საქართველოში ბოლო დროს ფართოდ და აქტიურად კულტივირებული ტერმინი „გლობალური ომის პარტია,“ უკვე საერთაშორისო ტერმინი გახდა. ის ონლაინ ენციკლოპედია - Wikipedia-შიც მოხვდა და მის ავტორად საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გამოცხადდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები არ აკონკრეტებენ თუ ვინ არიან „გლობალური ომის წარმომადგენლები“ და ამას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ნორმალურ დონეზე შენარჩუნებით ხსნიან. თუმცა, იქვე მიანიშნებენ, რომ შესაძლოა, დადგეს გარემოებები, რომლებმაც „გლობალურ ომის პარტიაზე“ კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროება აიძულოთ.
პოლიტიკისგან და შესაბამისი პოლიტიკური ვალდებულებებისგან თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ „გლობალურ ომის პარტიაზე“ უფრო თავისუფლად იმსჯელონ, ისევე როგორც „ლოკალური ომის პარტიის“ შესახებ. ფაქტები მეტყველებს, რომ ასეთი „პარტია“ საქართველოში ნამდვილად არსებობს და არა მხოლოდ ტრივიალური „ომი მინდა“-ს დონეზე.
თავის დროზე კარლ ფონ კლაუზევიცმა განაცხადა, რომ ომი უბრალოდ არის პოლიტიკის გაგრძელება სხვა საშუალებებით. „ცივი ომის“ დროს ერთგვარი ზოომორფული მეტაფორა არსებობდა - ომის და სამხედრო ესკალაციის მომხრეებს „ქორებს“ უწოდებდნენ, ხოლო მშვიდობის მაძიებელთ კი „მტრედებს.“ თუ ამჟამინდელ ვითარებას შევხედავთ, განსაკუთრებით უკრაინაში ომის ფონზე, ამგვარ სეგრეგაციას აქტუალობა არ დაუკარგავს, და ეს მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეხება.
მაგალითად, გავლენიანი გაზეთი The Washington Post ფაქტობრივად, გადაიქცა ამერიკული ისტებლიშმენტის იმ ნაწილის რუპორად, რომელსაც მიაჩნია, რომ რაც მეტია და ხანგრძლივია ომები, მით უკეთესი. გაზეთმა მკვეთრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია იმის გამო, რომ მან იოლი გზა აირჩია და ავღანეთში ომის გაგრძელებას იქიდან ჯარების გამოყვანა ამჯობინა. ამ ისტებლიშმენტისთვის ომი უბრალოდ ლოკალური პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზაა, რომლის გადაწყვეტის შემდეგ ისინი დადებენ ზავს მხოლოდ მათთვის მისაღებ პირობებზე. პარალელურად, ომის ხანგრძლივობას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრავენ. ამას შეიძლება კონტროლირებადი ომიც კი ვუწოდოთ, რასაც ამჯერად ვხედავთ უკრაინაში. დიდი ალბათობით, „გლობალური ომის პარტიის“ ზეგავლენით, დასავლეთი არ ჩქარობს უკრაინაში ომის დასრულებას, რადგანაც მთავარი მიზანი - რუსეთის სტრატეგიული მარცხი, ჯერჯერობით მიღწეული არ არის. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ორ კვირაშიც შეიძლება თუ შეიარაღების მიწოდებას შევწყვეტთო და იქვე დაამატა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში ბევრი ამას არ ეთანხმებაო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „მწვანეთა პარტიიდან“ ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ის შეინარჩუნებს დაპირებას უკრაინელი ხალხისადმი, რომ გერმანია იყოს მათ გვერდით (იგულისხმებოდა სამხედრო დახმარებაც), და არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ მისი (ბერბოკის) გერმანელი ამომრჩევლები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი პოზიცია გამოხატონ შემდგომ არჩევნებზეო. გერმანელმა ამომრჩევლებმა გამოხატეს საკუთარი პოზიცია ევროპარლამენტის 2024 არჩევნებზე და „მწვანეებმა“ სერიოზული მარცხი იწვნიეს.
2022 წელს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ფაქტობრივად, ჩაშალა რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები. უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას თქმით, სტამბულის მოლაპარაკებებიდან უკრაინის დელეგაციის დაბრუნების შემდეგ კიევში საგანგებოდ ჩასულმა ჯონსონმა უკრაინის ხელისუფლებას „ურჩია“, რომ ხელი არაფერზე მოეწერათ და „უბრალოდ ებრძოლათ“. შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურეს თუ რა ძალა და გავლენა ჰქონდა ჯონსონის ამ „რჩევას“. ინფორმირებული წყაროების თანახმად, სამშვიდობო გეგმის ჩაშლაში წამყვანი როლი მაინც აშშ-ს ეკუთვნოდა. როგორც კი შეთანხმება ჩაიშალა, აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონს მოუწოდა, რომ უკრაინა ახალ ავღანეთად გადაექცია, რუსეთისთვის მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად.
ევროპელი ლიდერების უმრავლესობა მდუმარედ ეთანხმება „ომის პარტიის“ პოლიტიკას. მაშინ, როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვსა და პეკინს შორის იყო გამოკიდებული უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო ფორმულის მოსაძებნად, ევროპარლამენტმა მისი ვიზიტები ოფიციალურად დაგმო. პარალელურად, ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის ინიციატივით მთელს ევროპაში შეგროვდა თანხა უკრაინისთვის 800,000 ჭურვის შესასყიდად მესამე ქვეყნებში. ამით ფაქტობრივად, უკრაინაში ომის გაგრძელებას შეეწყო ხელი.
