიმპიადაზე მსგავსი არაფერი ყოფილა. ასევე, ძალიან კარგი ცერემონიები იყო ლოს ანჯელესში, სეულში, ბარსელონა კი ყველას დაგვამახსოვდა თუნდაც მონსერატ კაბალიესა და ფრედი მერკურის დუეტით. რომელიმე ოლიმპიადის შესახებ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ცუდი იყო, მაგრამ კარგი უფრო და უფრო მეტი მახსენდება. პირველ ადგილზე რომ რომელიმე ოლიმპიადა დავაყენო, ეს არ იქნება გამართლებული, რადგან დროის განმავლობაში იხვეწებოდა ეს ყველაფერი. ამდენად, მასშტაბური და სასიამოვნოდ საყურებელი მართლაც ძალიან ბევრი ოლიმპიადა იყო.