პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ის მეოთხედფინალშია, თუმცა ლუზიტანელებს მერვედფინალში სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ უმძიმესი ბრძოლა გადახდა, ბეწვის ხიდზე გაიარა და რომ არა, მეკარის, დიოგო კოშტას ზღაპრული თამაში, ვინძლო, პორტუგალია სახლში წასულიყო, მეოთხედფინალში კი, სლოვენია გასულიყო.
პორტუგალიის ნაკრები სლოვენიასთან წყვილში გამოკვეთილი ფავორიტი იყო. რობერტო მარტინესის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი ორი ტურის შემდეგ გაინაღდა, თუმცა, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებთან 0:2 წააგო. სლოვენიამ ჯგუფში დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევი და ბრძოლისუნარიანი გუნდია, სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულა.
მატიაშ კეკს ძალიან ორგანიზებული გუნდი ჰყავს, რომელიც აშკარა ფავორიტს არ შეუშინდა და ზედიზედ მეოთხედ ითამაშა ფრე. დიახ, მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.
პორტუგალია ფლობდა დიდ სათამაშო უპირატესობას, თუმცა, სლოვენიაც ცდილობდა კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლას და შანსის გამოყენებას, თუმცა 90 წუთში გუნდებს რეალური საგოლე მომენტის შექმნა თითქმის არ გამოუვიდათ.
სამაგიეროდ, დამატებით დროში განვითარდა სიტუაცია დრამატულად. 105-ე წუთზე დიოგო ჟოტამ პენალტი მოიპოვა. ბურთთან კრიშტიანუ რონალდუ მივიდა, რომელიც ევრო 2024-ზე უგოლოდ იყო და შეეძლო, როგორც პირადი ანგარიშის გახსნა, ისე გამარჯვების მომტანი გოლის გატანა.
ნაცნობი და ძველი დუელი შედგა: რონალდუ იან ობლაკის წინააღმდეგ და სლოვენიის ნაკრების კაპიტანმა უბრალოდ შეუდარებლად ითამაშა - კრიშტიანუს უძლიერესი და ძალიან ზუსტი დარტყმა ძელის დახმარებით კუთხურზე მოიგერია! ეს ნამდვილად იყო მატჩის კულმინაცია. გაცუდებული პენალტი რონალდუმ ძალიან მძიმედ მიიღო და იტირა კიდეც.
მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს კი, სლოვენიის ნაკრებმა არანაკლები შანსი მიიღო, ვიდრე პენალტია: პეპემ უხეში შეცდომა დაუშვა და მეკარესთან პირისპირ ბენჟამინ შეშკო დარჩა - „ლაიფციგის“ ნიჭიერ ფორვარდს ყველაფერი ჰქონდა გმირი რომ გამხდარიყო, რაც მთავარია, დრო დარტყმის მოსამზადებლად, მაგრამ საშინლად დაარტყა და მეკარემ აჯობა, დამატებაზე კი, მისმა თანაგუნდელმა დაუცველ კარში საერთოდ ვერ შეძლო დარტყმა.
შედეგად, ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა. სხვათა შორის, ეს იყო პირველი მატჩი ევრო 2024-ზე, რომელშიც დამატებითი დრო და პენალტების სერია გახდა საჭირო.
პენალტების სერია, სადაც უბრალოდ დიოგო კოშტას ბენეფისი იყო! პორტუგალიის ნაკრების მეკარე სამიდან სამი პენალტი მოიგერია და თავისი გუნდი პირადად გაიყვანა მომდევნო ეტაპზე. თავის მხრივ, კრიშტიანუ რონალდუმ, ბრუნო ფერნანდეშმა და ბერნანრდო სილვამ უშეცდომოდ დაარტყეს და 3:0. გავიხსენოთ, რომ კოშტას ჯგუფურ ეტაპზე პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა. საერთოდაც, პორტუგალიამ სლოვენიას რომ აჯობა, მართლა დიოგო კოშტას დამსახურებაა, პენალტების სერიაში გმირობას თავი რომ დავანებოთ, გავიხსენოთ, 116-ე წუთზე შეშკოს პირისპირ აჯობა.
ამრიგად, სლოვენიამ ევრო 2024 მოგების გარეშე, მაგრამ წაუგებლად და ოთხი ფრით დატოვა.
პორტუგალიის ნაკრები კი, მეოთხედფინალში 5 ივლისს, ჰამბურგში, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, ეს იქნება ევრო 2016-ის ფინალის რიმეიქი.