მოხდება თუ არა საქართველო ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა და რა მოლოდინი არსებობს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ეზრა ზეიას საქართველოში ვიზიტის შემდეგ? საქართველოში ეზრა ზეიას ორდღიანი ვიზიტი დასრულებულია და ბლინკენის მოადგილემ ამ პერიოდის განამვლობაში, საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის საკუთარი თვალით გაცნობა სცადა. მან ბოლო შეხვედრა 12 ივლისს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა.
პრემიერის განცახდებით, საქართველოს ხელისუფლება ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მაგრამ, ამავე დროს, შემხვედრ პრაგმატულ და სამართლიან ნაბიჯებს ელოდება სტრატეგიული პარტნიორისგან.
ირაკლი კობახიძის და ენტონი ბლინკენის მოადგილის პირისპირ შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ეზრა ზეიამ თავისი ორდღიანი ვიზიტი მედიასთან შეაჯამა.
მხარეებმა, სავარაუდოდ, ყველა ის პრობლემური საკითხი მიმოიხილეს, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში დადგა. მეტი დეტალი მედიისთვის არ გასაჯაროებულა.
სახელისუფლებო გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ ორ სახელმწიფოს შორის კავშირები გაჯანსაღდება.
მთავრობის ადმინისტრაციამდე ენტონი ბლინკენის მოადგილის შეხვედრების ერთ-ერთი ლოკაცია ამერიკის ელჩის რეზიდენცია იყო. ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მსჯელობის მთავარ თემას კი 2024 წლის არჩევნები წარმოადგენდა. ცნობილი გახდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პერიოდში ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო მისიებიც დააკვირდებიან.
ზეია საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა. სავარაუდოდ, დახურულ კარს მიღმა ზეიამ ზურაბიშვილთან არჩევნებზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრა.
პრეზიდენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკვე 12 ივლისს არჩევნებზე საუბარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგრძელდა. ელჩის რეზიდენციიდან ეზრა ზეიამ საარჩევნო ადმინისტრაციაში გადაინაცვლა. ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. დამატებითი განცხადებები არც მისი დასრულების შემდეგ გაკეთებულა, თუმცა ცესკოს თავმჯდომარემ მედიას პირად საუბარში უთხრა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანთან კარგი შეხვედრა შედგა და საქმიანი მსჯელობა ჰქონდათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი შედგა, ხაზი გაესვა ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე. ხაზი გავუსვით ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით სარგებელი მივიღოთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე თავისუფალი, უსაფრთხო და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„მკაფიოდ ვიტყვი, რომ აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე ერთ პარტიას მეორეს საპირწონედ. გვჭირდება დავინახოთ კონკურენტუნარიანი თავისუფალი პროცესი. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და მხარს ვუჭერ მათ უფლებას, გააკეთონ არჩევანი“, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ეზრა ზეიამ გააკეთა, რომელიც ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტს ასრულებს.
მისივე თქმით, აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„მე აქ ვიმყოფები ძალიან მნიშვნელოვან დროს, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და 30-წლიანი პარტნიორობის რთულ დროს. ახლახან დავასრულე შეხვედრები. მე გავაჟღერე 3 ძირითადი გზავნილი. ჩვენ, აშშ, ვართ უაღრესად შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც აზიანებს ჩვენს პარტნიორობას, ადამიანის უფლებებს და ევროატლანტიკურ გზას. ე.წ. „უცხოური გავლენის“ კანონი აზიანებს ქართველ ხალხს და, მათ შორის, ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ სხვადასხვა სფეროს საკეთილდღეოდ.
სწორედ ამიტომ შეაჩერა ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწა. ანალოგიურად საგანგაშო არის ძალადობა და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პარტიების. მეტსაც გეტყვით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის, აშშ-ის მიმართ, მხოლოდ მტრის ინტერესს ემსახურება.
აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. აშშ 32 წლის განმავლობაში არის საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერად“, - განაცხადა მედიასთან ზეიამ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეზრა ზეიას განცხადებები ზუსტად იგივე იყო, რაც მანამდე ობრაიენმა განაცხადა. მაშინ აბაშიძის აზრით, ამერიკის მაღალჩინოსანს არგუმენტირებული პასუხები გაეცა და ახლაც მიაჩნია, რომ პრემიერ კობახიძის მიერ იგივე პასუხები იქნებოდა გაცემული.
