„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - ამ ევროკავშირ-ევროკავშირისა და ნატო-ნატოს ძახილით ტერიტოროულ მთლიანობას ვშორდებით“

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - ამ ევროკავშირ-ევროკავშირისა და ნატო-ნატოს ძახილით ტერიტოროულ მთლიანობას ვშორდებით“

შეუძლია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის უფლება მისცეს საკუთარ თავს, როცა ფეთქებად კავკასიის რეგიონში მდებარეობს და არა შუაგულ ევროპაში, სადაც უსაფრთხოება გაცილებით მაღალია?! რამდენად გვაპატიებენ დასავლეთის ქვეყნები ნეიტრალიტეტს, როცა დღემდე ვერ მოუნელებიათ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა უკრაინის სასარგებლოდ?!

ნეიტრალიტეტის მიზანშეწონილობის საკითხი მუდამ იდგა საქართველოს წინაშე. სულ ახლახანს ეს თემა კვლავაც გააქტიურდა, რაც საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო შეიქმნა, რომლის დამფუძნებელი წევრებიც არიან ვატო შაქარიშვილი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ბიძინა გიორგობიანი და ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული მოძრაობა ამ ეტაპზე საზოგადოებრივი დატვირთვის იქნება, თუმცა მოძრაობის ზოგიერთი წევრი არ გამორიცხავს, 2028 წლის არჩევნებში პოლიტიკურად გააქტიურდეს.

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრები აპირებენ საზოგადოების გათვითცნობიერებას იმაში, რომ საქართველოს ხსნა ევროკავშირ-ევროკავშირისა და ნატო-ნატოს ძახილით არ მიიღწევა. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის დაშლა 2030 წლისთვის საკმაოდ რეალური სცენარია.

ბოლო 2 წელია, ქართული საზოგადოება იქცა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად, რაც ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. ყველას კარგად მოეხსენება, რა შედეგი მიიღო უკრაინამ მას შემდეგ, რაც უკრაინელი ხალხი 2013 წელს ამავე თემის მძევლად აქციეს, - ნათქვამია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მანიფესტში.

აღნიშნული საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ ევროპის ეკონომიკურ კრიზისს დაერთო მისი ღირებულებითი კრიზისი, რაზეც მეცნიერები ორ ათწლეულზე მეტია აქტიურად საუბრობენ. კერძოდ, უცხო ქვეყნის დავალებით ევროპელებმა კარი გაუხსნეს ტოტალურ მიგრაციას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს ეროვნულ იდენტობას სწრაფად აკარგვინებს. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით ანაცვლებენ ევროპელები მათთვის ტრადიციულ ქრისტიანულ რელიგიას-ქრისტიანობას ლგბტ რელიგიით.

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ აბსოლუტური კი არა, მინიმალური დაცვის მექანიზმიც კი არანაირ გაერთიანებაში არ დევს და არც ნატოს დახმარება შველის უკრაინას, არც ამერიკის და ევროკავშირის დახმარება. ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული მსოფლიო ეხმარება უკრაინას და შედეგი რა არის?! - არაფერი. ამიტომ ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი დაცვის მექანიზმი ეს არის სწორი პოლიტიკა, არგაღიზიანების და ძალით არგამოწვევის პოლიტიკა.

რა სახის საშიშროებაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას დაემუქროს, ამის მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც განხორციელდა მეორე ფრონტზე უარის თქმის დროს. ჩვენ მაშინ გავატარეთ რთული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ სწორი პოლიტიკა და გადავარჩინეთ ქვეყანა, - აცხადებს ნანა კაკაბაძე და შეკითხვის საპასუხოდ, აწყობს თუ არა ე.წ. ცივილიზებულ მსოფლიოს საქართველოს ნეიტრალიტეტი და ვუნდივართ თუ არა ნეიტრალურნი, გვპასუხობს: ჩვენ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც ჩვენ გვაწყობს, თორემ დასავლეთს რაც აწყობს, ეს ჩვენ უკვე დავინახეთ.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილნი და საქართველოს წინააღმდეგ მკაცრად იქცევიან, ნანა კაკაბაძე განმარტავს, რომ მათთანაც მუშაობა იქნება საჭირო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დღეს მნიშვნელოვანია ნეიტრალიტეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავთ სუვერენიტეტს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ამ ევროკავშირ-ევროკავშირის და ნატო-ნატოს ძახილით სულ უფრო შორეულ პერსპექტივაშია. არადა, ტერიტორიული მთლიანობაა ჩვენი ისტორიული უმთავრესი ამოცანა. როგორც ხარს წითელ ნაჭერს, ისე ვუფრიალებთ ჩვენს ვითომც ევროპულობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენსავე თანამემამულეებს, ევროპა კი 32 წელია, არც ფიქრობს ჩვენს მიღებაზე ევროკავშირში, 2030 წლისთვის გვპირდება ამას და 2030 წლისთვის თვითონ სად იქნება ევროპა, კაცმა არ იცის.

