ტურინული გამოცემა: ეს საბა საზონოვის დიდი შანსია, რომ თავისი შესაძლებლობები აჩვენოს

ტურინული გამოცემა: ეს საბა საზონოვის დიდი შანსია, რომ თავისი შესაძლებლობები აჩვენოს

„ტორინოში“ საბა საზონოვს შესაძლოა თავის გამოსაჩენად ძალიან კარგი შანსი მიეცეს. ამის შესახებ Toro.it იტყობინება.

ტურინულ გუნდს ალესანდრო ბონჯორნო, კოფი ჯიჯი, რიკარდო როდრიგესი და მატეო ლოვატო ტოვებენ - ყველა ცენტრალური მცველია. რა თქმა უნდა, ტურინელები აპირებენ ამ პოზიციაზე შევსებას, მაგრამ ჯერჯერობით, ახალწვეულები არ ჰყავთ.

ტურინელებმა სეზონისთვის მზადება დაიწყეს, გუნდთან ერთადაა საბა საზონოვიც, რომელიც ეცდება ახალ მთავარ მწვრთნელს, პაოლო ვანოლის თავი მოაწონოს.

„ბონჯორნო, ჯიჯი, როდრიგესი და ლოვატო - „ტორინომ“ ერთი დარტყმით ოთხი მცველი დაკარგა, რომლებიც ბოლო სეზონში მეტ-ნაკლებად გუნდისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდნენ. ახალ მწვრთნელ პაოლო ვანოლის შეზღუდულ შემადგენლობასთან უწევს მუშაობა. ამ დროისთვის დაცვაში მხოლოდ მაზინა, საზონოვი და ახალგაზრდები, დელავალე და მენდეში არიან, გარდა იმისა, რომ სხუურსი ჯერ 100%-ით მზად არ არის. ამიტომაც, რამდენიმე ფეხბურთელს აქვს თავის გამოჩენის საშუალება, მათ შორის საზონოვსაც, რომელმაც გასულ სეზონში თავი ვერ გამოიჩინა.

ვანოლის პრესეზონის პირველ დღეებში ხუთ მცველთან მუშაობა მოუწევს, საიდანაც ორი პრიმავერას წევრია. ამ კონტექსტიდან გამომდინარე გამორჩეული შანსი შეიძლება მიეცეს საბა საზონოვს, რომელსაც გასულ სეზონში ყველაზე ნაკლებად ჰქონდა დაცვაში დამარწმუნებელი მატჩები. ქართველმა მცველმა მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც პოზიტივი იშვიათი იყო. შესაბამისად, ვანოლისთან მუშაობა შეიძლება მისთვის ბონუსი იყოს. თუ ახალი მცველები გუნდს გვიან შეუერთდებიან, „ტორინოს“ მე-15 ნომერი სეზონის სასტარტო მატჩებში მზად იქნებოდა მოედანზე გასასვლელად, რადგან მწვრთნელთან პირველივე დღიდან მუშაობის უპირატესობა აქვს“, - წერს Toro.it.

აქვე გეტყვით, რომ „ტორინო“ სეზონს 11 აგვისტოს, იტალიის თასზე „კოზენცასთან“ მატჩით დაიწყებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 17 აგვისტოს, გასვლაზე „მილანს“ დაუპირისპირდება.