რუსეთში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ უკრაინაში მშვიდობა ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ დამყარდეს. ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ საჯარო წერილში ნათქვამია, რომ ტერიტორიების დათმობა იქნება უკრაინის დამოუკიდებლობისთვის გადახდილი „მცირე საფასური“. წერილის ხელმომწერებს შორის არის აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სპეციალისტიც. გზავნილის ავტორები მიიჩნევენ, რომ სერიოზული ესკალაციის გარეშე რუსეთს ვერ აიძულებ, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები დონბასიდან და ყირიმიდან.
„დასავლეთს არ აქვს სურვილი, დათანხმდეს მშვიდობის მოლაპარაკებების გზით მიღწევას და ეს დაფუძნებულია რწმენაზე, რომ ყველაფერი, გარდა უკრაინის სრული გამარჯვებისა, მისცემს საშუალებას პუტინს, წყლიდან მშრალი ამოვიდეს. მაგრამ, ამასთან ერთად, იგნორირებულია ომის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი: უკრაინა იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ამას მიაღწია ისე, როგორც ფინეთმა 1939-40-იან წლებში. ზოგიერთი ტერიტორიული დათმობა შესაძლოა, მცირე საფასურად მოჩანდეს რეალობისთვის, ვიდრე მოჩვენებითი დამოუკიდებლობა“, - ნათქვამია წერილში.
საჯარო წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც გაითვალისწინებს უკრაინისა და რუსეთის ინტერესებს. მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ცეცხლი დროებით შეწყდება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა დაეხმაროს ორი ქვეყნის ლიდერებს, მოლაპარაკებები რეალისტურად და კონსტრუქციულად აწარმოონ.
ბრძოლის ველზე ვითარება მწვავდება. სპეციალისტების შეფასებით, მომდევნო 2-3 თვეში უკრაინაში იმაზე მეტი მსხვერპლი იქნება, ვიდრე უკანასკნელ ნახევარ წელიწადში. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ე.წ. სამშვიდობო მისიით კიევში, მოსკოვსა და პეკინში იმყოფებოდა, არასაჯარო წერილი მისწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რითაც მან უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და დეტალურად წარმოადგინა კრემლის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით.
წერილი, რომელიც 5 ივლისით თარიღდება, გაგზავნილია აზერბაიჯანიდან, სადაც უნგრეთის პრემიერი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. დოკუმენტის ადრესატები არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები. „კრემლში დარწმუნებული არიან, რომ დრო არის არა უკრაინის, არამედ რუსული ძალების მხარეზე“, - ნათქვამია ორბანის წერილში.
უნგრეთის პრემიერის თქმით, პუტინის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები თვეში 40-50 ათასს აღწევს. ამავე დროს, მოსკოვი მზადაა განიხილოს ნებისმიერი წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც არ ემსახურება უკრაინული ძალების ფარულ განლაგებას და გადაჯგუფებას. გამოცემა „Настоящее время“ ასევე იუწყება, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში სამშვიდობო პროცესების დასაწყებად.
„თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ პროცესის (უკრაინის წინააღმდეგ ომი) შეკავებას ან შეჩერებას, მაშინ, უახლოესი ორი თვის განმავლობაში, ჩვენ გავხდებით ფრონტის ხაზზე ისეთი დრამატული დანაკარგების და სამხედრო მოვლენების მოწმეები, როგორიც არასდროს ყოფილა“, - ციტირებს გამოცემა ორბანის წერილს.
მიიღებს თუ არა ოფიციალური კიევი და პირველ რიგში დასავლეთი ვიქტორ ორბანის სამშვიდობო ინიციატივას, უცნობია. თუმცა, უკრაინელი ჟურნალისტები თვლიან, რომ 2024 წელს რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მისთვის, როგორც ბევრი ანალიტიკოსთვის ძნელია მსჯელობა იმის თაობაზე, რატომ დაიწყო ომი და რა ინტერესებით სულდგმულობს ეს ომი. მისი თქმით, ბევრი ვერსია ჩნდება და გაუგებარია, საერთოდ, რა უნდოდა რუსეთს.
„ცხადია, საბჭოთა კავშირს ვერ აღადგენს, ამერიკა რატომ ამარაგებს უკრაინას, აქაც კითხვის ნიშნები ჩნდება იმიტომ რომ, ფაქტია, იარაღით მომარაგება ახანგრძლივებს ამ ომს და გახანგრძლივება ამერიკის ინტერესებში არის. გაჩნდა უამრავი ვერისია, რომ ძველი იარაღის გასაღებასთან არის დაკავშირებული და ა.შ. ვერსიები ბევრია, მაგრამ ცხადი სურათი იმისა, რა ინტერესებზე დგას ომის წარმოება, დღეისთვის ძნელია. მარტო იმის თქმა, რომ პუტინი გამწარდა და ეცა უკრაინას, არ არის საკმარისი, რადგან ფაქტია, რომ მთლიანი უკრაინის დაუფლებისთვის საჭირო ძალები არც დასაწყისში ჰქონდა რუსეთს მობილიზებული და ვერც მერე მოახერხა. ფაქტია, რომ ის უკრაინას ვერ აიღებს და თუ უკრაინას მთლიანობაში ვერ აიღებს, მაშინ რა უნდა, ისევ ლუგანსკის აღებაზეა ლაპარაკი?
იმდენად ბევრი რამე არის ბურუსით მოცული, მხოლოდ ის, რომ პუტინი ბოროტია და შეიჭრა უკრაინაში, არ არის საკამრისი, იმიტომ რომ, არ შეიჭრა იმ ხარსხით, რა ხარისხითაც ის უკრაინას მთლიანობაში დაიმორჩილებდა. ფაქტიც სახეზეა, ვერ იმორჩილებს. ე.ი. დეკლარირებული მიზეზების იქეთ, რაღაცა სხვა მიზეზებიც უნდა არსებობდეს, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის და ამერიკის სინამდვილეში. ანუ, რა ხდება მსოფლიო კაბინეტებში უკრაინის ომთან დაკავშირებით, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ძნელი სათქმელია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, პროცესში სამშვიდობო ინიციატივებით ერთვება ჩინეთი, მაგრამ ჩნდება კითხვა - რეალურად, ჩინეთს აწყობს მშვიდობა?
„რუსეთის დასუსტება აწყობს, იმიტომ რომ, მაშინ მის ტერიტორიებს აიღებს. თუ რუსეთის დასუსტება აწყობს, მისი მშვიდობისმყოფელობა რელურია, თუ დეკორატიული? სავარაუდოა, რომ დეკორატიული. საერთოდ, კითხვის ნიშანი ისმის არა მარტო იმაზე, საერთოდ რატომ დაიწყო ომი, არამედ იმაზეც ვის აწყობს ამ ომის შეწყვეტა. ვინმეს აწყობს ამ ომის შეწყვეტა, მშვიდობა ვინმეს სჭირდება გარდა იმ უბედური ადამიანებისა, რომლებიც გაიწირნენ? აი, ეს არის ბუდოვანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
კოვიდით ხომ ჯანდაცვის ბიზნესი ააყვავეს მსოფლიოში. ეხლაა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აქვს კოლოსალური შემოსავლები.
ვნახოთ, ამ ომის მერე, რომელი სფეროს გამდიდრების რიგი მოვა.