ენერგეტიკული ბირჟა გაიხსნა, მაგრამ სტარტზევე სრული ფიასკო განიცადა

ენერგეტიკული ბირჟა გაიხსნა, მაგრამ სტარტზევე სრული ფიასკო განიცადა

ენერგეტიკული ბირჟა მრავალწლიანი გადავადების შემდეგ, როგორც იქნა, გაიხსნა, მაგრამ სულ ტყუილად. 1-ელი ივლისიდან მოყოლებული დღემდე ვაჭრობა არ შემდგარა. ამის მიზეზი ის არის, რომ გამყიდველები არ არიან მზად ელექტროენერგია გაყიდონ იმ ფასად, რა ფასის გადასახდელადაც მზად არის მომხმარებელი.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისგენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ პირველი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდა ყიდვის და გაყიდვის განაცხადების თანხვედრა.

ვაჭრობის პირველ დღეს გვყავდა 4 მონაწილე. 1 კვირის განმავლობაში კიდევ დაგვემატა 2 მონაწილე. სულ 6 მონაწილეა რეგისტრირებული ამ ეტაპზე ბირჟაზე. მოსალოდნელია, რომ რაოდენობა გაიზრდება. როგორც ვაკვირდებით, არის მზადყოფნა როგორც ყიდვაზე, ისე გაყიდვაზე. არის შესაბამისი განაცხადები განთავსებული. რაოდენობა არც ისე მცირეა იმ მოლოდინიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პირველი კვირის განმავლობაში ვერ მოხდა ყიდვის და გაყიდვის განაცხადების თანხვედრა. მიზეზი არის ის, რომ გამყიდველები არ არიან მზად ელექტროენერგია გაყიდონ იმ ფასად, რა ფასის გადასახდელადაც მზად არის მომხმარებელი.

სხვაობა შეთავაზებულ ფასებს შორის არის ცვალებადი. რიგ შემთხვევაში ეს იყო 1 თეთრზე ნაკლები, ზოგჯერ იყო ცოტა მეტიც. მაგრამ ფაქტია, რომ გამყიდველები ამ ეტაპზე არ არიან მზად გაყიდონ ენერგია იმ ფასად, რასაც გადაიხდის მასში მომხმარებელი. ეს იყო პირველი კვირა, ახალ შესაძლებლობებს ეცნობოდა ორივე მხარე“, - განაცხადა რადიოკომერსანტისეთერში ირაკლი გალდავამ.

მომავალს იმედიანად უყურებს სემეკის თავმჯდომარე. დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ პირველ ივლისს ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება მალე შედგება.

მისი აზრით, იმ პირობებში, როდესაც ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითია, მომხმარებლებს ელექტროენერგიის შესყიდვის მოტივაცია არ აქვთ, რადგან მისი ყიდვა სემეკის დადგენილი ტარიფითაც შეუძლიათ, თუმცა ნარმანიას სჯერა, რომ სანამ ვაჭრობა სავალდებულო გახდება, მხარეები შეთავაზებებში გადაიკვეთებიან.

ბირჟაზე ჯერჯერობით მონაწილეთა მცირე რიცხვია და ვისაც ენერგიის გაყიდვა უნდა, შედარებით ძვირ ფასს ადებს, ვისაც ყიდვა უნდა, ისინი ცდილობენ უფრო ნაკლებ ფასად იყიდონ. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით რეალური გარიგება ბირჟაზე არ მომხდარა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გენერაციის ობიექტები დროთა განმავლობაში იძულებულები იქნებიან ფასი დასწიონ.

გარდა ამისა, ენერგიის მყიდველები დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ ამ ფასად ვერ იყიდიან და ასწევენ ფასს, აქედან გამომდინარე, ისინი აუცილებლად გადაიკვეთებიან ერთ წერტილში, რასაც საბაზრო ფასზე შეთანხმება ჰქვია და აუცილებლად მოხდება მათ შორის ენერგიის ყიდვა-გაყიდვა.

