4000 კვ/კმ დათმობილი ტერიტორია; 4 - დატოვებული რაიონი; 128- დატოვებული სოფელი; 184 - დაღუპული სამხედრო; 224- დაღუპული სამოქალაქო პირი; 1045 – დაჭრილი სამხედრო; 1187- დაჭრილი სამოქალაქო პირი - ასეთია 2008 წლის აგვისტოს 3-დღინი ომის შედეგები. 7 აგვისტოს 23:35-ზე სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა გვამცნო, რომ ქართული შეიარაღებული ძალები იწყებენ ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღდენას, რასაც ოფიციალურად მოჰყვა საომარო მოქმედების დაწყება საქართველოსა და რუსეთს შორის.
მიუხედავად ამისა, 2008 წლის 9 აგვისტოს მაშინდელმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება N402 სადაც წერს, რომ 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით, საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი, სამხედრო ტექნიკა და გამოაცხადა საომარი მდგომარეობა.
შესაბამისად, ახლა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუკი 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის საჯარისო ნაწილები საქართველში, მაშინ როგორ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი 7 აგვისტოს და რას უკავშირდებოდა ყურაშვილის განცხადება. თუკი რუსეთ-საქართველოს შორის ომი 7 აგვისტოს დაიწყო, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რას ელოდებოდა ქვეყნის მთავარსარდალი ორი დღე და მხოლოდ 9-ში რატომ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, მაშინ, როდესაც ომი უკვე დასრულებეული იყო? - ეს არის კითხვები რაზეც პასუხი ამ დრომდე არ არსეობს.
12-წლიანი მმართველობის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე პირობას დებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მოუწიოთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, „ნაცმოძრაობის“ ყველაზე მძიმე დანაშაული 2008 წელს ჩადენილი ავანტურაა, უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და არჩევნების შემდეგ ასეც მოხდება.
„რადგან საერთაშორისო სასამართლოებში ყველა რისკი მოხსნილია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, განვლილმა ორმა წელმა თვალნათლივ დაგვანახა, როგორი მონდომებით ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრია და ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვია. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ ამ ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს. ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა და ვის დავალებებს ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, აქ ამ საკითხზე შეგნებულად არ შევჩერდებით, რადგან ყველაფერს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გაარკვევს. ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის. როგორც მდინარაძე აცხადებს, წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 8 აგვისტოს ასახელებდა, რამდენიმე წელია, აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში, და არა მხოლოდ მათ, პოზიციაც და თარიღიც შეცვალეს.
„2008 წლის 9-10 აგვისტოს დოკუმენტებში - იგულისხმება როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის გადაწყვეტილებები, რუსული ჯარების საქართველოში შემოსვლის დღედ 8 აგვისტო სახელდებოდა. ორი თვის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა.
მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“. იმავე რეზოლუციაში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული. ასევე, ეწერა, რომ „განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიაზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“.
რაც არ უნდა წარმოუდგენელი ყოფილიყო, ამ რეზოლუციას საქართველოს მაშინდელმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა. შესაბამისად, პირველად, თარიღი - 7 აგვისტო, გაჩნდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში, რომლითაც მათ თავადვე შექმნეს მტკიცებულება და ბეჭედი დაუსვეს ღალატს, ქვეყნის გაყიდვას და ქართველი სამხედროების უდიდესი რისკის ქვეშ დაყენებას, რომ ისინი შეიძლებოდა გასამართლებულიყვნენ ომის დანაშაულისათვის“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ გამოიყვანონ ხალხი იმ ზონებიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და ამას 70-ზე მეტი ადამიანი შესწირეს, რასაკვირველია პასუხს უნდა აგებდნენ ამისთვის. მისი თქმით, სამოქალაქო პირების არანაირი გაფრთხილება და გეგმაზომიერი გამოყვანა ომის ზონიდან არ ყოფილა.
„როდესაც დაზუსტებით ვიცით, რომ იმ პერიოდის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა რეზოლუციას, საერთაშორისო, მაღალ ოფიციალურ დონეზე, რომ ამ საომარი მოქმედების დაწყებაში საქართველოა დამნაშავე, რასაკვირველია, იქვე უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, მით უმეტეს, რომ წლები დაგვჭირდა იმისთვის, მტკიცებულებები გვეპოვა, რათა რუსეთთან დავა სტრასბურგის სასამართლოში მოგვეგო. წლები დაგვჭირდება იმისთვის, რომ გვეპოვა ელემენტარულად გადანახული თუ გადამალული რაკეტის ნაწილები, რომლითაც იბომბებოდა საქართველოს ტერიტორიები“, - აცხადებს გია ვოლსკი.