„ახალი წარმომადგენელი მოავლინეს საქართველოში, რომ ვითომ ხელისუფლება დატუქსეს და თავიანთი ბრჭყალები გამოაჩინეს. ზეიას რიტორიკაშიც ისევ თითის ქნევა და ჭკუის დარიგება შეიმჩნეოდა. ევროპაშიც და ამერიკაშიც ერთი მთავარი უნდა იცოდნენ, რომ არჩევნების ბედს საქართველოს ელექტორატი წყვეტს. აქ სხვა არავინ ერევა და ვერც ჩაერევა. ის პრობლემაა, რომ ვერ აცნობიერებენ ქვეყანაში სახალხო განწყობა როგორია. თუნდაც ენდიაის და აირაის კვლევებში ნათლად ჩანს, რომ „ოცნება“ ლიდერი პარტიაა.
მიუხედავად ამისა, აწვებიან იმ მომენტს, რომ ეს ხელისუფლება არადემოკრატიულია და ამით უკიდეგანო ჩიხში ვარდებიან. წარმოუდგენელია ხალხის მიერ არჩეული ამდენი ხნის ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადო და ის ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც ხალხს არ უნდა და შენ გინდა. ნუ წავალთ შორს, რადგან თავად ევროკავშირის ელჩმა გააკეთა სამარცხვინო განცხადება და პირდაპირ რევოლუციური სცენარი აღიარა. მან თქვა, რომ 30 მილიონი, რომელიც ჯარის დაფინანსებისკენ კი არა წავა, არამედ ენეჯეოების ყულაბაში გადაიტანეს. ეს არის სამარცხვინო განცხადება და ვთქვათ პირდაპირ, რომ ბრიუსელი ამერიკის გამხმოვანებელია. რაც ხდება უაზრო ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში ეს არის ამერიკასთან შეთანხმებული და ორკესტრირებული“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ეზრა ზეია უფრო სადამსჯელო, რევიზორის როლშია მოვლენილი. აბაშიძე ამბობს, რომ მას სპეცსამსახურებთან მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს და საკუთარი ინდოეილი თანამემამულე დიპლომატი დაასმინა, რომელიც შემდეგ დააკავეს. ამიტომ ინტრიგების ხლართვაში გამოცდილ დიპლომატს რისთვისაც გამოგზავნიდნენ, ფაქტი სახეზეა.
„როგორ ბედავს და ეს ქალბატონი დემოკრატიასა და გამჭვირვალობაზე ლექციებს გვიკითხვას, როცა მის ბიოგრაფიაში ძალიან საეჭვო და საგულისხმო ფაქტს ჰქონდა ადგილი. ძალიან ჩაიჭრნენ თავის მოკავშირეებთან ურთიერთობაში. ამას ამერიკელი ექსპერტებიც აღიარებენ, რომლებიც ძალიან წუხილით აღნიშნავენ, რომ თანამედროვე პოლიტიკა მოკავშირეებთან ჩავარდნილია. საქართველოს ხელისუფლება ახლაც და მანამდეც ამბობდა, რომ გადატვირთვის პოლიტიკის მომხრეა. თუმცა ამას საღი აზროვნება და ანალიზი ესაჭიროება. საქართველო რჩება დასავლეთისთვის ეთგული პარტნიორი. თუ ვიღაცებს პოლიტიკური კონიუქტურის გამო ეს არ აინტერესებთ, ეს მათი პრობლემაა“, - ამბობს აბაშიძე.
პოლიტიკაში ყველაფერი ემყარება სარგებელს. თუ რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობა ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლოა, ოღონდ ეროვნული ინტერესებიდან და არა ვიღაცის პირადიდან გამომდინარე, მისი მეგობარიც უნდა იყო და ერთგულიც.
თუ ვინმე თავის ჭკუაზე ცეკვას მოგთხოვს, ის შენი მეგობარი არ ყოფილა, შენ როგორ უნდა ემოგობრო ან როგორ უერგულო.
ჩვენ არც აპრიორი მეგობრები გვყავს და არც არავის ერთგულება გვევალება.
ეს არის საგარეო პოლიტიკის ან ბანა და ნურავის ჰგონია, თუ კემბრიჯი დაამთავრა, მხოლოდ თითონ იცის ყველაფერი და ყველას მოტყუება შეუძლია. აღარ არის ასე, სხვებმაც ისწავლეს დიპლომატიურზე და ვეღარავის მოატყუებ.
თუ ვინმე თავს იტყუებს, მას პირადი ინტერესი ამოძრავებს და არა საქვეყნო, ამიტომაც ექლისება თავის მკვებავ პატრონს.
საქართველომ მოახერხა საგარეო კავშირების დივერსიფიკაცია და ცდილობს გამოვიდეს ვასალური გავლენებიდან. ვასალებს კი იოლად არ უშვებენ ხელიდან. სწორედ ეს პროცესები ვითარდება ახლა, მთავარია ამ მათრახებს გავუძლოთ. მოვა დრო, პრიანიკის პოლიტიკაზე გადავლენ.