პოლიტიკური სანქციების შემდეგ, ფინანსური სანქცია ამჯერად ევროკავშირმა აამოქმედა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუვნილი 30 მილიონი ევრო გაიყინა. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც. კერძოდ, ევროკავშირის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და იცვლება მიმართულება - იზრდება სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერა, რომლებიც პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში „უცხოური გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გამო.
„როდესაც საქმე ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, გაეყინათ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, მისი სახელწოდებაა „ევროპის სამშვიდობო ფონდი“. 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
აშშ-ის და ევროკავშირის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ადასტურებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. ხელისუფლებამ უკვე მიიღო გზავნილი დასავლეთისგან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს დასავლეთი ლეგიტიმურად არ ცნობს და სწორედ ამ გზით შეეცდება პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2014 წელს ევროკავშირი ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს როცა ვერ პოულობდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის მისია ჩაშლას გადაარჩინა. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, საქართველო ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა იყო, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ.
„უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს, საქართველომ ("ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით) 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია, ჩაშლას გადაარჩინა. ჩვენ, ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა, პრეზიდენტის შეფასებით პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ქმედებებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯებით პარტნიორები საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არჩევანი თქვენზეა.
„პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი - არაფრისთვის და არავისთვის საჭირო - რუსული კანონის უკან გაწვევა ან გაყინვა და პირიქით, სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ „მაინც შევალთ ევროკავშირში“ ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე „ორივე ქვეყნის სასარგებლოდ“ ტარდებოდა.
გვეუბნებიან, რომ ეს კანონები არაა მეგობრული ქცევა და თავსებადი ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან! ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას: „რატომაა ეს კანონი რუსული?“ რატომ? და ამიტომ!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ექსპერტების განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროკავშირი თავდაცვის ბიუჯეტს აკლებს თანხებს და მისი გადასროლა ხდება სამოქალაქო სექტორის ბიუჯეტში. ეს აზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ დასავლურ ინტერესებსაც, რომლისთვისაც საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე მნიშვნელოვანი წერტილია.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ერთი მხრივ, ეს არის პოლიტიკური და სამხედრო დივერსიის შედეგი, მეორე მხრივ ეს არის, პრაქტიკულად, უარის თქმა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე.
„იმ განცხდებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რაც გაკეთდა, ეს არის პოლიტიკური ინტერესები იმ სახელმწიფოებისა და იმ გაერთიანებისა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იღებენ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების და სექტორის დასუსტება არის მათი მიზანი და შესაბამისად, ეს გახლავთ თავდაცვისუნარიანობის დონის დაცემა. თუკი ხელისუფლებას ალტერნატიული გზები და საშუალებები არ აქვს მოძებნილი, შედეგობრივად კარგი შედეგი ამას არ უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს კუხალაშვილი.
მისივე შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება, სამხედრო და პოლიტიკური დაზვრევის კუთხით, იყოს ზეწოლის მექანიზმი იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული მიმართულებებით დათმოს პოზიციები.
„საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს არჩევანის გაკეთება. ერთია საერთაშორისო არენაზე ანგარიშვალდებულება და მეორე არის საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება. ორივე შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები იმ რეალური ოპერატიული ვითარების გათვალისწინებით, რომელზედაც წვდომა აქვს მხოლოდ ხელისუფლებას. მას აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა, როგორც ღია წყაროებზე, ისე დახურულ წყაროებაზე. მათი ანალიზი იძლევა უფრო მკვეთრ და ნამდვილ სურათს თუ რა ოპერატიულ ვითარებაში ვიმყოფებით და თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თვლის, რომ ევროკავშირის და პენტაგონის გადაწყვეტილება არის მიზანმიმართული მავნებლობა, რომელიც მათ ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს. მისი თქმით, ქართული ჯარი ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტია, რომელმაც მსოფლიო მშვიდობაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძლიერი ქართული ჯარი არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ის მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის.
„მსოფლიო წესრიგისთვის, სამხედრო მიზნით გამოყოფილი თანხის გაყინვა გაუგონარი მავნებლობა არის. საბედნიეროდ დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ 30 მილიონი დოლარის გაყინვა უმტკივნეულოდ გადავიტანოთ. თვითონ ფაქტი მრავლისმეტყველია და კითხვის ნიშანს აჩენს, გვჭირდება ისეთი „მეგობრები“ რომლებიც საქართველოს დასუსტებას ლამობენ?
კიდევ ერთი უცნაურობა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხა ჯარის ნაცვლად სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას მოხმარდება. რომელი სამოქალაქო სექტორის, რომელიც მმართველ გუნდს ღიად ებრძვის? ადრე თუ ვარაუდის დონეზე ვიცოდით, ახლა ფაქტებით დასტურდება, სამოქალაქო სექტორის დაფინანსების მიზანი ხელისუფლების დასუსტება და ახალი გუნდის გამარჯვებაა, ეს კი ქართულ პოლიტიკაში ჩარევას ნიშნავს, რაც კანონმდებლობით აკრძალულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.
30 წლის წინ, მხოლოდ მახინჯ რუსეთს ვიცნობდით.