გიორგი მიქაუტაძემ „მეცმა“ გამოისყიდა. „აიაქსის“ ვებგვერდმა ამჯერად ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც დიდი ხნის წინ ისედაც გავრცელებული იყო.
გიორგი ფრანგული გუნდის წევრი 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გახდა, შესაბამისად, ამიერიდან „აიაქსთან“ წარსულის გარდა, არაფერი აკავშირებს. მოგეხსენებათ, ერთი წლის წინ „აიაქსმა“ ქართველი იმავე „მეციდან“ 16 მილიონად შეიძინა, თუმცა, ნიდერლანდურ გუნდში 9 უგოლო მატჩი ჩაატარა.
„მეცში“ გიორგის დაბრუნება შეიძლება ითქვას, რომ ფორმალობაა, რადგან ახლა ფრანგული კლუბი მას სხვაგან გაყიდის. უამრავი გუნდი დაასახელეს, მათ შორის, „ვესტ ჰემიც“, მაგრამ ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ შეთანხმება „მონაკოსთან“ არსებობს, ტრანსფერის ღირებულება სავარაუდოდ, 20 მილიონ ევროს შეადგენს.
გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 14 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ოთხ შეხვედრაში თავი 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.