„თუკი ევროკავშირი გვეუბნება, თავდაცვისუნარიანობას არ გაგიძლიერებთო, ე.ი. რუსეთს ეუბნებიან, მიდით, თქვენს ხელშია საქართველო, მე მას არ დავეხმარებიო“

„თუკი ევროკავშირი გვეუბნება, თავდაცვისუნარიანობას არ გაგიძლიერებთო, ე.ი. რუსეთს ეუბნებიან, მიდით, თქვენს ხელშია საქართველო, მე მას არ დავეხმარებიო“

რა მესიჯი გაუგზავნა ევროკავშირმა რუსეთს?-  რომ, მას არ აინტერესებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, არაფრად უღირს საერთაშორისო მისიებში დაღუპულ- დაშავებული ბიჭები და ხელებიც დაუბანია, თუკი რუსეთი აგრესიას გამოხატავს საკუთარი პარტნიორი ქვეყნის- საქართველოს მიმართ.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქართული ჯარის დაფინანსებაზე ხელი აიღო, გაჩნდა კითხვა, გვიღირს კი ისეთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც ასე იოლად ივიწყებს საკუთარ პარტნიორებს?!

კაენის ნიშნად დაგრჩებათ აშშ-ს და ევროკავშირს ქართული ჯარის ღალატი, თქვე შანტაჟისტებო!- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროკავშირის მიერ ქართული ჯარისთვის თანხის გაყინვას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ რამდენი დაჭრილი და დაღუპული გვყავს, 30 მილიონით დასაჯეს საქართველო და ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები? ამ დროს ხომ 30 მილიონი ჩვენმა ერთმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა.

როგორც ირკვევა, ქართულ ჯარს არაფერი დააკლდება და ევროკავშირისგან დაბლოკილი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ, პრემიერის გადაწყვეტილებით, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი 100 000 000 ლარით გაიზრდება.

ევროკავშირის მხრიდან ქართული ჯარისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს გაყინვა საქართველოში ისე გაიგეს, რომ ევროკავშირი ამ ფულით აპირებს ლომჯარიასთვის მოლოტოვის კოქტეილების შეძენას.

რას ნიშნავს, როცა ქართულ ჯარს ეუბნები, 30 მილიონად იარაღს შენ აღარ გიყიდი და ლომჯარიას ვუყიდი მოლოტოვის კოქტეილს, - აცხადებს ხალხის ძალის გენერალური მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

ანალიტიკოსი, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან წინა წლებში ქართული ჯარისთვის თანხების გამოყოფა ფარსის ნაწილია. დაახლოებით ეს იმას ჰგავს, სანქციები რომ დაუწესეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თითქოს მათ შეეზღუდათ შეერთებულ შტატებში შესვლა, ვიზას არ მისცემენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი შეერთებულ შტატებში წავიდა კიდეც, წამოვიდა, დღესაც მიდიან და ეს აღმოჩნდა შეშინების ნახევრად ბავშვური პოლიტიკა.

ლევან ნიკოლეიშვილის აზრით, თანხა თუ ნამდვილად არსებობდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და ახლა გვეუბნებიან, ჩვენ ამ თანხას გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ მოგცემთო, ეს ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ანუ ისინი ფიქრობენ, უმჯობესია დასუსტდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და ეს თანხა მისცენ ანტისახელმწიფო გეგმებში ეჭვმიტანილ არასამთავრობო სექტორს.

ეს მიუთითებს იმ არასერიოზულ მიდგომაზე, რომელიც ჩამოყალიბდა ევროკავშირში. გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტი, რომელიც მიზნობრივად გაწერილია საქართველოს თავდაცვისთვის, შეიძლება შეიცვალოს და გადათამაშდეს სხვაგან. ეს ხომ სისულელეა.თუკი ევროკავშირი გვეუბნება, თავდაცვისუნარიანობას არ გაგიძლიერებთ, სამხედრო სწავლებას არ ჩავატარებთ თქვენთან ერთადო, ე.ი. რუსეთს ეუბნებიან, მიდით, თქვენს ხელშია საქართველო, მე მას არ დავეხმარებიო.

