შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: შეხვდნენ ხალხს და მიიღეს პასუხი - ხალხი აღშფოთებულია იმით, რასაც ხედავდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიცია პირდაპირ მიაქანებდა ამ ქვეყანას ომში. ამიტომაც შეიცვალეს რიტორიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: შეხვდნენ ხალხს და მიიღეს პასუხი - ხალხი აღშფოთებულია იმით, რასაც ხედავდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიცია პირდაპირ მიაქანებდა ამ ქვეყანას ომში. ამიტომაც შეიცვალეს რიტორიკა

გამოვიდნენ სტუდიებიდან, შეხვდნენ ხალხს და მიიღეს პასუხი. ქართველი ხალხი აღშფოთებულია იმით, რასაც ხედავდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიცია პირდაპირ მიაქანებდა ამ ქვეყანას ომში. ამიტომაც შეიცვალეს რიტორიკა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციას უცხოელი კურატორების რჩევით მოუწია რიტორიკის შეცვლა და ამის მიზანი წინასაარჩევნოდ მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვებაა.

„მთავარი მიზანი რაც ოპოზიციას ბოლო 12 წელია ამოძრავებს, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების მოპოვება იმისთვის, რომ გააგრძელონ რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე. იყვნენ მარიონეტული რეჟიმი, რომელიც უცხო პოლიტიკური ჯგუფების თუ ძალების დაკვეთით მოქმედებს. სწორედ ეს არის მიზანი. მათ სცადეს ოპოზიციიდან და ეს არის ჩვენი ბოლო 12-წლიანი ისტორია, რომ ისინი ოპოზიციიდან არასამთავრობო სექტორის გამოყენებით, მედიის გამოყენებით ცდილობდნენ არევას ქვეყნის, ცდილობდნენ ზეწოლას ხელისუფლებაზე და ყოველ ჯერზე ცდილობდნენ თავისიპროპაგანდით და დეზინფორმაციით რაიმენაირად ძალაუფლებაში მოსვლას.

ახლაც ეს არის შეცვლილი რიტორიკის მიზეზი, გამოვიდნენ სტუდიებიდან, გამოვიდნენ „ფეისბუქ“ გვერდებიდან, ჩავიდნენ, ნახეს, შეხვდნენ ხალხს და მიიღეს პასუხი. ქართველი ხალხი აღშფოთებულია იმით, რასაც ხედავდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიცია პირდაპირ მიაქანებდა ამ ქვეყანას ომში. ამიტომაც შეიცვალა რიტორიკა. დიდი ალბათობით მათი უცხოელი კურატორების რჩევით და რეკომენდაციით რათა რაიმენაირად შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, რომ თითქოს ისინი არიან მშვიდობის და კეთილდღეობის მხარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის მათი ლუსტრაცია და ხალხი მათ აღარ დაუჯერებს.