აშშ-ს სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში „კარგი ინვესტიციაა“ შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ანადგურებს რუსეთის არმიას ერთი ამერიკელი ჯარისკაცის დაკარგვის გარეშე. აშშ-ში ომის პარტიას საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა ჰყავს როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში, ისევე გავლენიან ანალიტიკურ ცენტრებში. ადმინისტრაციაში ასეთებად განიხილებიან უკრაინული ფესვების მქონე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი. ომის პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია სახელმწიფო მდივნის აწ უკვე ყოფილი მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რომელიც მისი და მისი მეუღლის ე.წ. „საოჯახო ბიზნესის“ - ანალიტიკური ცენტრის Institute for the Study of War აგრძელებს „ომის პარტიის“ მხარდაჭერას. „თუ ამას საღი აზრით შევხედავთ, ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ მოგებას პოულობს ამ ომისგან, არის აშშ, იმიტომ, რომ ისინი ყიდიან უფრო მეტ გაზს უფრო მაღალ ფასებში და ყიდიან უფრო მეტ იარაღს“, - ანონიმურობის პირობით განუცხადა Politico-ს ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა.
სხვადასხვა ახსნა შეიძლება ჰქონდეს იმას, თუ რატომ აწვდიან აშშ და ევროპა შეიარაღებას კიევს მცირე დოზებით. ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს კონფლიქტის გაჭიანურებით „ომის გლობალური პარტიის“ მიერ რამდენიმე მიზნის მიღწევა - მაქსიმალურად გამოფიტოს რუსეთი, რომლის რესურსებიც ულევი არ არის, მოხდეს აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესების კონსოლიდაცია, როგორც ევროპაში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ხოლო დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მიეცეს უნიკალური საშუალება ამ ომისგან მიიღოს რაც შეიძლება მეტი მოგება.
გაზეთ The Wall Street Journal -ს მონაცემებით, უკრაინაში ომმა აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს 2023 წელს პენტაგონიდან და ევროპის სახელმწიფოებიდან სამხედრო შეკვეთების ისეთი მკვეთრი ზრდა მოუტანა, რაც ამ სექტორს გასული 20 წლის მანძილზე არ ჰქონია. ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში წარმოების კუმულატიურმა ზრდამ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 17,5% შეადგინა, ხოლო 2023 წელს, შეიარაღების გაყიდვებმა სარეკორდო მაჩვენებლებს მიაღწია. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ უკრაინაში მეტი იარაღის მეტი გაგზავნა მხოლოდ გააძლიერებს ძალადობას გლობალური მასშტაბით, ხოლო უკრაინისთვის გახანგრძლივებული ომი სხვა არაფერია, თუ არა კატასტროფა.
Global Times-ს ჟურნალისტური გამოძიებით, აშშ-ს იარაღის მწარმოებელი კომპანიების „დიდმა ხუთეულმა,“ (Boeing, General Dynamics, Lockheed Martin, Northrop Grumman, and Raytheon), რომლებსაც უდიდესი გავლენა აქვთ აშშ-ს პოლიტიკურ კლასზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე, უდიდესი მოგება ნახა უკრაინის ომზე. Defense News მონაცემებით, „დიდი ხუთეულის“ წლიური საბაზრო აქტივების ღირებულება $10 მილარდზე მეტით გაიზარდა.
„ომი კარგია ბიზნესისთვის“, - განუცხადა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აქტივების (მათ შორის სამხედრო სფეროში) მართვის კომპანიის Black Rock-ის წარმომადგენელმა O'Keefe Media Group-ს ივნისში და აღიარა, თუ როგორ შეიძლება შექმნას ისეთმა არეულობამ როგორც უკრაინაშია, შესაძლებლობები მოგების მისაღებად. კლანებად და ოჯახებად დაყოფილი ამერიკული პოლიტელიტა, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააჩნია სხვადასხვა ბიზნეს სექტორში, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია იმით, რომ ერთი მხრივ აშშ-ს ეკონომიკამ უკრაინაში ომით მოგება ნახოს, დაეპატრონონ უკრაინის აქტივებს და ბუნებრივ სიმდიდრეებს.
ამ დროს კი პატარა საქართველო და მისი ხელისუფლება „ბედავს“ ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში საკუთარი ინტერესების დაცვას, უფრო სწორად ომის უბედურების თავიდან აცილებას.
არაერთი ღია თუ ფარული მოწოდება თუ ზეწოლა განხორციელდა საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე, რომ ის უფრო აქტიური ყოფილიყო უკრაინის დახმარების საქმეში (ფაქტიურად გამხდარიყო ომის მონაწილე მხარე). ინფორმაცია ამის შესახებ იძებნება საჯარო საინფორმაციო სივრცეში, რომ არაფერი ვთქვათ კულუარებიდან გამოჟონილ ინფორმაციებზე. სწორედ ამიტომ გააქტიურდა (ან გაააქტიურეს) საქართველოში „ლოკალური ომის პარტია“, რომლის წარმომადგენლებიც პოლიტიკოსებიდან დაწყებული ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებით დამთავრებული, სხვადასხვა ვარიაციებით, დღესაც აქტიურად ავითარებენ ომის ნარატივს. თუმცა, არაფერს ამბობენ თავად სად იქნებიან თუ ომი დაიწყო.