პორტუგალიასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა თქვა, რომ მისმა მოთამაშეებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს:
"როდის მივხვდი, რომ მოვიგეთ? თუ გნებავთ გულწრფელი ვიყო, ეს მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, რადგან ფეხბურთი ასეთია: შეგიძლია ითამაშო შესანიშნავი მატჩი და მერე წააგო ბოლოში. ყოველ წამს ვუყურებდი, ბოლოს ძალიან, ძალიან დიდი სიცარიელე ვიგრძენი...
თავიდან ოცნება იყო კვალიფიკაცია. მერე აქ მოვხვდით და უკვე 1/8 ფინალში გასვლაზე ვოცნებობდით, მაგრამ არ გვეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო. არ ვცდილობდით, გაგვერკვია მატჩის წინ, თუ ვის შევხვდებოდით მოგების შემთხვევაში. იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის კონკრეტულ მატჩზე ვფიქრობთ...
ახლა ესპანეთი მოდის და ვიფიქრობთ ესპანეთზე, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესი გუნდი იყო ჯგუფურ ეტაპზე. პირველივე წუთიდან ვიბრძოლებთ, როგორც ეს წინა მატჩებში გავაკეთეთ... ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მეგონა, რომ კვალიფიკაცია ჩვენი მაქსიმუმი იყო...
კიტეიშვილის დღევანდელი თამაში ორკვირიანი ტრავმის შემდეგ ფანტასტიკური იყო. "შტურმი" ძალიან კარგი გუნდია და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ კიტეიშვილს უპრობლემოდ შეუძლია ევროპის რომელიმე საუკეთესო კლუბში თამაში...
როცა პატარა გუნდი ხარ, იცი, დასაკარგი არაფერი გაქვს, მხრებზე სიმძიმე არ გაწევს... ერთადერთი პასუხისმგებლობა გვქონდა, რომ ქართველი ხალხი გაგვეხარებინა და შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთეთ კიდეც...
მართალი გითხრათ, არ მახსოვს, რა ვუთხარი ფეხბურთელებს თამაშის წინ, მაგრამ მთავარი იყო ჩვენი ფეხბურთის თამაში - იყავით დისციპლინირებულები, როცა ბურთი არ გაქვს და როცა გაქვს, ითამაშეთ ისე, როგორც იცით... გაიხსენეთ, როგორ თამაშობდით 16-17 წლისანი რომ იყავით... დღეს ეს ყველაფერი ბრწყინვალედ გააკეთეს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს", - თქვა ვილი სანიოლმა.