უფლებადამცველისვე განმარტებით, ის დაფინანსება, რომელიც საქართველოში მოდიოდა, უმთავრესად ხმარდებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველთა დაფინანსებას. ხოლო დახმარების მეორე ნაწილი, რომელიც ვითომც სახელმწიფო პრიორიტერისთვის მოდიოდა, აზრს კარგავდა, რადგან იმაზე მეტ თანხას ხელისუფლება ხარჯავდა ამ დამანგრეველი ძალის გასანეიტრალებლად. შესაბამისად, არანაირი აზრი არ ჰქონდა ასეთი დაფინანსების გარედან მიღებას.

ნანა კაკაბაძე არ გამორიცხავს ახლადშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს სამომავლოდ, რადგან ამ ორგანიზაციის ცალკეული წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ორგანიზაციად უნდა გადაკეთდეს და 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. პირადად ნანა კაკაბაძეს ასეთი მიზანი არ აქვს.

მთელი ცხოვრება ვარ იქ, სადაც ვარ და არ ვაპირებ რაიმეს შეცვლას, - ამბობს უფლებადამცველი.

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს კიდევ ერთი დამფუძნებელი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნეიტრალიტეტის იდეა კონკრეტულ ადამიანებზე არაა დამოკიდებული, ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული, უბრალოდ, ახლადშექმნილმა მოძრაობამ ეს იდეა გააჟღერა, რადგან ეს ძალიან კარგი გამოსავალია ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის.

ნეიტრალიტეტი იმას გულისხმობს, რომ არც ერთი ქვეყნის ჯარი არ უნდა განთავსდეს საქართველოში - არც რუსეთის, არც დასავლეთის. საქართველომ თავისი ეროვნული ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს, საქართველოს არ უნდა ვინმეს მონა იყოს, ბატონი ჰყავდეს და სურს, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა ღირსეულ პარტნიორობასა და მეგობრობაზე იყოს დამყარებული, ჩვენს ქვეყანას თითის დაქნევით არ უნდა ელაპარაკონ. ბევრი რამ გამოვიარეთ ისტორიულად და ყოველთვის გადავრჩით, მართალია, გარკვეული მსხვერპლის საფასურად, მაგრამ ჩვენი მსხვერპლი უკვე გავიღეთ. არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ნებისმიერი ხელისუფლება საქართველოში და არა რევოლუციური გზით, - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი და არ გამორიცხავს, თუკი თეორიულად რეალური საფუძველი იქნება, შესაძლოა, ევროკავშირზეც უარი ვთქვათ, ოღონდ არ უნდა იყოს ზედაპირული დაპირებები.

ანალიტიკოსის აზრით, უკრაინა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ უკრაინაში ომია, ვაშინგტონში კი ნატოს სამიტი მიმდინარეობს და ასეთ მძმე დროს არავინ არ აწევრიანებს უკრაინას ნატოში. უფრო მეტიც, როგორ დამცინავ, ირონიულ განცხადებას აკეთებენ უკრაინასთან მიმართებით, რომ უკრაინამ თურმე რუსეთი უნდა დაამარცხოს. ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, თუკი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, მაშინ ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, უკრაინას დასჭირდება ნატოში შესვლა, თუ ნატოს დასჭირდება უკრაინაში შესვლა?! არავინ არ საუბრობს მშვიდობის დამყარებაზე, მხოლოდ დახმარების მიცემა-არმიცემაზე ლაპარაკობენ.

ნებისმიერი საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკის ნაწილიცაა. თუკი ჩვენ შევხედავთ, რომ პოლიტიკაში მოსვლის საჭროება არსებობს, შესაძლებელია, ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაიქცეს. ჩვენთვის მთავარია, რეალობა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ღმერთი არის ღმერთი და ვერც ევროკავშირი, ვერც ნატო, ვერც ამერიკა, საფრანგეთი და გერმანია ჩვენი ღმერთი ვერ გახდება, ჩვენ ვიცით, ჩვენი ღმერთი ვინ არის და ჩვენი საფიცარია ჩვენი ქვეყანა, - ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

მერაბ.g კარგია, მეტი ხალხის თვალების ამხელი განცხადება!
7 თვის უკან
ლაზი გაბედეს ბოლოს და ბოლოს რეალურ მდგომარეობაზე სიტყვის თქმა.
არანაირი ნატო და ევროკავშირი ჩვენ არ გველოდება.
ზღაპრებია ეს ყველაფერი და საღორიებელი სატყუარა მასებისათვის.
ჩვენ კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველასთან, ევროპასთანაც და აზიასთანაც.
როგორც უშველეს უკრაინას კი ვხედავთ. ერთი დამარტყმეინეთო იძახის ზელენსკი. ათიც რომ დაარტყას და მთლად ომი მოუგოს რუსეთს, იმ ხალხის გააცოცხლებს? თუ ხალხი მართლა სტატისტიკა ჰგონია ვინმეს. მათ ობლებს, ქვრივებს და ძაძებიან ოჯახის წევრებს რამეს უშველიან?
საქართველო ყოველთვის მოქნილმა პოლიტიკამ გადაარჩინა. ან გონიერად ვიმოქმედებთ, ან ვიღაცის ჭკუაზე გადავიჩეხებით.
7 თვის უკან