მამუკა მდინარაძე: საქართველოს მიმართ დღეს, გარკვეული ძალების მხრიდან, რომელსაც პირობითად

მამუკა მდინარაძე: საქართველოს მიმართ დღეს, გარკვეული ძალების მხრიდან, რომელსაც პირობითად "გლობალური ომის პარტიას" ვუწოდებთ, არის ომში ჩართვის ინტერესი, სხვა ვერსია არ არსებობს

როდესაც კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილია, რაღაცაშია საქმე - ერთი ვერსიაა, რასაც "ხალხის ძალა" ამბობს და ჩვენც ამას ვიმეორებთ. ეს სიმართლეა, რომ ომში ჩართვის ინტერესი არსებობს ამ ქვეყნის რაღაც გარკვეული ძალების მხრიდან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რაშია საქმე? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს სხვა ვერსია, თუ რატომ ექცევიან საქართველოს უსამართლოდ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ქვეყანა ყველაფერში პირველ ადგილზეა. შესაბამისად, მდინარაძე აცხადებს, რომ "გლობალური ომის პარტიის" ინტერესია, საქართველოს ომში ჩართვა.

"როდესაც არის აბსოლუტურად უსამართლო კრიტიკა, ეს ხომ დღეს არ დაწყებულა? იყო კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა საქართველოს მიმართ, უსამართლო დამოკიდებულება, სამი რეზოლუცია, სადაც დემოკრატიის შუქურად კვლავ წარმოდგენილი იყო მიხეილ სააკაშვილი და ნეგატიურ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილი - ეს ყველაფერი ვნახეთ, უსამართლო კრიტიკაც ვნახეთ, როდესაც თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ჩვენ ყველაფერში ვიყავით პირველ ადგილზე. დღესაც სხვადასხვა მხრიდან, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან გვესმის უსამართლო კრიტიკა.

მეორე მხრივ, ნეიტრალური პოზიციიდან ვთქვათ - არსებობს ვერსია, რომ ომში ჩართვის ინტერესია. არ არის ასე? მაშინ რა ინტერესია, უსამართლო კრიტიკის საფუძველი რა არის? რადგან ასეთი სხვა ვერსია არ არსებობს, ის ერთი ვერსია არის სწორი, მართალი, სამწუხარო რეალობა, რომ საქართველოს მიმართ დღეს, გარკვეული ძალების მხრიდან, ეს არის  "გლობალური ომის პარტია", რომელსაც ასე ვუწოდებთ პირობითად, მათი მხრიდან, ამ კონკრეტული ძალების მხრიდან არის ომში ჩართვის ინტერესი. სხვა ვერსია ფიზიკურად არ არსებობს - მაშინ, ვინმემ გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ აკრიტიკებენ და ექცევიან საქართველოს უსამართლოდ და ვიმსჯელოთ ამ ვერსიაზე." -  აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.