ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა როდრიმ, რომელიც საქართველოსთან შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს იყო მოთმინების თამაში და გაშვებული გოლის შემდეგ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.
„ყველა მატჩი განსხვავებულია, ეს იყო მოთმინების თამაში, ძალიან ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ თამაშისთვის საჭირო მოთმინება, შემდეგ კონტრშეტევაზე გოლიც გაგვიტანეს. ამან გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა, ბურთს იოლად ვკარგავდით. შემდეგ მაინც მოვახერხეთ ორგანიზებულად თამაში, ტაიმის ბოლოს გოლიც გავიტანეთ. ვფიქრობ, რომ ვაჯობეთ საქართველოს ნაკრებს და დამსახურებულად მოვიგეთ“.
გოლის შემდეგ თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყვნენ, მოთმინება გამოეჩინათ და ნელ-ნელა დავიწყეთ ჩვენი თამაში. მეტოქემ აქ ყოფნა დაიმსახურა, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. მანამდე ვუყურეთ ინგლისის თამაშსაც, რომელსაც ასევე გაუჭირდა გამარჯვება.
ვიცოდით, რომ გარკვეული სივრცეები მეტოქის დაცვაში გამოჩნდებოდა, ძალიან კარგი პასი მივიღე ნიკოსგან, ბურთი მარცხენა ფეხზე გადავიტანე და გამიმართლა, რომ გოლი გავიდა“, - თქვა როდრიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ჩაატარა და ისტორია დაწერა.
ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან წააგო (1:3), შემდეგ ჩეხეთს დაუზავდა (1:1), მერე იყო პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება (2:0), ხოლო მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მარცხი განიცადა (1:4).
გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ 1, ერთი გოლიც ესპანელმა რობინ ლე ნორმანმა ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა. ევრო 2024 სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ესპანეთის ნაკრებთან წაგება ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.