რადიკალურმა ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მოუწევთ ქვეყნის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება და პირველ რიგში, ქვეყნის მაშინდელ მთავარსარდალს მიხელ სააკაშვილს, რომელმაც ქვეყანა მიზანმიმართულად ჩართო საომარ მოქმედებაში და ომის შემდეგ კი ქართულ ძირძველ სოფლებს ქვების გროვა უწოდა. ომის დანაშაული იმდენად მძიმეა და გაჯერებულია მტკიცებულებებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს ეს საქმე პოლიტიკურად გამოიყენოს.
საქმის სიმძიმიდან გამომდინარე „ნაცმოძრაობის“ საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ომის დაწყების თარიღი იყოს 7 აგვისტო და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ვინც კი ოდნავ ბრალეულობას აკისრებს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას, ამით ის ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო და 2008 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის საპასუხო გადაწყვეტილება მხოლოდ რეაქცია იყო საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან შემოჭრაზე. ჩვენ ამ შემოჭრას გავუძელით ქვეყნის ერთიანობით და იმით, რომ სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მყარად იდგნენ საქართველოს გვერდით. ამიტომ, ამ თარიღს, 7 აგვისტოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ჯერ საქართველომ დაიწყო შეიარაღებული მოქმედებები და მათ მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდათ ამაზე რეაქცია. მათ უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ომის დაწყების თარიღი არის 8 აგვისტო. 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იყვნენ. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრს ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ომის დაწყების თარიღი სადაო გახდა რუსული პროპაგანდის გამო, რომელსაც აწყობდა, რომ თარიღთან დაკავშირებით შემოეტანა სერიოზული დისონანსი. მელია ამბობს, რომ ამ დისონანსის გაღვივებაში, მათ შორის მედიასაშუალებებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ.
„გულსატკენია ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას რუსეთის სასარგებლოდ ცდილობს. ომის დაწყების თარიღი სადაო გახდა რუსული პროპაგანდის გამო, რომელსაც აწყობდა, რომ თარიღთან დაკავშირებით შემოეტანა სერიოზული დისონანსი. ვწუხვარ მეც და ჩემი მეგობრებიც, რომ ამ დისონანსის გაღვივებაში, მათ შორის მედიასაშუალებებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ. ჩვენთვის ძალიან გულსატკენია ის, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლების სადავეებთან პოლიტიკური ელიტა, რომელიც დაუფარავად ცდილობს, საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს რუსეთის სასარგებლოდ. ეს არის დასანანი და შესაცვლელი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით სწორედ გამოძიების შედეგების შიშით არის გამოწვეული ისტორიის გადაწერა და ყვეველაფერ საზიზღრობის მკადრებლები ცდილობენ 8 აგვისტო 7 აგვისტოს გადმოიტანონ.
„ნახეთ, როგორ უდგას ამ ქვეყნის გამყიდველებს ამ საძრახის საქმეში გვერდით აქ მყოფი ჩვენზე დაუძინებლად მოფიქრალი დიპკორპუსი, რომელთაც, თავის მხრივ, ორ წელიწადნახევარი გაუცუდა საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ საქართველოს ომში ჩაბმის მოლოდინი. ამიტომაც ერთდროულად ცხრაპირ ტყავში ძვრებიან, რათა გაღმა-გამოღმელი პატრონების დავალებები შეასრულონ და რადაც არ უნდა დაუჯდეთ, შეამზადონ ნიადაგი 27 ოქტომბრის არეულობისათვის.
სწორედ, ამ მიზანს ემსახურება მათი ღვთისა და ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულობების გათეთრების მცდელობა და 8 აგვისტოს 7 აგვისტოს გადმოტანის მცდელობა. კი მაგრამ „აქედან რომ ვერ წაშლიან“ ანუ ცნობიერებიდან, ეს არ იციან ამ ფულისათვის ათას ვინმეების ღობეზე გადამხტარმა აგენტებმა - სალომეებმა, გვარამიებმა, მელიებმა, ჩერგოებმა, ბოკერიებმა, დეკანოიძეებმა, ხაზარაძეებმა, გირჩ-ზურაბებმა?... ვერ ეღირსებით! ქვეყნის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს ყველამ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
ოცნება კი, მხოლოდ საარჩევნოდ წამოწევს ხოლმე მსგავს პიარულ თემებს და მერე ივიწყებს. ჟვანიას მკვლელობის არ იყოს.