არჩევნები 2024 - ქართველი ხალხის და ოპოზიციის განსხვავბეული მიზნები!

არჩევნები 2024 - ქართველი ხალხის და ოპოზიციის განსხვავბეული მიზნები!

2024 წელი საარჩევნო კუთხით, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის საინტერესო, რადგან 2024 წელს არჩევნები მსოფლიოს 76 ქვეყანაში ჩატარდა/ჩატარდება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. წელს მსოფლიო მასშტაბით ყველა სახის არჩევნები ტარდება, (საპრეზიდენტო, საპარლამენტო, პრემიერის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ა.შ.) 2024 წელს ჩატარებული/ჩასატარებელი არჩევნებიდან რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის, რამდენიმე კი ლოკალური მნიშვნელობის არის. მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება აშშ-ში, ინდოეთში და სხვა. ჩატარდა ბრიტანეთში, საფრანგეთში, ევროკავშირში და ა.შ. 

ჩვენთვის, ქართველებისთვის კი უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქართველოში ჩასატარებელი არჩევნებია, რომელიც ახალი წესით ტარდება. არჩევნები სრულად პროპორციული და სრულად ელექტრონული იქნება (ამომრჩევლის 90% ხმას ელექტრონულად მიცემს). ასევე, შეცვლილია პრეზიდენტის არჩევის წესი, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც პარლამენტის, საკრებულოებისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისგან იქნება დაკომპლექტებული.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები ინტერესის საგანს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის წარმოადგენს, განსაკუთრებით მსოფლიოს იმ ნაწილისთვის, რომელსაც მშვიდობას ომი ურჩევნია. საქართველოს არჩევნებს ნამდვილად გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან და ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების მცირე შესაძლებლობასაც კი გამოიყენებენ. ახლა გეტყვით რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს.

რამდენიმე დღის უკან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დეკლარაცია მიიღო და „ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბონ“. იმის მიუხედავად, რომ 2024 წელს არჩევნები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმართება, ეუთოს მსგავსი ტიპის არათუ დეკლარაცია არ მიუღია, არამედ განცხადებაც არ გაუვრცელებია, რაც ეუთოს მიერ საქართველოს არჩევნებისადმი არალოგიკურ დაინტერესებას ადასტურებს, რაც თავის მხრივ აღნიშნული პოზიცია, ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს. ასევე, საგულისხმოა ევროპარლამენტარების და დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც მიუხედავად წინაპირობის არარსებობისა, ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდება მაგ: ვიოლა ფონ კრამონი - „ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს“. შემაშფოთებელია მსგავსი შინაარსის განცხადებები, რომელიც არავითარ ფაქტობრივ მტკიცებულებას არ ეყრდნობა და მიზნად არჩევნების დისკრედიტაციას ისახავს.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ქართული ოპოზიციის პოლიტიკა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება იგეგმება. ზოგიერთი მათგანი უფრო შორს წავიდა, ხაბეიშვილის განცხადებით მმართველი გუნდი არჩევნებისთვის რამდენიმე ასეული უცხოელი ე.წ. კუნთმაგარი ბიჭის ჩამოყვანას აპირებს, რათა ოპოზიციაზე ზეწოლა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდეს. რა თქმა უნდა, აღნიშნული არასერიოზულია და ჭორაობაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. რეალობა კი შემდეგია, 2012 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის და ადმინისტრირების მაღალი ხარისხით, რაც დადასტურებულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ, არჩევნები ტარდებოდა თავისუფალ გარემოში, დაცული იყო ამომრჩევლის უფლება მშვიდ, თავისუფალ გარემოში განეხორციელებინა ხმის მიცემა.

2024 წელს ჩასატარებელი არჩევნები სრულიად ახალ სიმაღლეზე იქნება აყვანილი, მისი გაყალბების თეორიული შანსიც არ არსებობს. არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, რაც უფრო მეტ სიზუსტეს, ღიაობას და შედეგების გამოცხადების შემცირებულ დროს ნიშნავს; საარჩევნო უბნები აღჭურვილი იქნება სპეციალური მოწყობილობით, რომელიც მოქალაქეთა იდენტიფიცირებასა და ვერიფიკაციას მოახდენს. აპარატის მარცხენა მხარეს განთავსებულია MRZ წამკითხველი, რომელიც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილ მონაცემებს კითხულობს და მის იდენტიფიცირებას ახდენს.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა ნორმას, მაგალითად, მასში ჩამონტაჟებულია ელემენტი, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, მის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება ხმის მთვლელი მოწყობილობა. აპარატში ჩატვირთულია სპეციალური პროგრამა, რომელიც კონკრეტული საარჩევნო უბნის ბიულეტენზე დატანილი ინფორმაციის, ყუთში მოთავსებული ბიულეტენების, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის აღრიცხვის შესაძლებლობას იძლევა.