 სწორედ ამის შესახებ ვიძახით, რომ არ გვინდა ასეთი ურთიერთობები, ჩვენ ღირსეული ურთიერთობა გვინდა, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გადახედვა ხელისუფლების პრეროგატივაა, თუმცა საზოგადოებას და ჯანსაღ ძალებსაც თავიანთი სიტყვა ეთქმით ამასთან დაკავშირებით. თუკი ევროკავშირი არ იქცევა ისე, როგორც საჭიროა, ჩვენ არავისთან მოსარიდებელი არაფერი გვაქვს.

ხალხის ძალის წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ქართული ჯარისთვის თანხების გაყინვის გადაწყვეტილების მორალურ- ზნეობრივი ასპექტი აბსოლუტურად მიუღებელია. მით უფრო, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კონგრესმენებმა და სენატორებმა დასვეს ლეგიტიმური საკითხი, რა მოტივაციით დაუტოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ თალიბების მმართველობას, თალიბების მთავრობას ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების ულტრათანამედროვე შეიარაღება, რომლითაც თალიბებმა დახოცეს ადამიანები, მათ შორის, 30-ზე მეტი ჩვენი მებრძოლი ბიჭები, ხოლო ასობით ადამიანი დაასახიჩრეს ავღანეთის საერთაშორისო მისიის შესრულების დროს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკამ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული თალიბების მთავრობა მოამარაგა ათობით მილიარდის ღირებულების შეიარაღებით და, ამავდროულად, თავის პარტნიორ ქვეყანა საქართველოს, რასაც დეკლარირებდნენ წლების განმავლობაში, 30 მილიონ ევროს აყვედრის, თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის გამიზნულ თანხას დავაკონსერვებთო.

ეს აბსოლუტურად ამორალური საქციელია, როდესაც ჩვენი ბიჭების მკვლელებს ასაჩუქრებენ და ამ დროს რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ საქართველოს უარს ეუბნებიან დახმარებაზე. ეს მაშინ, როცა საქართველოს, წესით და რიგით, სჭირდება ყველა ტიპის დახმარება, მათ შორის, სამხედრო ხაზით გაწეული დახმარება, რომ მოსალოდნელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს. ამაზე უარის თქმა არ არის პარტნიორობა, მოკავშირეობა, მეგობრობა, ეს არის ღალატი, - აცხადებს დავით ქართველიშვილი და, შეკითხვის საპასუხოდ, უნდა გადაიხედოს თუ არა ასეთ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რომელმაც ღია მესიჯი გაუგზავნა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ, განმარტავს, რომ ხალხის ძალას არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველო თავისი ფასეულობებით, ღირსებით, სუვერენიტეტის მიმართ ერთგულებით შეუთავსებელია დღევანდელი ევროკავშირის ე.წ. ფასეულობებთან, რომელიც საქართველოში ხედავს მხოლოდ და მხოლოდ აგენტოკრატიულ ურთიერთობებს.

დავით ქართველიშვილის თქმით, ევროკავშირს ფსონი აქვს დადებული ლაქიებზე, მარიონეტებზე, აგენტებზე. დღეს უკვე დაუფარავად, ყველანაირი ფინანსური, პოლიტიკური რესურსით ჩაბმულნი არიან საქართველოს საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ხელისუფლების აყირავება.

ასეთი პოლიტიკის გამტარებელ ევროკავშირთან საქართველოს არანაირი საერთო არ გააჩნია და არც უნდა გააჩნდეს. თუმცა შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს მდგომარეობა თვითონ ევროკავშირის შიგნით დიდხანს გასტანს. ამის თქმის შესაძლებლობას იძლევა ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნები, ასევე, შემოდგომასა და მომავალი წლის გაზაფხულისთვის დაგეგმილი არჩევნები, სადაც ლიბერალური ხელისუფლებების მთლიანად ჩანაცვლების მზაობა თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის ხელისუფლებების სერიოზული დასუსტების მზაობა იკითხება მემარჯვენე პოლიტიკური ოპოზიციური ძალების მხრიდან. მემარჯვენე ძალებს ასეთი ვასალური დამოკიდებულება გლობალური ომის პარტიის მხრიდან არანაირად არ აწყობთ. მათაც სურთ საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტის გამაგრება, დაბრუნება თავის ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებთან. ამიტომ ჩვენ ველოდებით ტრანსფორმაციას, მათ შორის, ევროკავშირის ქრისტიანულ ფესვებთან დაბრუნებას, ასევე, არსობრივ ტრანსფორმაციას ევროკავშირში, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.