ჯერჯერობით, რადგან მათ შეუძლიათ სემეკის დადგენილი ტარიფით ენერგიის ყიდვა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ამ ენერგიის ყიდვის მაღალი მოტივაცია არ ჰქონდეთ, შესაბამისად, როდესაც ბირჟაზე ენერგიის ყიდვა სავალდებულო გახდება, ყველა მსხვილი მომხმარებელი იძულებული გახდება ბირჟაზე შეიძინოს ეს ენერგია, თუმცა მანამდეც ვიდრე ეს ნებაყოფლობითი რეჟიმი მუშაობს, დარწმუნებული ვარ შეთანხმება ძალიან მალე მოხდება“, - განმარტა ნარმანიამ.

უშუალოდ ენერგეტიკული ბირჟის პოტენციური მონაწილეები მაინცდამიანც კმაყოფილნი არ არიან არსებული ვითარებით. „უსასრულო ენერგიისდირექტორი თორნიკე ბახტურიძე აღნიშნავს, რომ არსებულ რეჟიმში მოქმედმა ბირჟამ, შესაძლოა, სკეპტიციზმი გააძლიეროს.

ჩემი პირადი პოზიცია იყო, რომ თუ მოსალოდნელი სარგებელი აჩვენებდა, რომ ბირჟის გახსნა სექტორისთვის სასარგებლო იქნებოდა, მაშინ უნდა გაგვეხსნა საკმაოდ მკაცრი მიდგომით, თუ არა და - საერთოდ არა. მოხდა ისე, რომ ბირჟა გაიხსნა, მაგრამ არასავალდებულო რეჟიმში. პირველ დღეს არ შედგა ვაჭრობა, მეორე დღეს შედგა... ახლა დაკვირვების რეჟიმია და ამან შესაძლოა, სკეპტიციზმი გააძლიეროს, რომ ბირჟა ვერ მუშაობს - იმედია, ეს გადაილახება.

სრულფასოვან გახსნას ვემხრობოდი, საფრთხეების და გამოწვევების არსებობის შემთხვევაში კი საერთოდ გაუხსნელობას. ჩვენთვის აუცილებელი ენერგოუსაფრთხოება და მიწოდების უწყვეტობაა. მიწოდების უწყვეტობას სახელმწიფო ისედაც უზრუნველყოფს, დიდი ხანია, დენის გათიშვა არ ხდება და თუ ხდება, ეს სადისტრიბუციო კომპანიების ქსელის გაუმართაობით და არა - სახელმწიფოსი. ამიტომ, ბალანსირებას და ქსელის მართვას სახელმწიფო ბირჟის გარეშეც გაართმევდა თავს, - აღნიშნა ბახტურიძემ.

დიდ მიხვედრა არ უნდა იმას, რომ საწყის ეტაპზე ენერგეტიკულ ბირჟაზე დიდი აქტიურობა მოსალოდნელი არაა. „გროს ენერჯი ჯგუფისფინანსური დირექტორის მოლოდინით, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე გენერაციის ობიექტები ბირჟაზე განვითარებულ პროცესებს დააკვირდებიან და შემდეგ გადაწყვეტენ პლატფორმაზე ვაჭრობას.

იმ შემთხვევაში, თუკი ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის მაღალი ფასები დაფიქსირდება, ეს შესაძლოა, კომპანიების ნაწილისთვის სტიმული გახდეს, ელექტროენერგია სწორედ ამ პლატფორმაზე გაყიდოს.

საწყის ეტაპზე ყველა დაკვირვების რეჟიმში იქნება და ვინაიდან მონაწილეობა ნებაყოფლობითია, აქტიურობა დიდი არ იქნება. ბაზრის წესების მიხედვით, ბირჟაზე ესკო იქნება იმ ორგანიზაციების წარმომადგენელი, რომლებსაც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.

შესაბამისად, თუკი მაღალი ფასი დაფიქსირდება, არ გამოვრიცხავ, რომ ინვესტორებმა უარი თქვან PPA ხელშეკრულებებზე და ბირჟაზე თავად გაყიდონ ელექტროენერგია“, - განაცხადა ბიზნეს მედიასთან ირაკლი ტყებუჩავამ.