ჩემს ხელთ არსებული კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ოპოზიციას ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს, რაც მათი გამარჯვების შანსებს მიზერულს ხდის. რა თქმა უნდა, აღნიშნულ კვლევებს კარგად იცნობს ოპოზიცია, სწორედ, ამიტომ მათი საარჩევნო სტრატეგია, არა არჩევნების დღეზე და არჩევნების შედეგებზე, არამედ არჩევნების შემდეგ პერიოდზეა გათვლილი. დიდი ალბათობით, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, (შედეგები დამღუპველი იქნება ოპოზიციისთვის) ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს, უცხოელი აქტორები პირდაპირ, ვერ იტყვიან რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ეჭვქვეშ დააყენებენ არჩევნების ლეგიტიმაციას, რაც საქართველოში საპროტესტო მუხტის გაზრდისთვის არის გათვლილი, პარალელურად, სცენაზე გამოვლენ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთისგან ფინანსდებიან და ოპოზიციის ღია მხარდაჭერით არიან ცნობილნი.

დასავლეთის თვალთმაქცობის და „ობიექტურობის“ დონის შეფასებისთვის, აუცილებელია, გავიხსენოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები - აქციებს, რომლის მოთხოვნაც მთავრობის შეცვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჰქონდა საფუძვლად, ა/ო სამართლიანი არჩევნების მიერ ჩატარებული ხმის პარალელური დათვლის შედეგები დაედო, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, არა არჩევნები, არამედ სწორედ, ხმის პარალელური დათვლის შედეგები იყო გაყალბებული, რაც ცნობილი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, მაგრამ მათი რეაქცია ნულის ტოლი გახლდათ და ქვეყანაში, ლამის, რევოლუცია მოხდა. საქართველოში აშშ-ს იმ დროინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნულს ადამიანური შეცდომა უწოდა. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ დასავლეთისთვის სიმართლეს და ობიექტურობას ჩალის ფასი აქვს, მათთვის მთავარი, საკუთარი მიზნების განხორციელება არის, სადაც ტყუილი მიზნის მიღწევის ინსტრუმენტია.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ რამდენიმე დღის უკან გავრცელებული განცხადებაც, ევროკავშირმა გადაწყვიტა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს გადმორიცხვა შეაჩეროს, აღნიშნული თანხა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას გადაეცემა. აღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ევროკავშირი წინასაარჩევნო პერიოდში ქართულ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, დააფინანსებს, პარალელურად კი, ოპოზიციურად განწყობილ მედიას გააძლიერებს. ქართული კანონმდებლობით უცხოელი აქტორების მიერ, პოლიტიკურ პროცესებში ფინანსების კონტრიბუცია კანონით აკრძალული ქმედებაა....

სრული სურათი ყოველდღიურად უფრო მკვეთრი ხდება, სახეზე გვაქვს დასავლეთის, ოპოზიციის, მედიის და არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული მუშაობა, რომელიც არა მმართველი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. ქართველი ხალხის დაკვეთა, მშვიდობა, განვითარება, წინსვლა და პროგრესია, დასავლეთის ინტერესის საგანს კი რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართვა წარმოადგენს, რაც, რა თქმა უნდა, შეუსრულებელ მისიად დარჩება, რადგან ქართველი ხალხის აქტიურობა და ურყევი ნება სახეზეა. ხალხის წინააღმდეგ ჯერ არავის გაუმარჯვია!

amo ხელისუფლებავ ნუ დაუშვებ შეცდომას და ნუ იქნები არჩევნებზე მარტო დასავლეთის დამკვირვებლების შემხედვარე, მოიწვიე თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ირანის, ჩინეთის, სერბების უნგრელების, სლოვაკების და ა, შ. დამკვირვებლები და გაასაჯაროე ეს ინფორმაცია. მოკლედ, მიდექი-მოდექი.
4 თვის უკან