უკრაინა კურსკის ოქლქში კონტრშეტევაზე გადავიდა, როდის შეიძლება დასრულდეს ომი?

უკრაინა კურსკის ოქლქში კონტრშეტევაზე გადავიდა, როდის შეიძლება დასრულდეს ომი?

როგორც ცნობილია, ევროპულმა საბჭომ Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში, უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. ამასთან, ვიცით, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში, სამი დასახლება - ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვერდლიკოვო დაიკავეს. ასევე, უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ბრძოლა გრძელდება კურსკის ოლქის დასახლება გონჩაროვკასა და ოლეშნესთან. ამის ფონზე, ექსპერტულ წრეებში აქტიურად განიხილება საკითხი, თუ ვის აქვს დღეს ამ ომში უპირატესობა და კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს მან.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. თანაც, ევროკავშირის Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში, ეს რეგულარული გრანტებისა და სესხების პირველი ტრანშია, რომელიც უნდა დაეხმაროს უკრაინის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ უკრაინელებმა სერიოზული შეტევა განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე. მისი თქმით, უკრაინა რეალურად კონტრ-შეტევისთვის ემზადება და დიდია ალბათობა, უახლოეს მომავალში სწორედ ამის შედეგი ვიხილოთ.

უკრაინელებმა განახორციელეს საკმაოდ საინტერესო, გეოსტრატეგიული მანევრი - რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და დაიკავეს რამდენიმე სოფელი. ხოლო, რუსები ცდილობენ რომ მოახდინონ ამ შეტევის აღმოფხვრა და ლოალიება. ვფიქრობ, რუსეთს გააჩნია ტაქტიკური უპირატესობა, თუმცა, უკრაინამ საკმაოდ კარგი მანევრი განახორციელა და როგორც ჩანს, ისინი კიდევ აპირებენ ასეთ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებით იმისათვის, რომ ბირთვულ-ელექტრო სადგური გაათავისუფლონ. შეეცდებიან ამ კუთხით მიაღწიონ იმ შედეგებს, რასაც 2023 წლის სექტემბერში მიაღწიეს.

ვიცით, რომ კურსკის ტერიტორიიდან მოსახლეობის ნაწილი არის ევაკუირებული. როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში გამოჩნდება. უკრაინა კონტრ-შეტევებისთვის ემზადება და რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა წარმოადგენს ამისთვის მზადებას. ეს ომი კიდევ სულ მცირე ორი წელი გასტანს, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინას აქვს პოტენციალი რუსეთზე კონტრ-შეტევა განახორციელოს. მენაღარიშვილის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ვიდრე რუსეთი, მის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან არ გაიყვანს ჯარს.

პროგნოზების გაკეთება რთულია, ასეთი პროგნოზები გაკეთებული გვაქვს ბევრჯერ და სამწუხაროდ, არც ერთი არ გამართლდა. უკრაინა, ალბათ, უახლოეს პერიოდში კონტრ-შეტევას განახორციელებს რუსეთის წინააღმდეგ. კონტრ-შეტევის განხორციელების პოტენციალი უკრაინას უდავოდ აქვს. სამუხაროდ, უახლოეს მომავალში არ ველოდები მხარეთა შორის მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობას, რადგან უკრაინის პოზიცია არ შეცვლილა, იგი პრინციპულია ამ საკითხთან დაკავშირებით და მოლაპარაკების დაწყებას მისაღებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დატოვებს მის მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

აქვე უნდა აღინიშნოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ივლისში უფრო მეტი დრონი გამოიყენეს, ვიდრე ოკუპანტებმა და ეს უკვე სტრატეგიულ გავლენას ახდენენ როგორც ომზე, ასევე უკრაინის ინტერესებზე.

ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ამაში უკვე უპირატესობას იძენენ და ივლისში ჩვენმა ჯარისკაცებმა უფრო მეტი დრონი გამოიყენეს, ვიდრე ოკუპანტმა. ეს ფრონტზე მდგრადი ტენდენცია უნდა იყოს - ყველა ტიპის დრონთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვედანაყოფებს აქვთ და რომელიც უკვე სტრატეგიულ გავლენას ახდენენ ომზე და გავლენას ახდენს უკრაინის ინტერესებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით უკრაინის ლიდერობა, შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რომელიც არა მხოლოდ აახლოებს ომის სამართლიან დასრულებას, არამედ უკრაინას სხვა სახელმწიფოებისთვისაც უსაფრთხოების მიმწოდებლად აქცევს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ წელს უკრაინელ მწარმოებლებთან უკვე მილიონამდე დრონზეა კონტრაქტი გაფორმებული, მაგრამ წლის ბოლომდე, მთლიანობაში, მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იქნება. ამასთან, მისი თქმით, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სარაკეტო პროგრამის დაფინანსების გაზრდის შესახებ.

ახლა ყველა დეტალს არ ვამხელთ, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობა, ვაწარმოოთ დრონები, მუდმივად იზრდება და ვმუშაობთ არა მხოლოდ მთავრობის დაფინანსებით, არამედ პარტნიორებთან, რათა მათ ინვესტიცია განახორციელონ დრონების ჩვენს წარმოებაში. იმაში, რაც გვეხმარება დავიცვათ საკუთარი თავი ახლა და შემდგომში კი ეს ხელს შეუწყობს ყველას უსაფრთხოების შენარჩუნებას, ვინც სიცოცხლეს აფასებს და ვინც ახლა ჩვენ გვერდით არის“, - დასძინა ზელენსკიმ.